საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6 სახელმწიფო ნაკრძალია

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6 სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს, რომელთა საერთო ფართობი 67,141 ჰა-ს შედაგენს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული დაცული ტერიტორიები საქართველოს ფართობის  0,97%-ს, ხოლო საქართველოს დაცული ტერიტორიების 12,8%-ს წარმოადგენს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოდგენილია 5 სახელმწიფო ნაკრძალი, რომელთა საერთო ფართობია 60753 ჰა.

გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი აფხაზეთში, სოხუმის მუნიციპალიტეტში, მდინარე აღმოსავლეთ გუმისთის ზემო და შუა დინებაში მდებარეობს. გუმისთის ნაკრძალის ფართობია 13,400 ჰა. გუმისთის ნაკრძალი აფხაზეთში არსებული ხელუხლებელი ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დასაცავად 1978 წელს დაარსდა.

ნაკრძალის რელიეფი რთული და მრავალფეროვანია. ხეობებითა და მდინარეებით დასერილი. ნაკრძალის მიზანია მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დაცვა და შესწავლა. ტყის მცენარეულობა ვერტიკალური სარტყლების მიხედვით (ზღვის დონიდან 200 მ-იდან 1800-2000 მ-მდე) იცვლება. გავრცელებულია უმთავრესად წიფლის, წაბლის, სოჭისა და სუბალპური მეჩხერი ტყის ფორმაციები.

ფსხუს ნაკრძალი წარმოდგენილია 27,334 ჰა ფართობზე. ნაკრძალი ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობზეა განლაგებული. ტერიტორია მოქცეულია მდინარე ფსხუს ქვაბულში, რომელიც ბზიფისა და კავკასიონის მთავარი ქედებით არის შემოსაზღვრული. ნაკრძალი 1978 წელს შეიქმნა და მისი მიზანი იყო აფხაზეთში ხელუხლებელი წიწვოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნების დაცვა.

სკურჩის ნაკრძალი ოჩამჩირის რაიონში მდებარეობს და მისი ფართობია 85 ჰა. მერქნიანი მცენარეებიდან სკურჩის ნაკრძალში აღსანიშნავია კოლხური ბზა, კოლხური ლეღვი, ჰართვისის მუხა, ლაფანი, კოლხური ჯონჯოლი და ველური ვაზი. სკურჩის ნაკრძალი აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის ინიციატივით 1971 წელს დაარსდა და  მიზნად ისახავდა კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი, სუბტროპიკული ტიპის რელიქტიური ტყეების  დაცვას.

რიწის ნაკრძალი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ქალაქ გაგრიდან 60 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ნაკრძალი წარმოდგენილია კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ განშტოებაზე და მისი საერთო ფართობი 13,893 ჰა-ს შეადგენს.

რიწის სახელმწიფო ნაკრძალი ზღვის დონიდან 928 მეტრის სიმაღლეზე მდებარე რიწის ტბის გარშემო მდებარეობს. ნაკრძალი 1957 წელს შეიქმნა, რიწის ტბის და მის გარშემო არსებული რელიქტიური ტყეების დაცვის მიზნით.

XX საუკუნეში, მოცემულ ტერიტორიაზე დე ფაქტო კონტროლი არაერთხელ შეიცვალა.

1996 წლიდან, ამ ადგილს  რიწის რელიქტური ეროვნული პარკი ეწოდება.

ნაკრძალის ტერიტორიაზე  ბზიფის ტაძარი და ციხე-სიმაგრე, ცისფერი ტბა, გეგის ჩანჩქერი, მდინარე იუფშარა, იუფშარას კანიონი, ჩანჩქერი „კაცის ცრემლები“, ტბა პატარა რიწა, რიწა და იოსებ სტალინის საზაფხულო აგარაკი მდებარეობს.

ბზიფის ტაძრის ნანგრევები

გეგის ჩანჩქერი

სტალინის სახლის ნანგრევები. 2004 წელი

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალი, 1966 წელს, ბიჭვინთის რელიქტიური და კოლხეთის ფართოფოთლოვანი ტყეების დაცვის მიზნით შეიქმნა.

ნაკრძალი აფხაზეთში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და სამი, ბიჭვინთის, მიუსერისა და ლიძვის  მონაკვეთისგან შედგება.

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალის მთავარი მშვენება ბიჭვინთის ფიჭვია, რომლის ფუძიდანაც  თავად ბიჭვინთის სახელწოდება მომდინარეობს.

ბიჭვინთა-მიუსერის ნაკრძალში საქართველოს წითელი ნუსხის მცენარეებიდან წარმოდგენილია: ბიჭვინთის ფიჭვი, კოლხური ბზა, ლაფანა უთხოვარი, კოლხური ლეღვი, კავკასიური ხურმა და ხმელთაშუა ზღვის გარშემო ხმელეთისთვის დამახასიათებელი ისეთი მცენარეები, როგორიცაა ხემარწყვა და ხისმაგვარი მანანა.

შიდა ქართლის რეგიონის დაცულ ტერიტორიაზე არსებული ლიახვის ნაკრძალი, ცხინვალის რაიონის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. პატარა ლიახვის ხეობის ზემო წელში მდებარეობს. ნაკრძალი, სუბალპური ტყეების დაცვის მიზნით, 1977 წელს დაარსდა.

ლიახვის ნაკრძალის შექმნის მიზანი იყო ცენტრალური კავკასიონის სამხრეთული კალთებისთვის დამახასიათებელი: წიფლნარი, მუხნარი და რცხილნარი ტყეებისა და იქ არსებული ბიომრავალფეროვნების დაცვა. ლიახვის ნაკრძალში კეთილშობილი ირემი ბინადრობს, რომელიც ცენტრალური კავკასიონის ტერიტორიაზე მხოლოდ აქ გვხვდება.

ნაკრძალის მეტი წილი (6388 ჰექტარიდან – 5386 ჰა) ტყეებს უჭირავს. მისი მცირე ნაწილი კი ალპურ საძოვრებს, კლდეებსა და ნაშალებს.


ლიახვის ნაკრძალის გეოლოგიურ აგებულებაში იურული, ცარცული, მესამეული და მეოთხეული ნალექები მონაწილეობენ.
ნაკრძალის მდინარეებში – პატარა ლიახვში და მის მრავალრიცხოვან შენაკადებში უხვად მოიპოვება საქართველოს “წითელი ნუსხის” სახეობა – კალმახი.

ისტორიულად ტერიტორია, სადაც ნაკრძალი მდებარეობს, ხან შიდა ქართლად, ხან დვალეთად და ხანაც სამაჩაბლოდ მოიხსენიება.

ოთინაანთ ციხე

სამწუხაროდ, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რეგიონში ტურიზმი ფაქტიურად არ გავითარებულა. თუმცა რეგიონს შესანიშნავი პერსპექტივები აქვს. პატარა ლიახვის ხეობა  ეთნოლოგიური, ფრინველზე დაკვირვებისა და ბოტანიკური ტურიზმისთვის შესანიშნავ ადგილს წარმოადგენს.


დაცული ტერიტორია, სადაც სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით

სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

სათაფლია – ადგილი, რომელიც ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებითა და გასაოცარი სანახაობითაა გამორჩეული

პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

საქართველოში პირველად, დაცული ტერიტორიების შესახებ საერთაშორისო სამიტი გაიმართება

პოდკასტი