,,ღიმილის ბიჭი“ ქართულ პოეზიაში – ვინ იყო ქართველი პოეტი, რომელსაც ,,მთის ნიავს“ ეძახდნენ

,,ქართულ პოეზიას ჰყავს თავისი ,,ღიმილის ბიჭი“-გრიგოლ მეგრელიშვილი, ფსევდონიმით მთის ნიავი“,- ასე იხსენებენ ქართველ პოეტს, რომლის სიცოცხლეც 21 წლის ასაკში შეწყდა.

მისი სახელი მალე დავიწყებას მიეცა. საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ შემოქმედს ნაკლებად იცნობდნენ. ახალგაზრდა პოეტის შემოქმედების გაცნობა მას შემდეგ დაიწყეს, როცა გიორგი ლეონიძემ კომუნისტებისგან ტაბუდადებული გრიგოლ  მეგრელიშვილის საზოგადოებისთვის გაცნობა პოეტის მშობლიური მხარიდან დაიწყო.

გრიგოლ მეგრელიშვილი, 1898 წელს, გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ფარცხმაში დაიბადა. 1918 წელს, ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ პატრიოტული სულისკვეთებით სავსე პოეტი, იმავე წელს, მოხალისედ წავიდა ფრონტზე. სამშობლოს მსვერპლად უნდა შევეწიროო, უთქვამს ქვეყნის დასაცავად წასულ პოეტს. ბათუმთან თურქებს ებრძოდა, იმერეთში და საჩხერეში- ოსებს, ჯიქეთში კი დენიკინის რუს ბანდიტებს. ბოლოს  მესხეთი იყო. 1919 წლის 30 იანვარი საბედისწერო აღმოჩნდა სულით მებრძოლი ახალგაზრდისთვის. ფოცხოვში იცავდა საქართველოს, როდესაც 21 წლის მოკლეს.

გრიგოლ მეგრელიშვილი ლექსებს პატარა ასაკიდან წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა. პოეტმა, ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, საინტერესო პოეტური მემკვიდრეობა დატოვა, სადაც მკაფიოდ ჩანს ქართული რომანტიზმი, მებრძოლი სული და ქვეყნის სიყვარული.

,,…მიყვარს, როცა გაზაფხულზე დედამიწა იქარგება

და შაშვისა სევდით სტვენა ღრუბელთ შორის იკარგება…

მიყვარს ბაღი, სად ყვავილი დააკმევენ გუნდრუკ სურნელს,

წყარო როცა ჩამჩურჩულებს ყოფნის ზღაპარს საამურ-ნელს,

მიყვარს ოხვრა, როცა დარდი გულს პირ-ბარსა ეკალს ასობს,

მიყვარს ღამე საოცნებო, მაშინ ლტოლვა ერთი ასობს…

მიყვარს ტანჯვა-სილამაზე, და თუ შენს წინ ლოცვად ვსდგები,

შენ არ გეტრფი, როგორც ქალსა, მე სიტურფეს ვემონები!“

ნიკო კეცხოველი და გრიგოლ მეგრელიშვილი

პოეტის შესახებ აღფრთოვანებით წერდნენ შალვა კარმელი, გიორგი ლეონიძე და სხვანი. ვალერიან გაფრინდაშვილს მისთვის ,,რითმის კაჟი და არგონავტი“ უწოდებია, ნიკო კეცხოველი კი იგონებდა, რომ პოეტი  ლექსს უჩვეულოდ იყო დაუფლებულიო. წერდა მეტისმეტად ადვილად და მსუბუქად, შეეძლო საკლასო შრომაც კი ლექსად დაეწერაო.

,,ერთხელ საკლასო შრომა ,,ვეფხისტყაოსნის ქალები“ შოთას ლექსით დაწერა, შოთას რითმა კი არსად უხმარია. ჩვენმა მასწავლებელმა პეტრე მირიანაშვილმა ისღა უთხრა, შენ მოყოლით უნდა დაგეწერა, მაგრამ ესეც კარგიაო. განსაკუთრებით მაჯამის ჯადოქარი იყო“,- იხსენებდა ნიკო კეცხოველი.

გიორგი ლეონიძე კი ,,მთის ნიავს“ ასე იგონებდა:

,,1914 წელს, ის გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში  და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ყველა მასწავლებლის საყვარელი მოწაფე იყო. ახლაც მახსოვს მისი ღიმილიანი სახე: ჟღალ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები, ზედ ჩიტები დასხდებოდნენ. რბილი, ცოცხალი, კეთილშობილი ჭაბუკი იყო და დიდად მგრძნობიარე. გამოირჩეოდა, როგორც დაფიქრებული, მრავალმხრივ განათლებული მკითხველი. მალე ჩვენი საუკეთესო იმედი გახდა“.

გიორგი ლეონიძის თქმით, გრიგოლ მეგრელიშვილის პოეზია აზრის სიმწიფით გამოირჩეოდა. მისი მოქნილი სტრიქონი, მუსიკალური ლექსი, კარგი გამართული ქართული სანაქებო იყო. მას ჰქონდა მშვენიერი ლირიკული და პატრიოტული ლექსები და პოემები.

