კომპოზიტორი, რომელიც სიცოცხლეშივე აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად – რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 102 წელი გავიდა
“არიან შემოქმედნი, რომელთა შემდეგ არაფერი რჩება; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ კვალს; არიან შემოქმედნი, რომლებიც ტოვებენ გზას… ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერი, რასაც რევაზ ლაღიძის მაღალი ნიჭის მადლი შეეხო, წარმოადგენს გზას, რომელიც უსასრულოა”.
ეს სიტყვები გია ყანჩელს ეკუთვნის და, ვფიქრობ, კომპოზიტორმა სრული სიზუსტით შეაფასა რევაზ ლაღიძის ნიჭიერება. ნამდვილად, ეს იყო ადამიანი, დიდი შემოქმედი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას არაერთი უკვდავი მელოდია და სიმღერა დაუტოვა. რევაზ ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორი იყო. იგი წერდა ოპერებს, მუსიკალურ კომედიებს, სიმფონიურ მუსიკას, საგუნდო სიმღერებს, წერდა სპექტაკლებისთვისა და კინოფილმებისთვის, მუშაობდა სიმღერის ჟანრშიც და ამ ყველაფერში შეუდარებელი იყო.
რევაზ ლაღიძე, 1921 წლის 10 ივლისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში დაიბადა. კომპოზიტორი ჯერ კიდევ კონსერვატორიაში სწავლობდა, როცა სიმფონიური მინიატურა-შედევრი ,,საჭიდაო“ შექმნა. ანდრია ბალანჩივაძისთვის მიუტანია და როიალზე შეუსრულებია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადო მოღვაწე მკაცრი შეფასებით გამოირჩეოდა, რევაზ ლაღიძის ,,საჭიდაო“ ძალიან მოსწონებია. შემდეგ დირიჟორი ოდისეი დიმიტრიადი წერდა, რომ რევაზ ლაღიძის ,,საჭიდაო“ ცეცხლოვანი ნაწარმოები და ჩემი საშემსრულებლო რეპერტუარის უცვლელი ნომერიაო. ის სხვადასხვა ქვეყნაში ყოველთვის ბისზე სრულდებოდა.
,,სიმღერა ნოტებით არასდროს მისწავლია. ნოტით ვერ ისწავლი ხალხურ სიმღერას. ბევრი უნდა იწანწალო, უნდა შეგესოს შენი მიწა-წყლის ეკალი“,- ამბობდა რევაზ ლაღიძე.
კომპოზიტორს ნადირობა და თევზაობა განსაკუთრებით ჰყვარებია. ბუნებაში ხშირად გადიოდა, უკან დაბრუნებული კი შედევრებს წერდა და დასრულებულ ნაწარმოებებს ახლობლებს და მეზობლებს პომპეზურად წარუდგენდა.
1981 წლის 16 ოქტომბერი იყო. კომპოზიტორს მეუღლისთვის გალაკტიონის ,,დაიძინე“ წაუკითხავს. სადღაც, შორეულ სივრცეში იყურებოდა და თვალებზე ცრემლები ჰქონია მომდგარი. რევაზ ლაღიძემ მეორე დღეს ვეღარ გაიღვიძა. ასე გამოემშვიდობა თავის სიყვარულს დიდი შემოქმედი. კომპოზიტორმა მხოლოდ 60 წელი იცხოვრა, თუმცა არაერთი დაუვიწყარი ნაწარმოები დაგვიტოვა.
მისი გარდაცვალების შემდეგ, მეუღლე თავის მოგონებებში წერდა: “რეზო არასდროს იყო ჩემთვის განცალკევებული, როგორც მეუღლე და როგორც გამოჩენილი კომპოზიტორი. ის იყო რაინდი, შემოქმედი, მონადირე, მებადური, თამადა, სპეტაკი, გულისხმიერი, ხან ბობოქარი, ხან ბავშვივით გულუბრყვილო, ნაზი… ძალიან უყვარდა ოჯახი, ტკბებოდა შვილებითა და შვილიშვილებით, მათთან ყოველთვის სახეგაბრწყინებული და ბედნიერი იყო, ესიყვარულებოდა და ანებივრებდა მათ.
ვერ იტანდა სიმარტოვეს. ბედნიერი იყო ადამიანთა გარემოცვაში. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, დილიდან უკვე წკრიალებდა ტელეფონის ზარი. რეკავდა ნაცნობი თუ უცნობი, სთხოვდნენ დახმარებას. მას უარის თქმა არ სჩვეოდა“.
რევაზ ლაღიძე იყო ადამიანი, რომელსაც ქართული მუსიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნდა. კომპოზიტორი სიცოცხლეშივე აღიარეს ქართული სიმღერის კლასიკოსად.
ლიკა მაჩხანელი