25 ივლისს, ირმა შარიქაძე ,,Irma De Flore“-ის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას წარადგენს
25 ივლისს, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, ფოტოგრაფისა და დიზაინერის, ირმა შარიქაძის ბრენდის – ,,Irma De Flore”-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილი კოლექციის წარდგენას უმასპინძლებს. კოლექცია ,,აჭარული მზითვის ფერის” ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებსა და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაფსულა კოლექციას: მაისურებს, ჩანთებსა და ბალიშებს აერთიანებს. დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დიზაინერის კოლექციიდან მათთვის სასურველი, უნიკალური ნაქარგობით შექმნილი ნივთები შეიძინონ, მათ შორის სიხმა. სიხმა – ეს არის ქალის ზედა სამოსი, თანამედროვე პიჯაკის ვერსია, რომელიც მხოლოდ აჭარაში იყო გავრცელებული. სამოსი განსაკუთრებული გემოვნებით, სიფაქიზითა და ნაქარგის შესრულების მაღალი დონით გამოირჩეოდა. როგორც საარქივო ფოტოებიდან ირკვევა, ის ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში ეცვათ.
,, მას შემდეგ რაც ეს იდეა დაიბადა, ერთი სული მქონდა, ეს ამბავი თქვენთვის მომეყოლა. მიხარია რომ გაგახარებთ და გავახარებ აჭარელ ქალებს, რომლებმაც ქარგვის ტრადიცია საქართველოში, აჭარის მთაში, ასეთი სიყვარულით შემოგვინახეს! წარმოგიდგენთ ნამდვილ საგანძურს, აჭარულ ნაქარგობას, რომლის გადარჩენაც ჩვენ დღეს შეგვიძლია, რადგან ის გაქრობის პირასაა. ნებისმიერი შენაძენი იქნება მნიშვნელოვანი წვლილი ისეთ სასიკეთო საქმეში, რასაც უნიკალური ტრადიციის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და მთიან რეგიონში ქალების მხარდაჭერა ჰქვია“ ,- წერს ფეისბუკ გვერდზე ირმა შარიქაძე.
აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა, დაახლოებით, 30 წლის წინ დაკარგა. 2020 წელს, მთიან აჭარაში ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ლიკა მაჩხანელი