არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდში მდებარე არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტის განხორციელება კვლავ განაგრძო. მღვიმის უსაფრთხოების დადგენის მიზნით, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ და სპელეოლოგიურ კვლევებს ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების ადმინისტრაციის ექსპერტები ახორციელებენ. მღვიმეზე დაკვირვება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმეს, საკუთარი ეკოტურისტული პოტენციალით, შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და, შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე ზედაცარცულ შრეებიან კირქვებშია გამომუშავებული. სამიარუსიან, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია, რომელთა შორის „ნონას დარბაზი“, „სალონი“, „ნანას დარბაზი“, „უნივერსიტეტი-50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები გამოირჩევა, მღვიმიდან გამომავალი მდინარიდან კი საქართველოში ყველაზე მაღალი- 234 მ სიმაღლის ტობის ჩანჩქერი ჩანს.
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე მდიდარია ჰემოგენური ნალექებით. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. გვხვდება სტალაქტიტები, სტალაგმიტები, და სვეტები, მექანიკური ნალექებიდან ნგრევის ადგილობრივი მასალა კი ლოდები და ალუვიონია.
არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, შიგნით სამოგზაუროდ კი რეზინის ნავია საჭირო.
არსენ ოქროჯანაშვილი ქართველი სპელეოლოგი გახლდათ, რომელიც, 1965 წელს, მღვიმის გამოკვლევის დროს, ტრაგიკულად დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ, 2019 წელს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ჩეხეთის მთავრობას შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითარებისა და მისი პოტენციალის შესწავლის მიზნით, პარტნიორმა ქვეყანამ 500 000 ევროს ოდენობით გრანტი გამოყო. პროექტის განხორციელება პანდემიის გამო დროებით შეჩერდა, მიმდინარე წელს კი, დაცული ტერიტორიების სააგენტომ პროექტზე მუშაობა აქტიურად განაახლა.