დღეს ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა

ცნობილი ქართველი კინომსახიობი, რომლის სილამაზე საყოველთაოდ არის აღიარებული, ყველასთვის საყვარელი ლიკა ქავჟარაძე დღეს 63 წლის გახდებოდა.

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე

ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს, თბილისში დაიბადა.

ლიკა ქავჟარაძემ კინოში ოცდაათამდე როლი შეასრულა, თუმცა, ყველაზე დიდი აღიარება, რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმმა, “ნატვრის ხემ” მოუტანა, რომელშიც მთავარი გმირი, მარიტა განასახიერა. კინოში პირველად 12 წლისამ შეაბიჯა და იქედან დაიწყო ამ სფეროში მოღვაწეობაც. 5 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა და  ამავე განხრით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.

კინოსტუდია “ქართულ ფილმში” 1972 წელს მიიწვიეს.  გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმ “შადრევანში”. ამას მოჰყვა ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმები, “როცა აყვავდა ნუში” და “მშვენიერი კოსტიუმი”.

ფილმმა “ნატვრის ხემ”​ მსახიობის კარიერაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. თავად ლიკაც აღნიშნავდა, რომ ეს როლი მისი კარიერულ ცხოვრებაში წარუშლელი იყო.


ლიკა ქავჟარაძე მარიტას როლში

“იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხე” მაინც სხვა იყო, მარიტას როლი კი, ცხოვრების ბოლომდე გამყვება”, – ამბობდა ლიკა ქავჟარაძე.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსახიობმა საკუთარი შესაძლებლობები, პოდიუმზეც გამოსცადა. კერძოდ, მოდების სალონ “ირიდაში”, რომლის დამფუძნებელიც აღნიშნავდა, რომ ლიკას სილამაზე სხვა მოდელებს აკომპლექსებდა და მასთან ერთად გამოსვლა, ძალიან უჭირდათ.

ცხოვრების უკანასკნელ წლებში, ლიკა ქავჟარაძე რეჟისორ შოთა კალანდაძის ეროტიკულ ფილმში – “მედუზა გორგონა”, გამოჩნდა. მსახიობის შეფასებით, სასიყვარული სცენები ფილმში ესთეტიკურად არის გადაღებული.


საოჯახო ფოტო

​ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველად სანდრო თაქთაქიშვილზე, რომელთან ცხოვრების პროცესშიც შვილი, ლევანი ეყოლა. 1993-1994 წლებში ოჯახი ამერიკაში გაემგზავრა, სადაც მსახიობის მეუღლე მუშაობდა, თუმცა, ლიკამ ამერიკაში გაჩერება დიდხანს ვერ მოახერხა და ისევ სამშობლოში დაბრუნდა. მეორედ ლევან შანიძესთან იქორწინა, რომელთან დაშორების შემდეგაც, მასთან მეგობრობა გააგრძელა.

2014 წელს მსახიობმა საუბარი საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე დაიწყო. როგორც აღმოჩნდა, ფსიქიკური აშლილობა 24 წლის ასაკში დაუდგინდა, თუმცა, დიაგნოზის კონკრეტული მიზეზი არ გამოკვეთილა.

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქართველი მსახიობი, 2017 წლის 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. უკანასკნელ გზაზე მსახიობი მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა თბილისის ქაშუეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს.

ცხოვრების უკანასკნელ წლებში, ლიკა მარტო ცხოვრობდა.

ავტორი:სალომე ხომასურიძე


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი