ოჯახები აფხაზეთში დარჩენილი ახლობლების ნეშტებს იბრუნებენ

ფოტო: მზია საგანელიძე

გივი ჭელიძის, დავით ზაქარაიას, გურამ ხუნწელიას, შახი სიჭინავას, შოთა მურუსიძის, მოსე მარგველანის, ანზორ და გენადი თოდუას, ვახტანგ ჩიჩუას, აბელ პატარაიას, დავით შარვაძის, ჯემალ იოსავასა და გუნლარა აბულაძის ნეშტები ოჯახებმა მხოლოდ 30 წლის შემდეგ დაიბრუნეს. აფხაზეთიდან გადმოსვენებულებიდან 4 სამხედრო, 9 კი სამოქალაქო პირია, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ. მათი პანაშვიდი სამების ტაძარში 20 ივლისს გაიმართა.
როგორც აბელ პატარაიას შვილი, სოსო პატარაია იხსენებს, მამა დედამ საკუთარი ხელით დაასაფლავა. როცა აბელ პატარაია დაატყვევეს, დაუნდობლად ესროლეს და მეუღლისთვის მხოლოდ ნახევარი საათი მიუციათ მის დასასაფლავებლად, სხვა შემთხვევაში დაწვავდნენ. აბელ პატარაიას მეუღლემ მეზობელი ქალი მოიხმარა და თავისი ხელით გათხარა მიწა ეზოში. სოსო პატარაიას მშობლები პედაგოგები ყოფილან. ახლა აბელ პატარაიას ნეშტს მეუღლის გვერდით, ქუთაისში დაკრძალავენ.
ჯემალ იოსავა 53 წლის იყო, როცა, 1992 წლის 2 ოქტომბერს, ტყვედ აიყვანეს და დავით შარვაძესთან ერთად დახვრიტეს.

ფოტო: მზია საგანელიძე

მარინა თოდუას, 30 წლის შემდეგ, მეუღლის, ძმისა და მამის ნეშტი დაუბრუნდა. მან, ორ შვილთან ერთად, ბოლო თვითმფრინავით გადმოფრენა მოასწრო, დანარჩენი ოჯახის წევრები- ვახტანგ ჩიჩუა და ანზორ და გენადი თოდუები კი ბაბუშარაში დარჩნენ. მათ სახლში მაროდიორები ოქტომბერში შეიჭრნენ, სამივე დახვრიტეს და პლედებში გახვეულები ეზოში დამარხეს.

ფოტო: მზია საგანელიძე

25 წლის დავით ზაქარაია ბოლო წუთამდე იბრძოდა. იგი, 1993 წლის 17 დეკემბერს, აჩადარაში დაიღუპა, ჭურვმა ადგილზე მოკლა. ახალგაზრდა მებრძოლი 19 სექტემბერს, საკუთარი სახლის ეზოში დაასაფლავეს.
რამდენიმე წელია, რაც წითელი ჯვარი, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაღუპულების საფლავებს ეძებს. ამ ეტაპზე, 243 ცხედარი უკვე ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა, 2049 ადამიანის საფლავს კი დღემდე ეძებენ.