არასტანდარტული მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას მთავრობა განახორციელებს
საქართველოში 15 ნოემბრიდან “ნარინჯისფერი რთველი” დაიწყება და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
აჭარის რეგიონში ციტრუსის მოსავლის ჩაბარების ხელშემწყობი საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. 25 ნოემბრიდან კი მთავრობა სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტული) მანდარინის მოსავლის სუბსიდირებას განახორციელებს.
სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში 1 კილოგრამი პროდუქტის ფასი 20 თეთრი იქნება, აქედან 5 თეთრს საწარმო გადაიხდის, 15 თეთრს ბიუჯეტი დააფინანსებს, დანარჩენ თანხას კი ფერმერები მყიდველებისგან მიიღებენ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის, პროგრამაში მხოლოდ ქობულეთის საკონსერვო ქარხანა მონაწილეობს. საექსპორტო მანდარინს 20-მდე ქარხანა მიიღებს.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტზე 44 240 ტონა მანდარინი გავიდა, რომლის ღირებულება 21,489 მილიონი ლარია. ქართული მანდარინის ყველაზე დიდი მოცულობა გადის რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში.
რაც შეეხება იმპორტს, შარშან, საქართველომ 100 006 ტონა მანდარინი თურქეთისა და ეგვიპტისგან იყიდა. მანდარინის მალფუჭებადობა ექსპორტიორებისთვის დაბრკოლებას ქმნის პროდუქტის ევროპის ბაზარზე გასატანად, ამიტომ მწარმოებლები სახელმწიფოსგან საბაჟო პროცედურების გამარტივებას ითხოვენ. ამასთან ციტრუსის ექპორტიორები, წლეულს პროდუქტის სიმცირის გამო, მანდარინზე ფასის 10-15%-ით ზრდას ელოდებიან.
ინგა ფუტკარაძე