,, ჩემი აზრით, ამ პოეტში მშვენივრად თავსდებოდა ნაზი ლირიკოსიც და ტემპერამენტიანი ტრიბუნაც, რომელიც, 1918 წელს, სამშობლოს ძნელბედობით შეწუხებული ასე ღაღადებდა:

,,ჩვენ ჩვენის ხელით დავიჭრით ყელებს,

თუ ჩვენთვის დღესაც აღარ გათენდება“.

გრიგოლ მეგრელიშვილმა სიცოცხლეში პოემები: ,,შუქურვარსკვლავი“, ,,იოანე ნათლისმცემელი და სალომე“, ,,გალაათიდე“,  და ,,ქებათაქება“ გამოაქვეყნა.

ამ ზაფხულს, ეგნატე ნინოშვილის საიუბილეო დღეებში, ჩემდა სასირცხვილოდ, პირველად ვესტუმრე გურიას. გურიის სილამაზემ ჩემი ყრმა მეგობარი მომაგონა. ვიხსენებდი მის ამბებს, ვუკითხავდი გურულებს მის ლექსებს, მაგრამ გრიგოლის სახელი აღარავის ახსოვდა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ არაფერი იცოდა მის შესახებ. გამოირკვა, რომ მის მშობელ ჩოხატაურში  ცოტა რამ იცოდნენ მასზე. ისიც დავადგინე, რომ მისი საფლავიც დაკარგული იყო. მეწყინა მეტად“,- იგონებდა გიორგი ლეონიძე.

ამ მოგონებიდან ასევე ვიგებთ, რომ პოეტი მეორედ საგანგებოდ ჩასულა ჩოხატაურში და მაშინდელი რაიკომის მდივნის დახმარებით, გრიგოლ მეგრელიშვილის უძეგლო და უნიშნო  საფლავისთვის მიუგნია, მისი თხოვნით, საფლავიც გაუწმენდიათ და, ორი კვირის შემდეგ, სამარესთვის რკინის მესერიც შემოუვლიათ. პოეტი,მეგობრებთან ერთად, ჩოხატაურში რამდენჯერმე ჩასულა, ადგილობრივებისთვის გრიგოლ მეგრელიშვილის ცხოვრება  უფრო ახლოს გაუცნია და მისი მასალის შეგროვება დაუწყია. გიორგი ლეონიძემ დიდი როლი შეასრულა უდროოდ დაკარგული პოეტის ლექსების გადარჩენაში.  შემდეგ, ეს მასალა განსაკუთრებით დაეხმარა ენათმეცნიერს, პროფესორ გრივერ ფარულავას, რომელსაც ახალგაზრდა პოეტის პოეზიის გაცოცხლებაში დიდი წვლილი  მიუძღვის. დაგვიანებით, მაგრამ გრიგოლ მეგრელიშვილის ლექსებმა დღის სინათლე მაინც ნახეს.

გრივერ ფარულავას ნათესაური კავშირი აკავშირებდა გრიგოლ მეგრელიშვილთან. პროფესორი, პოეტის შესახებ, სხვადასხვა საინტერესო ისტორიებს ბავშვობიდან ისმენდა. ასპირანტურის გამოცდებისთვის ემზადებოდა, როდესაც ,,ლიტერატურულ გაზეთში“ გიორგი ლეონიძის წერილს წააწყდა, სადაც გრიგოლ მეგრელიშვილს იხსენებდა. მეორე გამოცემაში უკვე ნიკო კეცხოველის ,,განუწყვეტელი მოლოდინი“ დახვდა, ისევ ახალგაზრდა პოეტის შესახებ. აქედან იწყება გრივერ ფარულავას დიდი დაინტერესება და მონდომება, აღედგინა დიდი მამულიშვილის სახელი და, მისი ღვაწლის უკვდავსაყოფად, გრიგოლ მეგრელიშვილის პოეზიის გაცოცხლებას შეუდგა.

გრივერ ფარულავამ გამოსცა წიგნი, სახელწოდებით ,,გედის მდინარე“, სადაც წარმოდგენილია  პოეტის ნაცნობ-მეგობართა წერილები, მოგონებები და ნარკვევები, პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

,,ნეტავ იმ ჭაბუკს, ვინც მტრის მკერდში ხმალს აამგოსნებს,

სატრფოს მაგიერ ვნებით ჰკოცნის ტყვიებს ჯადოსნებს,

ლაჟვარდ ძარღვებში უჩქეფს სისხლი ლალ-მეწამული…

მაშ… ბედაური!..მსურს ავენთო ამაყი ჟინით,

მტრის რჩეულ რაინდთ თავს ვესხმოდე მშხამავ ყიჟინით,

რომ ვერვინ მკადროს: ,,საყვარელი მომეც მამული“.

,,მთის ნიავში ტიროდა საუკეთესო გრძნობები ახალგაზრდა მამულიშვილისა, სამშობლოს სიყვარული მოითხოვდა მისგან გმირობას“,- წერდა შალვა კარმელი.

გრიგოლ მეგრელიშვილი და ვახტანგ კალაძე. ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექცია.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი