გამოფენა ,,ფიქრი ფერით“ ედმონდ კალანდაძის 100 წლისთავს მიეძღვნა
საქართველოს სახალხო მხატვარს, ედმონდ კალანდაძეს, 4 მაისს, 100 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე დღეა, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა მხატვრისადმი მიძღვნილ გამოფენას „ფიქრი ფერით“ მასპინძლობს. საგამოფენო სივრცეში ხელოვანის 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი გამოიფინა. ექსპოზიციაზე, მის ცნობილ ტილოებთან ერთად, ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა. ეს არის ტილოები, რომლებიც ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას, ედმონდ კალანდაძის ხელოვნების თაყვანისმცემლები და ახალგაზრდები, გამორჩეული ფერმწერის უნიკალურ ხელოვნებას ეზიარონ. გამოფენა „ფიქრი ფერით“ ედმონდ კალანდაძის შემოქმედების რეტროსპექტივას წარმოადგენს.
ედმონდ კალანდაძე, 1923 წლის 4 მაისს, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. 1955 წლიდან, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში. ედმონდ კალანდაძე, 1957 წლიდან, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, 1972-86 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1991-1992 წლებში კი საქართველოს კულტურის მინისტრი იყო. 1986 წელს,ხელოვანი საქართველოს სამუზეუმო გაერთიანებასთან არსებულ სახვითი ხელოვნების თეორიისა და პრაქტიკის სინთეზის სახელოსნოს ხელმძღვანელობდა.
ცნობილმა მხატვარმა და პედაგოგმა ედმონდ კალანდაძემ განსხვავებული მხატვრული ხედვა და შემოქმედებითი თავისუფლება მოღვაწეობის საწყის ეტაპზევე გამოავლინა. ის XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა გამორჩეული თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია და ქართული ფერწერის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.
ედმონდ კალანდაძე მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო. მან, თავის თანამოაზრეებთან ერთად, ცხადი გახადა ყოფიერების აღქმისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების განახლების აუცილებლობა, შეითვისა კლასიკური თუ თანამედროვე ფერწერის მთავარი მიღწევები და საკუთარი უნიკალური სტილი შექმნა, განსაკუთრებული სამყარო, რომელიც, პირველ რიგში, ფერთან ასოცირდება. სწორედ ფერი იყო მისი სამეტყველო ენა, ძიებისა და ემოციების გამოსახვის საშუალება.
ედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავად მრავალფეროვანია, მას შექმნილი აქვს ათასობით ნახატი, პეიზაჟი, პორტრეტი და ნატურმორტი.
შემოქმედის ჟღერადი და ნათელი ხელოვნება არის სიყვარულის ჰიმნი საკუთარი სამშობლოსადმი, ერთ-ერთი ბრწყინვალე გვერდი საქართველოს ხელოვნების ისტორიაში.
ედმონდ კალანდაძის ნამუშევრების გამოფენები ეწყობოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი ტილოები დაცულია სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ედმონდ კალანდაძის საიუბილეო კატალოგი დამზადდება, რომლის პრეზენტაციაც შემოდგომაზე გაიმართება.
გამოფენა 7 ივლისს გაიხსნა და 5 აგვისტომდე გაგრძელდება.
ლიკა მაჩხანელი