დღეს ჰამლეტ გონაშვილს 95 წელი შეუსრულდებოდა
1928 წლის 20 ივნისს, სოფელ ანაგაში, ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა.
სახალხო მოლექსე, მასწავლებელი, ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული, საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ გონაშვილი 25 წლის ასაკში უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. 1953-1969 წლებში, ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი იყო. 1969 წლიდან ანსამბლ ,,რუსთავში“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი გახლდათ. რეპერტუარი მთლიანად მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებსა (მთქმელის პარტიას) და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.
მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია. გონაშვილს გააჩნდა მელოდიის არტიკულაციის უბადლო უნარი, რაც ძალიან კარგად გამოიყენა კომპოზიტორმა იაკობ ბობოხიძემ, როდესაც მან თავისი რამდენიმე შედევრი („მოდი გიამბობ“, „თოვლი“, „მზეო თიბათვისა“) გონაშვილის ხმას მოარგო.
მისი მთავარი მომხიბლაობა განსაკუთრებული და განუმეორებელი იყო. მისთვის დამახასიათებელი, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება გულგრილს არავის ტოვებდა. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც.
ჰამლეტ გონაშვილი, 1985 წლის 25 ივლისს, მშობლიურ სოფელში, ტრაგიკულად დაიღუპა.
მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ, როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.