,,ზაფხულის ფერები“ გალერეა ,,ოპიზარის“ ექსპოზიციას შეავსებს
8 ივლისს, გალერეა ,,ოპიზარი“ საზაფხულო გამოფენას ,,ზაფხულის ფერები“ უმასპინძლებს. საგამოფენო სივრცეში მხატვარ- დეკორატორ მეგი გვენეტაძისა და მისი შემოქმედებითი სახელოსნოს ხატვის მოყვარულთა ჯგუფის 130- მდე ნამუშევარი გამოიფინება. ხელოვანის სახელოსნოს ჯგუფს ის ქალბატონები წარმოადგენენ, რომლებმაც ზრდასრულ ასაკში ოცნება აიხდინეს და ხატვის შესწავლა დაიწყეს. სწორედ ამიტომ, თითოეული მათგანისთვის დამთვალიერებლის შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.
გამოფენასთან დაკავშირებით, მედია სააგენტო ,,24“- მა ხელოვან მეგი გვენეტაძესთან ინტერვიუ ჩაწერა.
- მეგი, გამოფენაში მონაწილეობას თქვენი შემოქმედებითი სახელოსნოს ხატვის მოყვარულთა ჯგუფი იღებს. ეს მათთვის პირველი გამოფენაა?
- დიახ, მათ პირველად უნდა წარადგინონ ნამუშევრები საზოგადოების წინაშე, ამიტომ ძალიან გვაინტერესებს, რამდენად დიდ ყურადღებასა და მოწონებას დაიმსახურებს ნამუშევრები, დამთვალიერებლის მხრიდან. ჩვენ სახელოსნოში მეგობრული და შემოქმედებითი გარემოა. არიან მოსწავლეები, რომლებიც ხატვაზე მეხუთე წელია დადიან ჩემთან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი ნამუშევრები არ ჩამოუვარდება პროფესიონალ მხატვრების ნამუშევრებს.
- გამოფენამდე ორი დღე დარჩა. როგორია მათი ემოციები? რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს გამოფენა?
- ამ წუთებში, ჩვენს შემოქმედებით სახელოსნოში დიდი აჟიოტაჟი და მზადებაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვემზადოთ, რადგან თითოეულმა მათგანმა საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს მათთვის პირველი გამოფენაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერმა წარმატებით ჩაიაროს.
- მათ ნამუშევრებთან ერთად, თქვენი ნამუშევრებიც გამოიფინება. თქვენ თავად რა ნამუშევრებს წარმოადგენთ ექსპოზიციაზე?
- გაკვეთილების ჩატარებას დიდი დრო და ენერგია მიაქვს, ამიტომ ამ გამოფენაზე მხოლოდ დეკორატიულ სარკეებსა და ჩემი ნახატების რეპროდუქციებს წარმოვადგენ.
- ხშირად აწყობთ ჯგუფურ გამოფენას თქვენ მოსწავლეებთან ერთად?
- პანდემიამდე წელიწადში ერთხელ მაინც ვაწყობდი. ახლა ამას სისტემატიური ხასიათი ექნება. იმდენად კარგი ნამუშევრები იქმნება, რომ ეს საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს.
- როდის გაჩნდა იდეა, თქვენი ცოდნა სხვისთვისაც გაგეზიარებინათ?
- 13 წლის წინ, როცა ინტენსიური ხატვა დავიწყე, ჩემმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მოთხოვნიდან გამომდინარე, დავიწყე ამ უჩვეულო და საინტერესო ტექნიკის სხვისთვისაც სწავლება. ძირითადად, ვამეცადინებ დილეტანტ მოსწავლეებს. მათთვის ჩამოვაყალიბე სპეციალური პროგრამა, რაც ორივე მხარეს გვიადვილებს მუშაობას. ეს დიდ მონდომებას, შესაძლებლობასა და ნებისყოფას მოითხოვს.
- ძირითადად, რა მიმართულებით მიდის სწავლება?
- ხატვის და მოხატვის კურსი 9-10 თვეს მოიცავს, თუმცა მოკლევადიანი მოხატვის კურსებიც არსებობს. მე ვარ მხატვარ-დეკორატორი და, შესაბამისად, ვასწავლი დეკორატიულ გრაფიკას, რომელიც ემსახურება ინტერიერის გალამაზებას. ძალიან მომწონს ძველი ნივთების გაცოცხლება. ამჟამად, ჩემ ტექნიკას ზრდასრულ ქალბატონებს ვასწავლი და ვმუშაობ მოხატვაზე.
- როცა შედეგს ხედავთ, რა ემოციებს აღძრავს ეს თქვენში?
- მე ვთვლი, რომ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებ. ვერთობით, ვსწავლობთ და ჩვენ საქმიანობას ახლა უკვე კომერციული დატვირთვაც ექნება, რაც უფრო სახალისოს გახდის მუშაობას.
- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია, აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე და და თქვენი ცოდნა სხვასაც გაუზიაროთ?
- ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩემი ყოველდღიურობაა და ამის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა და ჩემი უსაყვარლესი სახელოსნო, სადაც ვმეცადინეობთ და განსაკუთრებით მიყვარს ჩემი არტ-სალონი. ეს არის ადგილი, სადაც ვხატავ და თან ხდება ჩემი ნამუშევრების რეალიზება.
მხატვარ- დეკორატორი მეგი გვენეტაძე და მისი შემოქმედებითი სახელოსნოს ხატვის მოყვარულთა ჯგუფი გალერეა ,,ოპიზარში“ დამთვალიერებელს, 8 ივლისს, 5 საათიდან ელოდება. ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 10 ივლისამდე დარჩება. 9 ივლისს კი, მეგი გვენეტაძე, 13.00-დან 17.00 საათამდე, ღია გაკვეთილს ჩაატარებს, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება.
ლიკა მაჩხანელი