ქეთი დავლიანიძის გამოფენას ბათუმი მასპინძლობს

,,პაწია ოკეანე“ ასე ქვია გამოფენას, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს. 17 ივლისს, აჭარის ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეის საგამოფენო სივრცე ქეთი დავლიანიძის ბოლო ნამუშევრებით შეივსო. მხატვარმა ექსპოზიციაზე არაერთი საინტერესო ნამუშევარი წარმოადგინა, მათ შორისაა ზღვის ფერწერული პეიზაჟები.

,,ბათუმი საინტერესო ქალაქია, თავისი ისტორიითა და დღევანდელობით.  ძალიან მიხარია, რომ ეს ქალაქი ჩემს გამოფენას მასპინძლობს. გახსნაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, მათ შორის იყვნენ ხელოვანები, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ამ დღეებში, ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები გავიცანი. ბათუმში პირველად მაქვს გამოფენა და მინდოდა, რომ დამთვალიერებლისთვის  ის მრავალფეროვნება მეჩვენებინა, რაც ჩემს ხელოვნებაშია. ძალიან მიყვარს სერიებზე მუშაობა, რაღაც ნაწილი ამ გამოფენაზეც წარმოვადგინე“, –აღნიშნა ქეთი დავლიანიძემ.

სახელწოდება ,,პაწია ოკეანე“ ხელოვანმა მწერალ ჯონ სტაინბეკის ბათუმში ყოფნისას წარმოთქმული შეფასებისგან აიღო.

,, როგორც ვიცით, ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტეიბეკმა, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად, 1947 წელს იმოგზაურა. როცა მოგზაური საქართველოს ესტუმრა, ბათუმით მოხიბლულმა მწერალმა შემდეგი სიტყვები დაწერა: “ბათუმელებს შესანიშნავი ჰაერი, ბარაქიანი მიწა და საკუთარი პაწია ოკეანე აქვთ“.  როცა ეს ისტორია წავიკითხე, მაშინვე გამიჩნდა სურვილი გამოფენისთვის ,,პაწია ოკეანე“ დამერქმია“,- ამბობს ქეთი დავლიანიძე.

ქეთი დავლიანიძის შემოქმედება მრავალფეროვანია. მისი ხელოვნების ნიმუშები ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციას, ქანდაკებას, ფოტოგრაფიასა და მულტიმედიას მოიცავს. მხატვრის ნამუშევრები დახვეწილობით, ფერთა პალიტრითა და აბსტრაქტული ექსპრესიონიზმითაა გამორჩეული.

ქეთი დავლიანიძეს არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ხელოვანის ტილოები ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმშია დაცული,  არაერთი ნამუშევარი კი სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში ინახება.

წინ დიდი გეგმები აქვს. აქტიური მუშაობა, გიგანტურ ტილოზე ხატვა, ახალი სერიები და არაერთი საინტერესო გამოფენა. როგორც თავად ხელოვანი ამბობს, საქართველოში გამოფენას ყოველთვის განსაკუთრებული ხიბლი აქვს.

,,უახლოეს პერიოდში, ჩემი ნახატებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვაპირებ მოგზაურობას, შთაბეჭდილების მიღებას, აქტიურ ხატვას, საინტერესო ადამიანების გაცნობასა და მათთვის ჩემი ნახატების გაზიარებას,“- ამბობს ქეთი დავლიანიძე.

აჭარის ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ხელოვანის ნამუშევრები 20 ივლისამდე დარჩება.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი