პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო- რეგულირების სააგენტო კლინიკების შემოწმებას გაფრთხილების გარეშე შეძლებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტულ და სამედიცინო დაწესებულებებში შესვლა ნებისმიერ დროს, გაფრთხილებისა და სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე შეეძლება. გარდა ამისა, მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს ნებართვის გარეშე, წლის განმავლობაში 3-ჯერ შევიდეს  დაწესებულებებში.

ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რაც მას საშუალებას აძლევს, შეტყობინების გარეშე,  განახორციელოს ინსპექტირება პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში. შედეგად, მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება, რეალურ დროში, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და, შესაბამისად, აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებებიც იყოს მაქსიმალურად ობიექტური და დროული. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია.

„პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს, პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. ეს ხელს შეუწყობს როგორც სამედიცინო პერსონალს, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკურ გამოსავლებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებები მიზნად ისახავს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის, ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მანდატის გაზრდით, რეგულირების სააგენტო შეძლებს სამედიცინო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებასა და მათ დროულ შესწავლას, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან.

პროექტის ფარგლებში, ასევე ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიისა და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, განისაზღვრა მისი აპელირების შესაძლებლობა, სასამართლოს როლი და ზეპირი განხილვის შესაძლებლობა კლინიკებისთვის.


„ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები ზურაბ აზარაშვილმა მოინახულა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

გახდება თუ არა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო

შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის, უახლესი CGM სისტემებისა და მათ გამოსაყენებლად, სმარტფონების უფასოდ გაცემა დაიწყო

პოდკასტი