ვინ იყო პირველი ქართული კომიკური ოპერის ავტორი

5 წელი კიევში, წარმატებული ნაბიჯები და საქართველოში დაბრუნებისას ახალი იდეების განხორციელება- ეს ვიქტორ დოლიძის გზაა, კიევიდან საქართველომდე.

1912 წელს, 22 წლის ვიქტორ დოლიძე კიევში ჩადის და კომერციულ ინსტიტუტში აგრძელებს მეცადინეობას. სწავლის პერიოდში, კომპოზიტორის მუსიკისადმი ინტერესი უფრო მეტად გაძლიერდა და საბოლოოდ დარწმუნდა კიდევაც, რომ მისი მთავარი მოწოდებ მუსიკა იყო.  ხუთი წელი, რომელიც მან კიევში გააატარა მეტად სასარგებლო აღმოჩნდა კომპოზიტორის მუსიკალური განვითარებისთვის.

1917 წელს, ვიქტორ დოლიძე სამშობლოში დაბრუნდა და  შემოქმედებით მოღვაწეობას შეუდგა. დაბრუნებისთანავე მას დაებადა სურვილი დაეწერა ოპერა, რისთვისაც  ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესა „ხანუმა“ აირჩია. ერთი წლის მუშაობის შემდეგ, კომპოზიტორმა  პირველი ქართული კომიკური ოპერა ,, ქეთო და კოტე“ შექმნა. ოპერის პრემიერა  1919 წლის 11 დეკემბერს შედგა. ნაწარმოებმა მუსიკოსს დიდი აღიარება მოუტანა.

ვიქტორ დოლიძე, ქალაქ ოზურგეთში, 1890 წლის 30 ივლისს  დაიბადა. ქართველი კომპოზიტორი შესანიშნავი სმენით, მეხსიერებითა და იმპროვიზაციული ნიჭით ბავშვობიდანვე იპყრობდა ყურადღებას.

1902 წელს, დოლიძეების ოჯახი თბილისში გადასახლდა. ვიქტორ დოლიძე ოჯახმა კომერციულ სასწავლებელში შეიყვანა. პარალელურად, მუსიკოსი მანდოლინაზე დაკვრას სწავლობდა. იგი მუსიკალურ საკრავს ისე დაეუფლა, რომ სასწავლებლის მოწაფეებისგან  მანდოლინისა და გიტარის დამკვრელთა თვითმოქმედი წრე შეადგინა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. ვიქტორ დოლიძემ , 1910 წელს გამართულ კონკურსში, მანდოლინაზე დამკვრელთა შორის, პირველი ადგილიც კი დაიკავა.

კომპოზიტორმა, წლების განმავლობაში, არაერთი ოპერა შექმნა. მათ შორისაა: ,,ლეილა“, ,,ცისანა“ და ,,ზამირა“. მას აკუთვნის ასევე სიმფონიური ფანტაზია „ივერიადა“, სიმფონია „აზერბაიჯანი“ და საფორტეპიანო კონცერტი. იგი ავტორია რამდენიმე რომანსისა.

ვიქტორ დოლიძე 1933 წლის 24 მაისს გარდაიცვალა  და დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი