თეატრი, ეს ისაა, რაც აღავსებს ჩვენს ყოველდღიურობას“- კოტე მარჯანიშვილის გზა დიდ თეატრში

,,ყველა ეპოქას აქვს  თავისი თეატრი და თავისი სინამდვილე“.

ეს სიტყვები კოტე მარჯანიშვილს ეკუთვნის. ადამიანს, რომელმაც თეატრის ეპოქა შექმნა და დაგვიტოვა არაერთი საუკეთესო სპექტაკლი და თავისი სახელობის თეატრი.

,,თეატრი ჩემი ერთადერთი შეყვარებულია, რომლისადმიც მე ჭეშმარიტად ერთგული ვიყავი, რომლისთვისაც ჩემ სიცოცხლეში არასოდეს არ მიღალატია და არც ვუღალატებ, ვიდრე სამარის კარამდე არ მიმიტანენ“.

უყვარდა ყველა , ვინც მის გარშემო ტრიალებდა და უყვარდა ყველაფერი, რაც თატრთან იყო დაკავშირებული. ქართული თეატრი წარმოუდგენელი იყო კოტე მარჯანიშვილის გარეშე. მან საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებას. რეჟისორმა, არსებულ ქართულ თეატრალურ ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნა თეატრი, სადაც ანტიკური, კლასიკური და თანამედროვე დრამა თანაბრად იდგმებოდა. იმ პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრი მეოცე საუკუნის თბილისის ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი გახდა. მისი დაარსებიდან 95 წელი გავიდა, თუმცა თეატრი აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

,,თეატრი, ეს ისაა, რაც აღავსებს ჩვენს ყოველდღიურობას. თეატრის ან წარმოდგენის ელემენტები ყოველი ადამიანის სულს ახლავს, რადგან აქტიორობა თეატრის ნამდვილი არსია და ყოველ ჩვენგანში ზის იგი.

თვით თეატრი მხოლოდ მაშინ ხდება ხელოვნება, როდესაც იგი აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებისათვის დამახასიათებელ ორ თვისებას: რიტმსა და ოსტატობას და რადგანაც ყოველი სახის ხელოვნების ( და განსაკუთრებით თეატრის) ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გარდაქმნას წარსული და მომავალი სასიამოვნო აწყმოდ, ესე იგი გარდატეხოს იგი თანამედროვე ეპოქის რიტმით, ნათელია, რომ ყოველ ეპოქას აქვს თავისი თეატრი და თავისი სინამდვილე“,- ამბობდა კოტე მარჯანიშვილი.

თეატრით ჯერ კიდევ თბილისის გიმნაზიის მოწაფეობისას დაინტერესდა. მისი სამსახიობო დებიუტი აკაკი წერეთლის დრამაში ,,პატარა კახი“ შედგა, შემდეგ იყო ლევან ხიმშიაშვილის როლი სახელგანთქმულ პიესაში ,,სამშობლო“, თუმცა სამოყვარულო თეატრი მას გაცილებით ადრე, მშობლიურ ყვარელში ჰქონდა ჩამოყალიბებული. სპექტაკლებში ოჯახის წევრებს ათამაშებდა, მაყურებელი კი კახელი მეზობლები იყვნენ.

,,ჯერ კიდევ გიმნაზიელი, არდადეგების დროს ჩავდიოდი სოფელში და ვდგამდი წარმოდგენებს… ჩემს თეატრში ვიყავი მთავარი მსახიობი და რეჟისორი, დეკორატორი, სუფლიორი და ბუტაფორი… მაყურებლები იყვნენ დარბაისელი კახელი გმირები. როგორ მოსწონდათ ჩემი წარმოდგენები, არ ვიცი.. ერთი კი მახსოვს, რომ მადიანად შეექცეოდნენ გომიჯებს, ვაშლს და ჩურჩხელებს- ჩემ მიერ უხვად გაშლილ ხორაგს“…

კოტე მარჯანიშვილი 1872 წლის 28 მაისს დაიბადა. 1897 წლიდან, რეჟისორი საქართველოდან წავიდა. მისი სარეჟისორო კარიერა 1904 წლიდან დაიწყო. იგი, 25 წლის განმავლობაში, სპექტაკლებს რუსეთის, უკრაინის, ბაქოსა და აზერბაიჯანის თეატრებში დგამდა. ყველგან, სადაც წავიდა, დიდი აღიარება  მოიპოვა.  1922 წელს დაბრუნდა სამშობლოში და  რუსთაველის სცენაზე ლოპე დე ვეგას ,,ცხვრის წყარო“ წარმოადგინა. სპექტაკლი ქართული თეატრისთვის საეტაპო აღმოჩნდა. 1922-1926 წლებში, კოტე მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში არაერთი მნიშვნელოვანი სპექტაკლი დადგა.

