ფოთის თეატრის დასს საბა ასლამაზიშვილი უხელმძღვანელებს
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასს, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი, საბა ასლამაზიშვილი უხელმძღვანელებს.
საბა ასლამაზიშვილი 2013-2017 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე (თეატრალური ხელოვნების პროგრამა, დრამის რეჟისურა), 2018-2021 წლებში კი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. 2018 წლიდან დღემდე, მისი რეჟისორობით, თბილისისა და რეგიონების კერძო და სახელმწიფო თეატრებში, არაერთი სპექტაკლი დაიდგა. მათ შორისაა: უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (ილიაუნის თეატრი), დავით კლდიაშვილის „უბედურება“ (მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი), „ირინეს ბედნიერება“ (მესხეთის სახელმწიფო თეატრი) და სხვა. რეჟისორი არაერთი ნომინაციის გამარჯვებული და ჯილდოს მფლობელია.
საქართველოს კულტურის სამინისტრომ საბა ასლამაზიშვილი, 2023 წლის 16 თებერვალს, „სიღნაღის თეატრალური ფესტივალის“ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე მიიწვია, რომელიც, 3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით, წარმატებით ჩატარდა. ფესტივალში სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები და პროფესიული სახელმწიფო თეატრები, სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით მონაწილეობდნენ. ფესტივალის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში, ასევე იმართებოდა მასტერკლასები, სამუშაო შეხვედრები და საჯარო ლექციები, რომელთაც თეატრალური სფეროს სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალები უძღვებოდნენ.