ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

საფრანგეთში მდებარე ქართული მამულის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზა საგარეო საქმეთა სამინისტრომ განახორციელა. 2021 წლის 27 ივნისს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლევილის მამულის მართვა კულტურის სამინისტროს გადააბარა. ამჟამად, კულტურის სამინისტროს დაკვეთით, ლევილის მამულში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, მამულის ბაზაზე ლევილის ქართული აკადემია, სამუზეუმო  და საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე (ქართული ოდა,ვენახი, ქვევრი)  მოეწყობა. შესაბამისად, საქართველო ევროპაში  მრავალპროფილურ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს-აკადემიას შეიძენს, სადაც საქართველოს კულტურული, სამეცნიერო და დიასპორული პროექტებისა და პროგრამების რეალიზება იქნება შესაძლებელი. მამულის აღდგენას საქართველოს მთავრობა 2026 წლამდე დაასრულებს.

პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული ლევილის მამული საქართველოს დევნილი მთავრობის წარმომადგენლებმა – ნოე ჟორდანიამ, ნოე რამიშვილმა, ევგენი გეგეჭკორმა, ნოე ხომერიკმა, აკაკი ჩხენკელმა, კონსტანტინე კანდელაკმა, ექვთიმე თაყაიშვილმა და სამსონ ფირცხალავამ, სახელმწიფო სახსრებით, 1922 წელს შეიძინეს. მათი სურვილი იყო მამული ლტოლვილ ქართველთა თავშესაფრი ყოფილიყო. გათვალისწინებული იყო ამ ქონების საქართველოსთვის გადაცემის პირობებიც. მათ „მორალურ ანდერძში“ დაზუსტებული ჰქონდათ, რომ შატო ლევილი საქართველოს უნდა დაბრუნებოდა მაშინ, როცა ის დამოუკიდებელი გახდებოდა.

ძველებური გალავნით შემოღობილ ლევილის მამულში  ლუდოვიკო XIII სტილში აშენებული ორსართულიანი სახლი დგას, ეზოში კი  საუკუნოვანი ცაცხვების ხეივანი, ბაღი და ბოსტანია გაშენებული. სახლის პირველ სართულზე  დიდი სალონი მდებარეობს, რომლის კედლებსაც  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტები ამშვენებდა. აქვე ინახებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის დედანი, რომელიც 1918 წლის 26 მაისით არის დათარიღებული.

ლევილის მამული საქართველოს საკუთრებად ოფიციალურად 2016 წელს აღიარეს. გადაწყეტილება მამულის მმართველი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. ლევილის მამულის გადმოცემის თაობაზე, საფრანგეთის მთავრობასთან მოლაპარაკებები 1991 წლიდან მიმდინარეობდა.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

XVII-XVIII საუკუნეების ძვირფასი ქართული ენქერი საქართველოს დაუბრუნდა

ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება

პოდკასტი