,,იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო“- 25 ივლისს ინოლა გურგულია დაიბადა

მთელი თავისი ცხოვრება სიმღერის სიყვარულს მიუძღვნა. მხოლოდ 48 წელი იცხოვრა და, ამ მოკლე პერიოდში, არაერთი უკვდავი ნამუშევარი დაგვიტოვა, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს.

ქართველი კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი და პედაგოგი ინოლა გურგულია 1929 წლის 25 ივლისს დაიბადა. დღეს მას 94 წელი შეუსრულდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური ათწლედი ჰქონდა დამთავრებული და სურვილიც ჰქონდა, კონსერვატორიაში ჩაებარებინა, საბოლოოდ, მაინც უცხო ენები აირჩია. 1952 წელს, ინოლა გურგულიამ თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა. ამ პერიოდში, მან, გიული დარახველიძესა და მედეა სიხარულიძესთან ერთად,  ქალთა ტრიო „სამაია“ დააარსა. ტრიო კომპოზიტორის დაწერილ სიმღერებს ასრულებდა, სადაც, ხშირ შემთხვევაში, მისი ლექსებიც იყო გამოყენებული. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, ინოლა გურგულიამ ლექტორად დაიწყო მუშაობა, ჰყავდა აბიტურიენტებიც და ჩამოსულ სტუმრებთანაც ხშირად იწვევდნენ.

1960-იან წლებში, ინოლა გურგულია რამდენიმე ფილმში გადაიღეს, სადაც მისი სიმღერებიც აჟღერდა. წლების განმავლობაში, კომპოზიტორმა არაერთი სიმღერა შექმნა, მათ შორის 15 საბავშვო სიმღერა, რომლებიც შვილების დაბადების დღეებისთვის იქმნებოდა.

მუსიკა ბავშვობიდან უყვარდა. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო, სიმღერებს რომ ქმნიდა. როგორც კი მუზა ეწვეოდა, მაშინვე ინსტრუმენტს მიუჯდებოდა და ახალი ნაწარმოებიც იბადებოდა.

,,ბევრი რამაა შერწყმული, მაგრამ მისი ნამუშევრები რატომღაც ღიმილნარევ სევდას უფრო მოიცავს. არადა, ცხოვრებაში ლაღი, მხიარული, ღიმილით სავსე ადამიანი იყო. მისი ამ ხასიათის ზუსტად გამოვლენა, მე და ჩემმა ძმამ, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ვერცერთ საღამოზე ვერ შევძელით, სევდა მაინც თან სდევს ხოლმე. როგორც ჩანს, შიგნიდან ბევრ ტკივილსა და დარდს ატარებდა. ალბათ უნდოდა, სამყარო უკეთესი ყოფილიყო, რასაც ჩვენც გვასწავლიდა“,- ასე იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ინოლა გურგულიას შვილი, მსახიობი ია შუღლიაშვილი დედას.

ია შუღლიაშვილი 10 წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მიუხედავად პატარა ასაკისა, მისი ცხოვრებიდან ბევრი რამ ახსოვს. მისი თქმით, დედა არავის ჰგავდა,იგი განსაკუთრებული შემოქმედი იყო, რომელიც თავად წერდა ლექსსაც, მუსიკასაც და შემსრულებელიც თვითონ იყო. სიმღერა მსმენელამდე თავისი გამორჩეული, საოცარი და განსხვავებული ხმით მიჰქონდა, ამ ყველაფერს კი გულახდილად და გულწრფელად აკეთებდა.

ინოლა გურგულიას სიმღერებს  ერთგვარი აკორდული მღერის სტილი ჰქონდა, რომელიც, თავისი არსით, როგორც ქართული ხალხური, ასევე ქალაქური სიმღერიდან მომდინარეობდა.

კომპოზიტორს გარდაცვალებამდე ანდერძი დაუწერია. როგორც ჩანს, თავისი დიაგნოზის შესახებ იცოდა და იმასაც ხვდებოდა, რომ მალე დატობებდა ამ წუთისოფელს. ანდერძი 1999 წელს გამოცემულ წიგნში, სახელწოდებით: ,,ინოლა“ შევიდა. ია შუღლიაშვილის თქმით, ეს მხატვრული ღირებულებების ნაწარმოებია, სადაც უდიდესი სიყვარულია ჩადებული. ყველაზე ამაღელვებელი ის მომენტია, როცა იგი, თავის საყვარელ ადამიანებს, ტკივილის მიყენებისთვის პატიებას სთხოვს,  შვილისთვის კი  ასეთი სიტყვები დაუბარებია: ,,იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო“. ეს თხოვნა ია შუღლიაშვილმა დედას შეუსრულა.

,,როდესაც მის სიმღერებს ვმღერი, ვგრძნობ, რომ ეს ჩემი მისიაა, სწორედ ეს უნდა ვაკეთოთ. ასევეა ჩემი ძმაც. შეიძლება, ეს თავს არავის მოვახვიოთ, მაგრამ ჩვენი საქმეა შვილებს, შვილიშვილებს და თაობიდან თაობას გადავცეთ მისი ნამუშევრები. მნიშვნელოვანია, მისმა სახელმა იარსებოს, რომელიც თავისთავად იშვიათია“,- აღნიშნავს ია შუღლიაშვილი.

როგორც მსახიობი ამბობს, მომავალ წელს, ინოლა გურგულიას 95 წლის იუბილეზე, საზოგადოება ოჯახის არქივში შემონახულ  ისეთ მასალებს გაიცნობს, რომელიც ჯერ აქამდე არავის უნახავს.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი