,,ის აქ არის“- ვაჟა აზარაშვილი 87 წლის გახდა

,,სიმღერის მეტი ქონება მე მართლა არ გამაჩნია, მაგრამ, მაინც მდიდრად მივიჩნევ ჩემ თავს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაყურებლის ტაში და გულწრფელი სიყვარულია. ეს ძალას მმატებს“.

,,ის აქ არის“- პეტრე გრუზინსკის ეს სიტყვები, რომელზეც შემდეგ გია ყანჩელმა მუსიკა შექმნა, თითქოს მისი ცხოვრების თანმდევი გახდა. ვინც ვაჟა აზარაშვილს ერთხელ მაინც შეხვედრია, ყველამ იცის, რომ მისალმებას აუცილებლად  ამ სიტყვებს მოაყოლებს. მე პირადად, არ მახსოვს არცერთი შეხვედრა ამის გარეშე. საოცარი სანახავია  დიდი მუსიკოსი, როგორი ბედნიერი და ღიმილიანი სახით ამბობს -,,ის აქ არის“,  თითქოს თვალებიც კი სხვანაირად უციმციმებს ამ დროს. ყოველი მასთან შეხვედრა განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან ვაჟა აზარაშვილი არის ადამიანი, რომელიც საოცარი სითბოთი და თავმდაბლობით გამოირჩევა. დიახ, ის ნამდვილად აქ არის, ჩვენთან და ჩვენს გულებში. დღეს, ამ საყვარელი ადამიანის, უდიდესი შემოქმედის, ქართველი მუსიკოსის, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის დღეა. ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს 87 წელი შეუსრულდა.

ვაჟა აზარაშვილმა მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. 1961 წლიდან, მუსიკოსი, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.

ვაჟა აზარაშვილის შემოქმედება  მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. კომპოზიტორის მუსიკა სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული, მიუზიკლისა და საესტრადო ჟანრისგან შედგება.

1969 წელს, კომპოზიტორმა ჩელოსა და კამერული ორკესტრისათვის კონცერტი შექმნა. ნაწარმოები იმ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა, რომელმაც წარმატებით გაიჟღერა როგორც ქართულ, ასევე ევროპულ საკონცერტო დარბაზებში. 70-იანი წლებიდან, მუსიკოსმა შემოქმედების ჟანრული სფერო გააფართოვა, საბალეტო ჟანრს კი 80-იანი წლებიდან მიმართა.

90-იან წლებში, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად, კომპოზიტორი საკმაოდ ნაყოფიერ შემოქმედებით მოღვაწეობას განაგრძობდა. ამ პერიოდში შეიქმნა სუიტა „ძველი თბილისის სურათები“, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი „პოეტის აღსარება“, „ფანტაზია ძველი თბილისის თემებზე“, რამდენიმე ციკლი ფორტეპიანოსათვის, ვოკალური ციკლი ანა კალანდაძის ლექსებზე და სხვა.

რაც შეეხება საესტრადო მუსიკას, მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის მანძილზე, ვაჟა აზარაშვილი ამ სფეროში ნაყოფიერად მუშაობდა. ფართო მსმენელმა კომპოზიტორი  მელოდიური, გემოვნებიანი, ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერების გამო შეიყვარა. მის სიმღერებს ყველაზე ცნობილი მომღერლები ასრულებენ და, რაც მთავარია, ეს სიმღერები ხალხმა ზეპირად იცის , რაც მისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა. იგი  250-მდე საესტრადო სიმღერის ავტორია, მათ შორისაა: „დინამო, დინამო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ხევსურული ბალადა“, „ისევ წვიმს“, ,,გზები, გზები“, ,,დღეები მიდიან“, ,,მზე ჩემი მეგობარია“,  და სხვა. მუსიკოსმა თბილისსაც არაერთი დაუვიწყარი სიმღერა აჩუქა.

კითხვაზე, რომელია მისი გამორჩეული სიმღერები, კომპოზიტორი ერთ-ერთ ინტერვიუში ასე პასუხობს:

 ,,ალბათ ბევრი ასეთი სიმღერა ნანი ბრეგვაძისთვის მაქვს დაწერილი. მისთვის დავწერე ,,ისევ წვიმს“ და ,,დღეები მიდიან“. ,,სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“ უეცრად, მანქანაში დავწერე, მერე ამ სიმღერასაც ნანი ბრეგვაძე ,,ორერასთან“ ერთად მღეროდა და ის ძალიან პოპულარული გახდა. ანსამბლ ,,ორერას“ დავუწერე ,,ხევსურული ბალადა“, რომელიც ასევე პოპულარული იყო. თითქმის ყველა მღეროდა ჩემ სიმღერებს: ,, პატარა გოგო და პატარა მთაწმინდა“, ,,დამშრალ ნაკადულს“. ეთერ კაკულიას 15 სიმღერა დავუწერე, რომლებიც, ასევე, ყველამ შეიყვარა და ასე შემდეგ“.

რაც შეეხება სიმღერას ,,დინამო, დინამო“,  მუსიკოსი მისი დაწერის ისტორიას ასე იხსენებს:

,,ჩემი რამდენიმე სიმღერა სხვადასხვა სიტუაციაში ექსპრომტად დაიწერა. მაგალითად, ,,დინამო, დინამო“ დიდმა სიხარულმა დამაწერინა. ეს გამოწვეული იყო თბილისის ,,დინამოს“ მიერ, როცა ისტორიული გამარჯვებით, პირველად მოვიპოვეთ სსრ კავშირის თასი. სიხარულით გამოწვეული  ემოციის გამო, დილის 5 საათამდე ვერ დავიძინე. ადგილს ვერ ვპოულობდი და ბოლოს სამზარეულოში, ფორტეპიანოს გარეშე, ზეპირად გადავიტანე ჩანაფიქრი ნოტებზე. მეორე დღეს სასწრაფოდ გავეშურე პოეტ მორის ფოცხიშვილთან, რომელმაც, ასევე, ოპერატიულად მიუსადაგა ტექსტი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჯემალ ბაღაშვილის თხოვნით, სიმღერა სტუდია ,,მელოდიაში“ ჩაიწერა და ის პირველად ანსამბლმა ,,ივერიამ“ შეასრულა. არანჟირება ალექსანდრე ბასილაიას ეკუთვნის“.

ვაჟა აზარაშვილს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი საპატიო წოდება და პრემია აქვს მინიჭებული. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი და სხვა.

2017 წელს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმიც“ გადაეცა.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი