რეალური პრობლემა თუ აუზის თემით მანიპულირების მცდელობა

თბილისში, სპორტულ ცენტრ “იმედში”, ბავშვების მასობრივად მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

სპორტული ცენტრი “იმედი” რეაბილიტაციის შემდეგ

თბილისში, სპორტულ ცენტრ “იმედში” მასობრივ მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი კახა კალაძე  მიზანმიმართულ და სამარცხვინო ტყუილს უწოდებს. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები საცურაო აუზისა და ბავშვების თემით მანიპულირებას ცდილობენ.

თბილისის მერი დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს სპორტული ცენტრის კონკრეტულ თანამშრომლებსაც და ამბობს, რომ მომხდარს მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

“სპორტული ცენტრის ადმინისტრაციის მოკვლევით, ამ დღეების განმავლობაში, არცერთი ბავშვი არ იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რაც ინტოქსიკაციის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც სპორტულ ცენტრ „იმედს“ ეხება, ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა და მას შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა.

მოქალაქის ინფორმაციით, ვიდეოში ასახულია ბავშვებით სავსე საცურაო აუზში, წყლის ქიმიური დამუშავების პროცესი (კერძოდ, ქლორის დამატება), რის გამოც, რამდენიმე დღის წინ თითქოს, ბავშვებმა და მწვრთნელებმა მიიღეს სხეულის ინტოქსიკაცია.

როგორც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ბავშვების მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩატარდა აუზის წყლის ტესტირება და დამატებით ორი კომპლექსური კვლევა, რომელმაც ქლორისა და ph-ის მაჩვენებლების ნორმებთან შესაბამისობა აჩვენა.

მისივე თქმით, აუზში წლის ქიმიური დამუშავებისთვის გამოიყენება ესპანური წარმოების ქლორი DIASA, რომელსაც შესაბამისი სერტიფიკატები გააჩნია.

“ეს ყველაფერი მიზანმიმართულად დაამთხვიეს ტრაგედიას, რომელიც თავს დაგვატყდა და რომელიც თავზარდამცემი იყო. სპეციალურად მანიპულირებენ აღნიშნული თემით, რომ თითქოს, საცურაო აუზში ქლორი იმ დროს ჩაყარეს, როცა შიგ ბავშვები იმყოფებოდნენ. ამაზე დიდი მავნებლობა რა უნდა იყოს?“, – განაცხადა  დედაქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სპორტულ ცენტრ “იმედში” ათობით ბავშვისა და 2 მწვრთნელის, სავარაუდოდ, ქლორის გადაჭარბებული რაოდენობით მოწამვლის შესახებ.

მშობლები გულგრილობასა და უყურადღებობაში მერიას ადანაშაულებენ, რადგან აუზი მერიის დაქვემდებარებაშია და პასუხისმგებელი პირების გამოვლენას ითხოვენ.

მათი თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრეც დაფიქსირდა და კახი კალაძის უწყებას აუზის სადეზინფექციო საშუალების შეცვლის თხოვნითაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მწვრთნელიც ადასტურებს, რომ მერიამ თანხები დაზოგა და უხარისხო სადეზინფექციო ნივთიერება შეიძინა, რის შესახებაც მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს ირაკლი გვილავას მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

ბრალდებას სპორტული ცენტრის ადმინისტრაციამ უპასუხა. როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, წყლის ქიმიური დამუშავება მხოლოდ ცარიელ აუზში ხდება და გამოიყენება ესპანური წარმოების (მწარმოებელი DIASA) ქლორი, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია.

მათი ინფორმაციით, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, სადაც ასახულია ადმინისტრაციის თანამშრომლის მიერ მოცურავე ბავშვებით დატვირთულ საცურაო აუზში სადეზინფექციო საშუალების გამოყენების პროცესი სიმართლეს არ ასახავს და გავრცელებული ვიდეოკადრები გადაღებულია ზაფხულის პერიოდში, სადაც რეალურად აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცესია ასახული.

მათივე განმარტებით, პერსონალს, რომელიც ჩანს კადრებში, ხელში სინჯარა უჭირავს და წყლით ავსებს.

თბილისის მერია მტკიცებულების სახით ავრცელებს დოკუმენტურ მასალასაც. კერძოდ,  გ.ნათაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დასკვნას, რომელიც 26 ოქტომბრით თარიღდება და რომელსაც ხელს აწერს ინსტიტუტის დირექტორი რეზო კობახიძე.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ ცენტრ „იმედის“ რეაბილიტაცია 2019 წლის ნოემბერში დაიწყო და 2020 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდა. პროექტი ბიუჯეტს 499 449 ლარი დაუჯდა.

ლელა დევდარიანი


“ოცნების” არაფერი მინდა! ქუჩა კი არა, ოქროს ძეგლი რომ დადგან… – რუსუდან შარაძე

მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი სტრასბურგმა დასაშვებად ცნო

პოდკასტი