,,მუსიკა მისი ხელებიდან მოედინება“- ასე შეაფასა საზოგადოებამ გივი მუნჯიშვილი

კონსერვატორიის ემერიტუსი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სახალხო არტისტი, გამოჩენილი მუსიკოსი და დირიჟორი, ლოტბარი, პედაგოგი და თელავის საპატიო მოქალაქე – ეს გივი მუნჯიშვილია, ადამიანი, რომელმაც კლასიკური მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა.

მუსიკოსი, 1937 წელს, თელავში დაიბადა. 1962 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო  ფაკულტეტი, 1970 წელს კი მოსკოვის კონსერვატორიის საოპერო-სიმფონიური დირიჟორობის ფაკულტეტი დაამთავრა.

გივი მუნჯიშვილი იყო თბილისის მე-10 სამუსიკო გუნდისა და კონსევატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პედაგოგი, მთავარ ქორმეისტერად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ულან- ბატორის საოპერო თეატრში კი მთავარი ქორმაისტერი გახლდათ. მუსიკოსი, წლების განმავლობაში,  კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო კათედრის პროფესორი, 32 წლის მანძილზე კი საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი იყო. გივი მუნჯიშვილს გამოცემული აქვს ქართული საგუნდო მუსიკის სამი გიგანტური ფირფიტა და 3 კომპაქტური დისკი.

სახალხო არტისტი ბავშვობიდან მღეროდა. პატარაობიდან ოცნებობდა მომღერლობაზე, თუმცა, 16 წლამდე მუსიკალური განათლება არასდროს მიუღია. როდესაც ქორმაისტერმა გიორგი ხახანაშვილმა  მისი ხმა მოისმინა, გადაწყდა, რომ ნიჭიერთა ათწლედში, ვოკალურ განყოფილებაზე ჩაებარებინა. ხმის სიძლიერის გამო დაიწუნეს, თუმცა მუსიკოსი საგუნდო-სადირიჟორო განყოფილებაზე ჩარიცხეს. გივი მუნჯიშვილმა 17 წლის ასაკში შეისწავლა ნოტები და კონსერვატორიაში ჩააბარა. მეორე კურსის სტუდენტი უკვე მე-10 სამუსიკო სკოლის უფროსკლასელთა გაერთიანებულ გუნდს ხელმძღვანელობდა.

1970 წელს რეჟისორმა გია ჭუბაბრიამ დოკუმენტური ფილმი ,,ჩუქურთმა“ გადაიღო.  ფილმში აღიბეჭდა მუსიკოსის მუშაობა ,,შენ ხარ ვენახზე“. აღნიშნული გუნდით, გივი მუნჯიშვილმა საქართველოს ბავშვთა აკადემიურ საგუნდო ტრადიციების დანერგვაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მუსიკოსმა, წლების განმავლობაში, მრავალი თაობა აღზარდა და დღესაც აქტიურ ცხოვრებას აგრძელებს.

როდესაც გივი მუნჯიშვილისა და იოსებ კეჭაყმაძის შემოქმედებითი გზები გადაიკვეთა, ეს კიდევ სხვა ხარისხი იყო ქართულ მუსიკაში. როგორც ამბობენ, მუსიკის ზეიმი იყოო. მუსიკოსი კომპოზიტორის ახალ ნაწარმოებებს სცენაზე აცოცხლებდა და  მსმენელის გულამდე ისე მიჰქონდა. მერე იმასაც ამბობდნენ, რომ მუსიკა მისი ხელებიდან მოედინებაო. საზოგადოება ერთხმად აღიარებდა მის ნიჭიერებას.

ნაყოფიერი აღმოჩნდა მუსიკოსის 2 წლიანი მოღვაწეობა მონღოლეთშიც. იქ ყოფნისას, მან   ,,ოტელო“ , ,,რიგოლეტო“  და არაერთი ნაწარმოები დადგა. გივი მუნჯიშვილი მონღოლებს  სულხან ნასიძის, იოსებ კეჭაყმაძისა და გია ყანჩელის ნაწარმოებებს აცნობდა. როდესაც საქართველოში ბრუნდებოდა, მონღოლებმა ქართული სიმღერით ,,სულიკოთი“ გამოაცილეს.

შემდეგ იყო ორი მაესტროს შემოქმედებითი გადაკვეთა. წლების განმავლობაში, გივი მუნჯიშვილისა და ჯანსუღ კახიძის თანამშრომლობით, არაერთი საინტერესო კონცერტი იმართებოდა.

მუსიკოსის სახელს უკავშირდება მისივე კლასის სტუდენტებისგან შემქნილი ,,ახალგაზრდა კამერული გუნდის“ ჩამოყალიბება. 1976 წლის 16 იანვარს,  გუნდის მიერ გამართული კონცერტი წარუშლელ მოგონებად დარჩა საზოგადოებისთვის. გივი მუნჯიშვილმა ამ კონცერტზე კეჭაყმაძის ხუთი პარაფრაზი საგუნდო ციკლიდან ,,ძველი თბილისის სიმღერები“ შესანიშნავად შეასრულა.

2022 წლის 12 ნოემბერს, მაესტროს, თელავის  სახელმწიფო დრამატულ თეატრში, მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.

გივი მუნჯიშვილი 86 წლის არის. სულ ფიქრობს , რომ უფრო მეტი შეეძლო, თუმცა, სინამდვილეში,   დრო და ენერგია არასდროს არ დაუშურებია, ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებდა. მისი მთავარი მიზანი და სურვილი ქართული მუსიკის აღორძინება იყო. დღესაც მუსიკით ცოცხლობს და იმ ადამიანების სიყვარულით, რომლებიც მის გარშემო მრავლად არიან.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი