ბათუმში, ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3“ კალათბურთში მიმდინარეობს. სპორტული ღონისძიება საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების გუნდებს შორის ხორციელდება, მათ შორისაა დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდიც.
თავდაპირველად, ტურნირში 26 გუნდი ასპარეზობდა, მათგან ფინალურ შეხვედრებში დაპირისპირება კი 10 გუნდს მოუწევს. გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირს „3X3“ კალათბურთში უკვე მესამედ ატარებს. ჩემპიონატი 2020 წელს დაარსდა და, მას შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება.