 

1926 წელს რეჟისორმა , დასში გაჩენილი უთანხმოების გამო, რუსთაველის თეატრი დატოვა. 1928 წელს, მან თანამოაზრეები მოიკრიბა და, ამავე წელს, სპექტაკლით ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“  საფუძველი ჩაუყარა ახალ ქუთაის-ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. 1930 წელს, წარმატებული გასტროლების შემდეგ, ახლადშექმნილმა თეატრმა ზუბალაშვილების სახალხო სახლში დაიდო ბინა. 1928-1933 წლებში, კოტე მარჯანიშვილმა ათეულობით სპექტაკლი დადგა.

,,იგი მოვიდა ამქვეყნად იმისთვის, რომ მშობლიური თეატრი გარდაექმნა და აეყვანა ისეთ სიმაღლეზე, სადაც ქართული თეატრი, როგორც ერთი მთლიანი ჰარმონიული ორგანიზმი, არასოდეს ასულა. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ახალი თეატრი. მარჯანიშვილის ირგვლივ იკრიბებოდა ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი შემოქმედებითი აზროვნებითა და ნიჭით უნდა ჩამდგარიყო ხალხის ხელოვნებისათვის თავდავიწყებულ სამსახურში. აზრების, გრძნობების ასეთი ერთიანობა ქართული თეატრისთვის აქამდე უცნობი იყო…

ჩვენი სცენა სადღესასწაულოდ მოირთო, აივსო მუსიკის ხმებით, ათამაშდა ათასგვარი ფერებით, სიცოცხლის დამკვიდრება შეიტანა მარჯანიშვილმა ქართულ თეატრში“,- წერდა მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე 1972 წელს რეჟისორის 100 წლის საიუბილეოდ გამოცემულ ალბომში ,,კოტე მარჯანიშვილი“.

ნატო ვაჩნაზე კი შემდეგს იხსნებდა: ,,კოტე მარჯანიშვილის შემოქმედებას ახასიათებდა დიდი გატაცება და აღფრთოვანება… ისე, როგორც არავის, მარჯანიშვილს შეეძლო ადამიანში დაენახა მშვენიერება, შეეძლო ხელოვნებაში გამოეხატა თამაში… მასთან მუშაობა ჩემთვის და ყველა თანამშრომელისთვის  უდიდესი სიამოვნების მომტანი იყო, იგი ფეიერვერკებივით აფრქვევდა თავისი ნიჭიერების ნაპერწკლებს  და ჩვენ რამდენიც შეგვეძლო, ვითვისებდით ამ სიმდიდრეს“.

დიახ, კოტე მარჯანიშვილი მაქსიმალურს დებდა თეატრის განვითარებაში, მსახიობებისგან კი თამაშს ითხობდა. პროცესი იმდენად სასიამოვნო და მრავლისმეტყველი იყო, რომ დასი ყოველთვის ითვალისწინებდა მის რჩევას.

,,თეატრში უნდა გესმოდეს, კინოში უნდა ხედავდე, რეჟისორი, რომელიც თეატრში ვერ ისმენს- რეჟისორი არ არის. რეჟისორი, რომელიც კინოში ვერ ხედავს-კინორეჟისორი არ არის… ასე დამემართა მეც“,- ამბობდა კოტე მარჯანიშვილი.

რეჟისორმა, 1920-იან წლებში, სხვადასხვა ჟანრის 6 მხატვრული ფილმიც გადაიღო. 1933 წელს, იგი მოსკოვის მცირე თეატრში მიიწვიეს, თუმცა დიდხნიანი მოღვაწეობა ვეღარ შეძლო. ამავე წლის 17 აპრილს, კოტე მარჯანიშვილი მოსკოვში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მეორე სახელმწიფო დრამატულ თეატრს კოტე მარჯანიშვილის სახელი ეწოდა.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი