ისტურიული მოვლენა ქართულ კულტურაში – ოპერა ,,დაისი” მასიმო ბელინის რეპერტუარში დარჩება
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა ,,დაისმა” საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი წარმატება მოიპოვა. მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სამხატვრო საბჭოსა და დირექტორატის გადაწყვეტილებით, ,,დაისი” თეატრის რეპერტუარში დარჩება და მას საოპერო თეატრის სცენაზე რეგულარულად წარმოადგენენ, რაც ქართული ოპერისთვის ისტორიული მოვლენაა.
ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი ოპერა, სიცილიის ქალაქ კატანიაში, მასიმო ბელინის საოპერო თეატრის სცენაზე, ქართველი და იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მონაწილეობით, პირველად დღეს შესრულდა. მათთან ერთად მონაწილეობა ბანმა გიორგი ანდღულაძემ და ქართველმა მოცეკვავეებმა მიიღეს.
„ გენერალური რეპეტიციის შემდეგ, დირექტორატმა გადაწყვიტა, რომ „დაისი“ ბელინის თეატრის რეპერტუარში ჩაესვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერის შემდეგ, იტალიელ და იტალიაში მცხოვრებ ქართველ მაყურებელს ამ ოპერის ნახვის საშუალება კიდევ არაერთხელ ექნება. ეს მართლაც რომ უნიკალური ამბავია, რადგან იტალიაში ძალიან იშვიათია, უცხოური სპექტაკლი თეატრის რეპერტუარში ჩასვან, მით უმეტეს, რომ პრემიერა ჯერ არ შემდგარა. ქართული კულტურისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული მოვლენა“ – აღნიშნა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ.
ოპერაზე, მასიმო ბელინისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრებმა, ერთობლივად იმუშავეს. პროექტის ავტორი ბადრი მაისურაძეა, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე, დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, განათების დიზაინის ავტორი კი დავით მაჭავარიანი. სცენოგრაფიაზე, განათებასა და კოსტიუმებზე გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.