საერთაშორისო ფესტივალს ,,ივერია ბრილიანტი“ ამჯერად რაჭა უმასპინძლებს

29-30 ივლისს, რაჭაში, საერთაშორისო ფესტივალი „ივერია ბრილიანტი“ გაიმართება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების ინტეგრირებული საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი, წელს მეექვსედ, ონში გაიმართება. ფესტივალში, საქართველოსთან ერთად, 7 ქვეყანა – პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ლიეტუვა, სომხეთი, თურქეთი და უზბეკეთი მიიღებს მონაწილეობას.

„წლევანდელი წელიც განსაკუთრებულია, ჟიურის წევრები ცნობილი და პროფესიონალი მუსიკოსები და მომღერლები არიან, თუმცა ისევ და ისევ, აქტიური ჩართულობის, დიდი ინტერესის, გამოცდილების მიღების მიზნითა და მუსიკალური გემოვნების  მრავალფეროვნებისთვის, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიც არიან ჩართულნი. კონკურს-ფესტივალის მაღალი ხარისხისა და გამჭვირვალეობისთვის, ჟიურის წევრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც შევარჩიეთ. აღნიშნული ფაქტი ონის მერიის მაღალ ჩართულობაზე და შშმ პირთა საკითხებისადმი დიდ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს”,- აღნიშნა ფესტივალის დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

ფესტივალის ფარგლებში, პირველად, 30 ივლისს, შშმ პირთათვის, ვოკალის შესასწავლად მასტერ კლასები გაიმართება. ეს არის უნიკალური მეთოდი, რომელიც საქართველოში დაინერგება და მსგავსი სასწავლო კურსი ყოველ წელს ჩატარდება. ამჯერად, მასტერ კლასებს ევროპის აღიარებული პედაგოგი ბიატა ჩაიკა როლინსკა გაუძღვება.

ფესტივალის დასასრულს, მონაწილეები სხვადასხვა საჩუქრებით დასაჩუქრდებიან, ოსკარ შინდლერის აკადემია კი თავის რჩეულს სპეციალურ პრიზს გადასცემს.

ფესტივალის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი ონის მუნიციპალიტეტის მერიაა.

პროექტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, 2018 წლიდან ხორციელდება, რომელსაც თბილისმა, ქუთაისმა, რუსთავმა და მცხეთამ  უკვე უმასპინძლა.

საერთაშორისო ფესტივალი  ,,ივერია ბრილიანტი“ ყოველ წელს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარდება.

 

ლიკა მაჩხანელი


გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

საქართველოში მე-15 საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი ,,ღამის სერენადები“ მიმდინარეობს

პოდკასტი