ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში  ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.

ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტურობის დადგენასა და ა. შ.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ირაკლი ფარჯიანის ქალიშვილი სოფო ფარჯიანი, ირაკლი ფარჯიანის ფონდის წარმომადგენლები, მხატვრები, გალერისტები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა  თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტით მოწყობილი და უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერეს.

ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან, კულტურის სამინისტროს კონსულტაციითა და უწყების უშუალო მონაწილეობით შემუშავდა. ლაბორატორიის უმთავრესი მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტურობის დადგენა, უახლესი თაობის აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით.

ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის ტექნოლოგიური აპარატურის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები, მაღალი რეზოლუციის ფოტოკამერები, ულტრაიისფერი ფლუორესცენცია, ინფრაწითელი ნათების კამერა, რენტგენოგრაფია, რენტგენოფლუორესცენტური ანალიზი, სრულად აღჭურვილი ქიმიური ლაბორატორია, 3D სკანერი და უმაღლესი რეზოლუციის ფოტოსკანერი.

საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა. მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ესპანელმა ექსპერტმა ჩაუტარა გადამზადების კურსი. მათ შეისწავლეს ლაბორატორიაში განთავსებულ აპარატურასთან მუშაობა, ექსპერტიზის პროცესში მისი გამოყენება (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევების ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. კადრების მომზადება-გადამზადება მომავალშიც გაგრძელდება. შედეგად, ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია ხელოვნების ნიმუშების საცდელი კვლევების ჩატარება.

პირველ ეტაპზე, ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორია ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, უპირველესად კი ფიროსმანის ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვებასა და ლაბორატორიისათვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნას იწყებს. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას  ესპანელი ექსპერტიც მიიღებს.

ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნის იდეა 2021 წლის ივლისში გაჩნდა.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი