ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წელი გავიდა

დღეს გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის დამაარსებლის, ევგენი მიქელაძის დაბადებიდან 120 წელი გავიდა.

ევგენი მიქელაძის მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართული მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში, ეროვნული საორკესტრო საშემსრულებლო მანერის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

დირიჟორმა, 1928 წელს,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო-თეორიული განყოფილებიდან სწავლა პეტერბურგის კონსერვატორიაში, სადირიჟორო კლასში განაგრძო. 1931 წელს, პეტერბურგის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს. 1933 წლიდან ამავე თეატრის მთავარი დირიჟორი იყო, 1937 წლიდან კი – სამხატვრო ხელმძღვანელი.

ევგენი მიქელაძის სახელს უკავშირდება დამოუკიდებელი სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შექმნა. 1933 წელს, მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, ორკესტრს ოფიციალურად ეწოდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი.

დირიჟორის ხანმოკლე შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში, ოპერის თეატრში დაიდგა 20-მდე სპექტაკლი, მათ შორის: ვერდის „აიდა“, „ტრუბადური“, „ოტელო“, პუჩინის „ტოსკა“, სენ–სანსის „სამსონი და დალილა“ და სხვა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ორკესტრი ძალიან სწრაფად გახდა ერთ–ერთი საუკეთესო. მან საქართველოში პირველად ააჟღერა კლასიკური სიმფონიური რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები. ევგენი მიქელაძემ მოიპოვა დიდი ავტორიტეტი და მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოსების მაღალი შეფასება. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული სადირიჟორო ხელოვნების განვითარებაში.

ევგენი მიქელაძის წყალობით, საქართველოში სიმფონიური მუსიკის პოპულარობამ არნახულ მასშტაბს მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით გამართულმა საკონცერტო სეზონებმა საგასტროლოდ მოიზიდა ევროპაში სახელგანთქმული მუსიკოსები.

დირიჟორის მოღვაწეობამ ძლიერი ბიძგი მისცა ეროვნული სიმფონიური მუსიკის განვითარებასაც. მის რეპერტუარში იყო როგორც მსოფლიოს კლასიკური მუსიკის შედევრები, ასევე ქართული პროფესიული მუსიკალური ნაწარმოებები. 1936 წელს, მისი ხელმძღვანელობით  პირველი ქართული ბალეტი – ანდრია ბალანჩივაძის „მზეჭაბუკი“ დაიდგა.

დიდი ქართველი დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წელს, 34 წლის ასაკში, სხვა მრავალ ქართველ მამულიშვილთან ერთად, საბჭოთა კავშირში განხორციელებული სასტიკი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

1994 წელს, საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ევგენი მიქელაძის სახელი მიენიჭა.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი