ვის ეკუთვნის სალოტბარო სკოლების იდეა, სადაც სწავლება სრულიად უფასოა

ანზორ ერქომაიშვილი ამბობდა, თუ გვინდა ქართული სიმღერა და, ზოგადად, ხალხური შემოქმედება გადავარჩინოთ, ის ბავშვებს უნდა ვასწავლოთო. ამ აზრის ჭეშმარიტება დაადასტურა  ,,მართვეს“, ,,ბიჭების“, ,,ამერ-იმერის“, ,,მძლევარის“, ,,ერქვანის“, ,,საგალობლის“ და სხვა საბავშვო ანსამბლების შემოქმედებამ და მათმა როლმა, ბოლო ათწლეულების ფოლკლორული მოძრაობის ისტორიაში. სალოტბარო სკოლების იდეაც სწორედ ამ პრინციპს ეყრდნობა. სალოტბარო სკოლებში ქართული ხალხური სიმღერა, ტრადიციული საეკლესიო გალობა და ხალხური ცეკვა ბავშვთა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეისწავლება.

სალოტბარო სკოლების გახსნის იდეა სწორედ დიდ ქართველ მოღვაწეს, ლოტბარსა და კომპოზიტორს, ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. მისი იდეა,  2015 წელს, საქართველოს ფოლკლორი ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით  განხორციელდა. სხვადასხვა რეგიონში, ფოლკლორის ცენტრის რეგიონული წარმომადგენლობები-სკოლები დაფუძნდა. სალოტბარო სკოლების მთავარი მიზანია, ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგი აღორძინდეს და მომავალ თაობებს ჩვენი ეროვნული კულტურული საგანძური გადაეცეს. პროექტის ფარგლებში, იმ რეგიონებში, სადაც, რომელიმე დარგში, ოსტატები აღარ არიან, ფოლკლორის ცენტრმა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები თბილისიდან მიავლინა. დღეისათვის, ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც ახალგაზრდები ქართულ გალობას, საკრავებზე დაკვრასა და ხალხურ სიმღერას  უფასოდ ეუფლებიან.

სხვადასხვა რეგიონებს შორის, 2019 წელს, სალოტბარო სკოლა ხონის მუნიციპალიტეტშიც გაიხსნა. ამჟამად, სალოტბარო სკოლაში  30 მოსწავლეა ჩარიცხული, რომლებიც ქართულ ტრადიციულ გალობასა და ხალხურ სიმღერას  სრულიად უსასყიდლოდ სწავლობენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სალოტბარო სკოლებში ვიზიტს აქტიურად განაგრძობს. ამჯერად, თეა წულუკიანი   ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხონის სალოტბარო სკოლას ესტუმრა და სალოტბარო სკოლის ლოტბარ-რეგენტ დავით კახიძესა და სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებას გაეცნო. მინისტრმა დავით კახიძეს, გაწეული საქმიანობისა და რეგიონში ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და ამ დარგის განვითარებაა.

როგორც ცნობილია, წლის ბოლომდე, ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება და მათი საჭიროებების გაცნობაა დაგეგმილი.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი