კოლხეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურით მასპინძლობს

კოლხეთის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდა. პროექტის ფარგლებში, ფრინველთა სათვალთვალო კოშკურა, საპიკნიკე და სარეინჯერო შენობა  და ვიზიტორთა ცენტრის ეზო განახლდა. ამჟამად, მდინარე ფიჩორის ხეობაში არსებული კოტეჯის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ეროვნული პარკი, რომელიც 1999 წელს დაარსდა, 5 ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის – სამეგრელოსა და გურიის ნაწილია. პარკი, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე,  ნაბადისა და ჭურიის  უბნის მიმდებარე  აკვატორიის ნაწილსა და პალიასტომის ტბის აუზს მოიცავს.

პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზებია წარმოდგენილი.

ტერიტორია ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. მის გაფრთხილებასა და შენარჩუნებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1947 წელს დაიწყო და შემდეგ, ბუნებრივი და ნაკლებად სახეცვლილი ჭარბტენიანი ეკოსისტემების დასაცავად, ნაკრძალიც დაარსდა. უფრო მოგვიანებით, პალიასტომის ტბა, როგორც უნიკალური წყალსატევი, მიმდებარე ერთკილომეტრიან სანაპირო ზოლთან ერთად აღკვეთილად გამოცხადდა. 1997 წლიდან, მას  რამსარის კონვენცია იცავს, რომელიც  მთავრობათაშორის შეთანხმებას წარმოადგენს და მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ. აქ სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდირებულია. პარკში განსაკუთრებით საინტერესო პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყეა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდინარე ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს-ნავებით, პანტონითა და კაიაკით გასეირნებას და სპორტულ თევზჭერას სთავაზობს. კოლხეთის ეროვნულ პარკში, ასევე, 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

კოლხეთის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც ტურისტების სიმრავლითაა გამორჩეული. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარებაზე, როგორც ბუნების დაცვის, ასევე ეკოტურისტული მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კოლხეთის ეროვნული პარკი UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში  2021 წელს შევიდა.

 

იხილეთ ფოტოკოლაჟი:


დაცული ტერიტორია, სადაც სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით

სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

სათაფლია – ადგილი, რომელიც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებითა და გასაოცარი სანახაობითაა გამორჩეული

პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება

პოდკასტი