29 ივნისი რეზო გაბრიაძის დღეა- ხელოვანი 87 წლის გახდებოდა
,, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ჩემი ცხოვრების ერთ პატარა კუნძულზე ვტრიალებ. ეს ქალაქი ქუთაისია.
იქ სულ 17 წელი ვიცხოვრე, მერე კი წავედი სამყაროში სახეტიალოდ. მაგრამ, მაშინაც კი,
როდესაც პარიზზე ვწერ, მაინც ქუთაისზე დაწერილი გამომდის“.
ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი, მოქანდაქე და თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო გაბრიაძე, 1936 წლის 29 ივნისს, ქუთაისში დაიბადა. როგორც თავად ამბობს, ქუთაისში მხოლოდ 17 წელი იცხოვრა, თუმცა ეს ადგილი მისთვის სიცოცხლის ბოლომდე განსაკუთრებულ ემოციებთან ასოცირდებოდა. ქალაქზე ყოველთვის ბევრს წერდა, იქ მოსმენილ ამბებს კი სხვადასხვა სიუჟეტში აცოცხლებდა.
რეზო გაბრიაძის შემოქმედებითი ცხოვრება საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი იყო. მან, როგორც რეჟისორმა, დიდი კვალი დატოვა ქართულ კინოში. იგი 35-ზე მეტი ფილმის შექმნაში მონაწილეობდა. მისი სცენარით გადაღებულია ისეთი მხატვრული ფილმები, როგორიცაა: ,,არაჩვეულებრივი გამოფენა“, ,,სერენადა“, ,,არ დაიდარდო“, ,,ქვევრი“, ,,ფეოლა“, ,,შერეკილები“, ,,მიმინო“ და სხვა. ფილმებზე მუშაობისას, რეჟისორი ხშირად კომპოზიტორ გია ყანჩელთან თანამშრომლობდა.
რაც შეეხება მის მხატვრობას, ხელოვანის ნამუშევრები გამოფენილი იყო გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში. დღეს, მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. ხელოვანი 50- ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა.
1981 წელს, რეზო გაბრიაძემ ,თბილისში, მარიონეტების თეატრი დააარსა. თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო.
რეზო გაბრიაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი თავად გახლდათ. თეატრმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უდიდეს წარმატებას მიაღწია. რეჟისორი, სიღრმისეული ამბების მოსათხრობად ფერად თოჯინებს იყენებდა.
2010 წელს, მისი პროექტითა და უშუალო მონაწილეობით, თბილისში, მარიონეტების თეატრის გვერდით, უნიკალური საათის კოშკი აშენდა. კოშკის ფასადი მხატვარმა თავად მოხატა.
რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა: საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და არაერთი სხვა.
რეზო გაბრიაძე 2021 წლის 6 ივნისს გარდაიცვალა.
ლიკა მაჩხანელი