ის, რაც ჯერ არასდროს ექსპონირებულა – ხელოვნების სასახლე მასშტაბურ გამოფენაზე გელოდებათ

დღეს, ხელოვნების სასახლე საინტერესო და მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლებს. პირველად, კულტურის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ქართული ხალხური და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ვერცხლისა და ტექსტილის უნიკალური კოლექციები გამოიფინება. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს  ვერცხლის ძვირფასი ყარყარები, აზარფეშები, თასები, ბადიები, სურები, კულები, ყანწები, უძველესი ხალიჩები, ქართული ხელნაწერების გაფორმებები და სხვა საინტერესო ექსპონატი დახვდება.  ექსპოზიციას, ასევე, იული სტრაუმეს მიერ შექმნილი 30-მდე ესკიზი და ჩანახატი შეავსებს.

აღნიშნული ნივთები  XIX საუკუნის ვერცხლის დამუშავების თბილისურ სკოლას მიეკუთვნება. დედაქალაქის საოქრომჭედლო საამქროებში XVIII ს-ის ბოლოდან მზადდებოდა ვერცხლის ნივთები. ორიგინალურ ფორმებთან ერთად, აქ ვხვდებით მასალისა და ლითონის მხატვრული გაფორმების სხვადასხვა ტექნოლოგიის სინთეზს, რასაც ვერცხლის ჭურჭლის მორთულობაში მეტი მრავალფეროვნება შემოაქვს.

რამდენიმე ძვირფასი ნივთის ისტორიას უფრო ახლოს გაგაცნობთ.

 

ვერცხლის ბადია

ვერცხლის ბადია-  ხელოვნების სასახლეში დაცულია ცნობილი ოსტატის, დავით მამულაშვილის მიერ 1888 წელს შესრულებული თასი, რომელიც ძირითადად ქორწილებსა და დიდ დღესასწაულებზე, როგორც განსხვავებული სასმისი, ისე გამოიყენებოდა. ვერცხლის თასის ცენტრში წარმოდგენილია მამაკაცის ფიგურა კასრით, ხელში დოქითა და ყანწით. მსგავსი გამოსახულებები ძალიან ხშირად გვხვდება XIX ს-ის ვერცხლის ჭურჭელზე, რაც მათ საღვინე ფუნქციას უსვამს ხაზს. ცენტრალური მედალიონის გარშემო ექვსი ისტორიული პირია წარმოდგენილი: თამარ მეფე, შოთა რუსთაველი, ერეკლე II, გიორგი სააკაძე, კონსტანტინე დადეშქელიანი და იმამ შამილი.

 

ქართული ხალიჩა- ხელოვნების სასახლეში დაცული ეს ხალიჩური ნაწარმი შუა და გვიან შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშებიდან აღებული ორნამენტებით, კომპოზიციებითა და ფერთა გამითაა შექმნილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხალიჩის გამორჩეული კოლექცია. თემატიკა ცვალებადია, მათი დანიშნულებიდან გამომდინარე, მაგრამ მათ აერთიანებთ ეროვნული, ქართული ხელოვნების ნიმუშებისთვის დამახასიათებელი თბილი ფერთა გამა და მაღალი ესთეტიური გემოვნება.

 

კულა

კულა კაკლის ხისგან დამზადებული ღვინის სასმისია. ეს ჭურჭელი ორი თვალსაზრისითაა საინტერესო. აქ ჩანს ქართველი ოსტატების მაღალი ხელოვნება, არა მარტო ლითონის, არამედ ხის დამუშავების საქმეში. ერთი მათგანი შემკულია სევადით შექმნილი მცენარეული დეკორითა და შვლის ნუკრის გამოსახულებით, ხოლო მეორე გამშვენებულია ზედნადები გრეხილური ტექნიკით შექმნილი დეკორით. ექსპონატები დაცულია ხელოვნების სასახლეში. აღნიშნული ღვინის ჭურჭელი ხელოვნების სასახლეში პირველად იქნება ექსპონირებული.

 

იული სტრაუმეს ესკიზები

რაც შეეხება მხატვარ იული სტრაუმეს , იგი წარმოშობით ლატვიელი, ცნობილი შტიგლიცის ხელოვნების სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ.  1907 წელს, კავკასიის კუსტარული კომიტეტის მოწვევით, იგი  საქართველოში  ჩამოვიდა და მუშაობა დაიწყო, როგორც მოწვეულმა მხატვარმა. მასთან ერთად მოღვაწეობდნენ სხვა ხელოვანებიც. ისინი კომიტეტთან არსებულ სამხატვრო-ექსპერიმენტული სახელოსნოებისთვის ქმნიდნენ ესკიზებს, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ექსპედიციებში მოპოვებული ნიმუშების მიხედვით. ეს ხელს უწყობდა ქართულ ეროვნულ კულტურაში ძველი ტრადიციების შენარჩუნებასა და ხელოვნების ნიმუშების პოპულარიზაციას.

იული სტრაუმეს ჩანახატები

უნიკალური საგანძურის ნახვა დამთვალიერებელს 16.00 საათიდან შეეძლება.

 

იხილეთ ფოტო კოლაჟი:

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი