რაგბის მწვრთნელობიდან ხელოვნებამდე- დათო სტეფანოვის მინიატურული სამყარო

ხაშურში ცოტამ თუ იცის, რომ რაგბის მწვრთნელი, რომელმაც უკვე რამდენიმე თაობა აღზარდა, საოცარ მინიატურებს ქმნის. როგორც თავად დათო სტეფანოვი ამბობს, ორივე საქმეს უდიდესი სიყვარულით ემსახურება. ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ხვდება, ხელოვნებას უთავსებს რაგბს თუ პირიქით, თუმცა ერთი რამ კარგად იცის, რომ დრო და შრომა არცერთს არ უნდა მოაკლოს. ორივე – რაგბიც და ხელოვნებაც თვითნასწავლი ხელოვანის განუყოფელი ნაწილია.

სხვადასხვა კუთხე, თავისი ტრადიციებით, სახლებით, ეზოებით, სტუმარ- მასპინძლობით, სითბოთი და გამორჩეულობით- ეს ყველაფერი დათო სტეფანოვის მინიატურულ ნამუშევრებშია მოქცეული. ხელოვანი მინიატურით  ბავშვობიდან დაინტერესდა და შემდეგ ეს ინტერესი რეალობაშიც გარდასახა. დღეს უკვე თვითნასწავლი ხელოვანის მინიატურები თითოეულ მნახველში დიდ აღფრთოვანებას იწვევს, რაც მისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

მედია სააგენტო ,,24“- მა დათო სტეფანოვთან ინტერვიუ ჩაწერა. თვითნასწავლი ხელოვანი თავად გვიამბობს, როგორია მისი მინიატურული სამყარო.

  • სპორტი და ხელოვნება- ორი სხვადასხვა მიმართულება, როგორ უთავსებთ ორ პროფესიას ერთმანეთს?
  • მგონია, რომ ორივე ჩემთან ერთად დაიბადა და ორივე ჩემთან ერთად ცხოვრობს. სპორტიც და ხელოვნებაც თავიდანვე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. დღეს უკვე ვცდილობ ორივე ერთმანეთს ისე შევუსაბამო, რომ დრო და ენერგია არცერთს არ მოვაკლო. ფაქტობრივად, ერთი მეორეზე მეხმარება, მეორე კი პირველზე.
  • რამდენი ხანია, რაც რაგბის მწვრთნელი ხართ და როგორია თქვენი ერთი დღე რაგბში?
  • 13 წელია, რაც რაგბის მწვრთნელი ვარ. წლების განმავლობაში, სხვადასხვა ასაკობრივი გუნდები მყავდა. მოსინჯული მაქვს ჩემი ძალა მეორე ლიგის გუნდებშიც. ჩვენი გაზრდილი რაგბისტები დღეს უკვე სხვადასხვა გუნდში წარმატებით ასპარეზობენ. ფაქტობრივად, რაგბი ჩემი ყოველდღიურობაა, ჩემი პატარა რაგბისტების გარეშე ცხოვრება ვერც კი წარმომიდგენია.
  •  საინტერესო და მრავალფეროვან ნამუშევრებს ქმნით. როდის აღმოაჩინეთ თქვენში ეს ნიჭი?
  • სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს, თითქოს თავისით მოვიდა, სადღაც შორეულ ბავშვობიდან. ყოველთვის მაინტერესებდა მინიატურები. წლების წინ, ამ მიმართულებით ინფორმაცია თითქმის არ მოიძებნებოდა. გამუდმებით ვეძებდი მასალას, თუმცა, დიდი ძებნის შემდეგ, მხოლოდ პატარა მაკეთის სახით თუ გადავაწყდებოდი რამეს. ასე, წვალებით დავაგროვე ცოტა ინფორმაცია, დანარჩენი კი უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე მოვიდა. მართალია, პროცესი რთული და დამღლელი აღმოჩნდა, თუმცა ეს არის სწორედ ის საქმე, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

  • პირველი მინიატურა როდის შექმენით?
  • მოზრდილ ასაკში. მახსოვს, ერთ – ერთ სოფელში მოვხვდი, სადაც ერთი ქოხი განსაკუთრებით მომეწონა. მოსვენება დავკარგე, ერთი სული მქონდა, სახლში დავბრუნებულიყავი და ეს ქოხი მინიატურაში გამეცოცხლებინა. სწორედ ეს ნამუშევარი იყო პირველი, რომელიც სახლში დაბრუნებისთანავე, მუყაოთი და რაღაც სხვადასხვა პატარა ნივთებით გავაკეთე. მას შემდეგ ამ საქმიანობით ისე მოვიხიბლე, რომ აქტიურად დავიწყე ფიქრიც და მუშაობაც. ვცდილობ უსარგებლო, გადაყრილი, მიტოვებული ნივთებისგან შევქმნა მინიატურები, თითოეულ ამ ნივთს სული ჩავბერო და სარგებელი მივცე. მართალია, პერიოდულად  პატარ-პატარა წყვეტები მქონდა, თუმცა, ამ საქმისთვის თავი არასდროს დამინებებია.
  • თქვენს მინიატურებში სხვადასხვა კუთხის კულტურას აღვიძებთ. რამდენად საინტერესოა   ამ მიმართულებით მუშაობა და რატომ სხვადასხვა კუთხე?
  • როცა ის პირველი ქოხი დავინახე, სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, ჩემს მინიატურებში სხვადასხვა კუთხე გამეცოცხლებინა. ყველა კუთხე ხომ ერთმანეთისგან გამორჩეული და საინტერესოა და რატომაც არა?! მუშაობის პროცესში ყოველთვის ვითვალისწინებ ამა თუ იმ კუთხის ტრადიციას, სტუმართმოყვარეობას, იმასაც კი როგორია სახლის ეზო, ჭიშკარი, სახურავი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დეტალურად მინდა დავანახო მნახველს. მინდა, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საქართველოს ყველა კუთხე გაიცნონ ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.

  • ზოგადად, მინიატურაზე მუშაობა უფრო დიდ დროს მოითხოვს. თქვენთვის რამდენად შრომატევადია მინიატურების შექმნა?
  • გეთანხმებით, მინიატურაზე მუშაობა ნამდვილად შრომატევადია და დიდ დროსაც მოითხოვს. შეიძლება ერთ პატარა დეტალს 5-6 საათი მოანდომო, თუმცა, კეთების პროცესში ისე ვარ ჩაფლული, ისე გადის საათები, ხანდახან დღეებიც, რომ ვერც კი ვხვდები როდის გავიდა ამდენი დრო.
  • როგორი გარემო გჭირდებათ მუშაობისას და განწყობა რამდენად მნიშვნელოვანია ამ დროს?
  • ხელოვანისთვის ორივე ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა ამაზე ხშირად ვერ ვფიქრობ. მე პირადად, ძალიან მიყვარს ბუნებაში გასვლა და იქ მუშაობა, მაგრამ ხშირად ამის ფუფუნება არ მაქვს. ძირითადად სახლში, გვიან ვმუშაობ, როცა ყველა იძინებს. განსაკუთრებით მუშაობა მიყვარს მაშინ, როცა ცუდ განწყობაზე ვარ. საქმეში ისე ვარ ჩაფლული, ისე ვითიშები, რომ გარშემო რა ხდება, ხშირად ვეღარც კი ვიგებ. მინიატურებზე მუშაობა საუკეთესო განტვირთვის საშუალებაა ჩემთვის.
  • რა არის ის ძირითადი მახასიათებელი, რომელიც თქვენს ნამუშევრებს განსაკუთრებულს ხდის?
  • ქართული კუთხის ლაზათი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ქვეყანა ხომ განსაკუთრებულია თავისი ტრადიციებით, კუთხეებითა და სილამაზით.

  • როგორია თქვენი ემოციები, როცა შედეგს ხედავთ?
  • ყველაზე დიდ სიამოვნებას ვგრძნობ მაშინ, როდესაც დასრულებულ ნამუშევარს ვუყურებ. ბოლო წუთებში სრულიად მავიწყდება ის დამღლელი პროცესი და რამდენიმედღიანი შრომა, რომელიც ამა თუ იმ ნამუშევრის შექმნისას გავიარე. დასრულების შემდეგ, თანახმა ვარ იგივე გზა გავიარო, უკვე ახალი იდეა მოდის, რომ კიდევ სხვა მინიატურა შევქმნა და ახალი სიამოვნება მივიღო.
  • გამოფენებში თუ იღებთ მონაწილეობას?
  • გამოფენებში მონაწილეობა არასდროს მიმიღია. რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო, სამწუხაროდ, ამისთვის ვერასდროს მოვიცალე. ყველაფერთან ერთად, სპორტიც დიდ დროს მოთხოვს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოფენაში მივიღო მონაწილეობა და ალბათ ამის დროც მოვა.
  • გასაყიდად იმეტებთ თქვენს მინიატურებს?
  • ზოგადად, ძალიან მინდა, რომ ჩემი ნამუშევრები ჩემთან დარჩეს, თუმცა, გაჭირვების დროს, რამდენჯერმე მომიწია გაყიდვა და ისიც უცხოელებმა შეიძინეს.

  • რა არის ხელოვანისთვის საჭირო, რომ, როგორც შემოქმედი, იყოს აქტიური და ჰქონდეს მიზანი წინსვლისკენ?
  • მთავარი სიყვარულია, საქმისა და ქვეყნის სიყვარული და, ალბათ, აღიარებაც, რომელიც მოტივაციასაც გაძლევს.
  • ვინ არის პირველი ადამიანი, რომელსაც თქვენს ნამუშევარს აჩვენებთ?
  • ჩემი მეუღლე. მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა მკაცრი შემფასებელია, მაგრამ მე ეს მსიამოვნებს.

  • თუ გაქვთ სურვილი, თქვენი ცოდნა სხვასაც გაუზიაროთ?
  • ეს ჩემი ერთ-ერთი დიდი სურვილია. ვფიქრობ, ჩემი საქმიანობა ამ კუთხითაც გავაფართოო, თუმცა, ჯერჯერობით, ამის პირობები არ მაქვს. ახლა გუნდში 12-13 წლის ბიჭები მყავს, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ჩემი მინიატურები და სურვილი აქვთ, რომ მათაც ისწავლონ. თუ ამის საშუალება მომეცემა, ძალიან ბედნიერი ვიქნები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

დათო სტეფანოვს თავისი სახელოსნო არ აქვს. სახლი, სადაც მუშაობა უწევს, გაფართოების საშუალებას არ იძლევა, პატარა სივრცეში კი სურვილის ასრულება, ხელოვანს, თავისთავად, გაუჭირდება. იმედია, მომავალში შეძლებს, თავისი ცოდნა მომავალ თაობას გადასცეს. მანამდე კი , დათო სტეფანოვი აქტიურად განაგრძობს მინიატურებზე მუშაობას. ვინ იცის, ერთხელ მისმა ნამუშევრებმა რომელიმე საგამოფენო სივრცეც შეავსოს.

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/Tua8QgqBZuU

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი