11 ივნისს, ჩვენი გიო ხუციშვილი წავიდა

2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში, გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ადამიანი, რომელშიც მთელი საქართველო ეტეოდა, განსაკუთრებით უყვარდა ადამიანები და უყვარდა სიყვარული- ასე იცნობენ გიო ხუციშვილს. მომღერალმა სიცოცხლეშივე  დაიმსახურა ყველაზე დიდი ჯილდო- ხალხის   უანგარო  სიყვარული.

გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე, გიო ხუციშვილის ვარკვლავი გაიხსნა. ყველაზე სევდიანი, ტკივილით და ცრემლებით სავსე საღამო იყო, რადგან, ამ დღეს, მომღერალი და მისი გულშემატკივარი ერთმანეთს ემშვიდობებოდა.

,,თბილისი იყო ურთიერთობა“- ასე ერქვა გიო ხუციშვილის შემოქმედებით საღამოს, რომელიც ვარკვლავის გახსნამდე, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მიუხედავად უმძიმესი მდგომარეობისა, მან 20- მდე სიმღერა მაინც შეასრულა. მომღერალმა ამ კონცერტზე უკანასკნელად იმღერა.

გიო ხუციშვილის სურვილით, ვარსკვლავი, წარწერით – „არა მარტო გიო ხუციშვილი, მთელი ჩემი თაობა“, აფხაზეთში დაღუპულ იმ ადამიანებს მიეძღვნა, ვისთან ერთადაც ის 90-იან წლებში იბრძოდა.

,, მინდა ყველა ამ ხალხთან შეხვედრა და მადლობის თქმა ყველაფრისთვის. დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის“,- ასე გადაუხადა მომღერალმა ყველას მადლობა.

,,შეიძლება კარგი მომღერალი იყო, მაგრამ კარგი ადამიანი ვერა  და ხალხს ასე არ უყვარდე. გიო უყვარდა ყველას, მთელ ქვეყანას. კონცერტამდე ორი დღით ადრე, სისხლი გადაუსხეს, რომ კარგად ეგრძნო თავი. კონცერტისთვის მართლაც მოძლიერდა, მობილიზებულიც იყო და ბედნიერიც. გიომ იცოდა , რომ ცუდად იყო და მალე დაგვტოვებდა. ის ამ კონცერტით დაგვემშვიდობა. ჩვენ ვიცოდით, რომ გიოს ვემშვიდობებოდით, ის კი ჩვენ გვემშვიდობებოდა“,- ასე იხსენებს ამ საღამოს დათო ოქიტაშვილი.

,,მისი წასვლით კედელი ჩამომეშალა… ყველაფერი იყო – კარგიც, ცუდიც, სიურპრიზებიც… როგორი მოუსვენარიც იყო, ისე მოუსვენრად ცხოვრობდა სულ. მუდმივად სადღაც ეჩქარებოდა. ახლა ვხვდები, თურმე ასე რატომ ჩქარობდა… როდესაც დაავადებას დიდი შემართებით ებრძოდა, ამბობდა, რომ ამ პერიოდში ბევრი რამ გადავაფასე და ამ ამბიდან რომ გამოვძვრები, შენ ნახე, სულ სხვანაირად ვიცხოვრებთ და სხვანაირად ვიქნებითო“,-ასე გაიხსენა მეუღლემ, მაია ჯორჯაძემ  გიო ხუციშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მომღერალი, სიცოცხლის ბოლო პერიოდში, მძიმე სენს ებრძოდა. ექიმთან ფეხის ტკივილით მივიდა. სამწუხაროდ, გამოკვლევებმა ცუდი დიაგნოზი აჩვენა. იმ დღის შემდეგ, სიმსივნესთან ომში ჩაება. ეგონა, რომ ამ ომს მოიგებდა. ამბობდა, რომ იმდენი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ, იმდენი ადამიანი  მირეკავს და წუხდება ჩემი ავადმყოფობის გამო, უკვე აღარ ვფიქრობ საკუთარ თავზეო.

,, არაერთი რთული, ცხოვრებისეული გამოცდა ჩავაბარე. ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად რთულად გავიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და ახლანდელი ჩემი მდგომარეობაც ასეა – უნდა ვიბრძოლო და გამოცდა ჩავაბარო, სხვა გზა არ მაქვს“,- ამბობდა გიო ხუციშვილი.

სიკვდილთან გამოცდა ვერ ჩააბარა, სამწუხაროდ დამარხდა. როგორც ამბობდა, ცხოვრებაში   იოლად არაფერი მიმიღიაო. სიცოცხლისთვისაც მოუწია ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ვერაგმა დაავადებამ აჯობა.

გიო ხუციშვილი 18 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. არც ფული ჰქონია და არც სამსახური. რთული პერიოდი გამოუვლია. მერე იხსენებდა, რომ ცხოვრებამ მგლური წესები გამომიმუშავაო.

,,ოჯახის სარჩენად სამუშაოს არ ვთაკილობდი. დილის 6 საათზე, პურსაც კი ვაბარებდი სხვა უბნის მაღაზიას, თუმცა, ახალგაზრდობაში შეიძლება შეცდომებიც დავუშვი. ერთხანს ბოჰემურმა ცხოვრებამ გამიტაცა-გიტარა, ქეიფი, გართობა. ჩემი თაობის დიდი ნაწილი დაღუპა ამან-რეალობას გაქცეულები, ნარკოტიკსა და სასმელს მიეძალნენ“,- იხსენებდა მომღერალი.

ყველაფერი დაძლია და, საბოლოოდ, პრობლემებს გაუმკლავდა. მეუღლეც გვერდში დაუდგა. მიუხედავად გიო ხუციშვილის ,,ქარიშხლიანი“ ცხოვრებისა, იგი ყოველთვის მის გვერდით იდგა, სიცოცხლის ბოლო წუთამდე. მაია ჯორჯაძემ მომღერლის ცხოვრებაში უდიდესი როლი ითამაშა. მუდამ ერთად იყვნენ, ერთად უხაროდათ, ერთად სტკიოდათ, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და დიდი სულიერი მეგობრობაც აკავშირებდათ.

გიო ხუციშვილს სიმღერის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო. მაშინაც კი, როდესაც, აფხაზეთის ომში იბრძოდა, როდესაც  რთული ცხოვრება ჰქონდა და ფსიქოლოგიურად ბევრი რაღაცის გადატანაც უწევდა, მაინც მღეროდა. ამ მძიმე მდგომარეობიდან სწორედ მუსიკამ გამოიყვანა. სიმღერაში ბოლომდე იხარჯებოდა. გიო ხუციშვილი ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო. მომღერალი განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ასეთ სიმღერებს.

გიო ხუციშვილმა, სასცენო კარიერის გარდა, ბედი  მსახიობობაშიც სცადა. იგი 10-მდე ფილმშია გადაღებული. მათ შორისაა- ,,სიყვარული ყველას უნდა“, ,, ხარება და გოგია“, ,,თბილისი ჩემი სახლია“ და ა.შ.

წავიდა ჩვენი  გიო ხუციშვილი და დაგვიტოვა არაერთი გულით ნამღერი სიმღერა და დაუვიწყარი მოგონებები. რთული იყო მასთან გამომშვიდობება. სიყვარულით განვლო მთელი ცხოვრება და საქართველომაც ამ სიყვარულით გააცილა.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი