ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი 91 წლის გახდა

„ჯვარი, მამა-პაპის საფლავები, ენა… ყველაფერი ჩემშია… მოწიწებასა და სიყვარულს ხმაური არ უნდა და არც უხდება. ჩუმად, ჩემთვის, ჩემის ძალისა და სისხლით მიყვარს ყველაფერი, რასაც ქართული ჰქვია“.

თენგიზ არჩვაძე.

1932 წლის 3 აგვისტოს, საქართველოს სახალხო არტისტი, ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობი, სახელმწიფო და რუსთაველის პრემიების ლაურეატი და ქართველი რაინდი თენგიზ არჩვაძე დაიბადა.

თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თენგიზ არჩვაძემ მუშაობა მარჯანიშვილის თეატრში დაიწყო; 1967 წლიდან, იგი რუსთავის დრამატულ თეატრში მოღვაწეობდა, 1973 წლიდან კი მსახიობი მარჯანიშვილის თეატრს დაუბრუნდა.

თენგიზ არჩვაძემ ქართულ თეატრსა და კინოს უდიდესი წარმატება მოუტანა. 55 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, მსახიობმა 100-ზე მეტი პერსონაჟი განასახიერა და ქართველი კინომოყვარულების ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობად იქცა. თენგიზ არჩვაძე ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის გმირებს.

,,მსახიობმა თავისი გმირის ხასიათი კარგად უნდა შეისწავლოს, ბოლომდე უნდა ჩაწვდეს მას. მერე კი ეს გმირი ისე ახლობელი ხდება, რომ შეიძლება ვერც გაარჩიო – ეს შენ ხარ თუ ის. 

სპექტაკლში ,,ასის წლის წინათ”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა ილიას ,,მგზავრის წერილების” მიხედვით, ავტორს, მთხრობელს ვასახიერებდი. მთელი სპექტაკლი მე მიმყავდა. ამ როლზე მუშაობისას დიდი შრომის გაწევა მომიხდა, მას ჩემი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი დავახარჯე. სანაცვლოდ კი რაღაც შუცნობი სიამაყე და სიხარული დამიტოვა ამ როლმა”,- ამბობს თენგიზ არჩვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

თენგიზ არჩვაძე ფსიქოლოგიურად რთული და მტკიცე ხასიათის გმირების ოსტატია.  თითქმის ყველა მისი პერსონაჟი გამორჩეულია თავისი გაუტეხლობითა და ადამიანური თვისებებით. მსახიობი უარყოფით როლებშიც კი ცდილობს ძლიერი ნებისყოფის გმირი წარმოადგინოს.

მსახიობმა მთავარი როლები შეასრულა ისეთ გახმაურებულ ფილმებში, როგორიცაა „ხევისბერი გოჩა”, „ხევსურული ბალადა“, „მე ვხედავ მზეს“, „26 კომისარი“, „ვედრება“, „ჯვარცმული კუნძული“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „ანარეკლი“, „წიგნი ფიცისა“, „დათა თუთაშხია“ და სხვა.

თენგიზ არჩვაძის პარტნიორები იყვნენ ისეთი მსახიობები, რომლებმაც ქართულ კინოსა და თეატრში თავიანთი ეპოქა შექმნეს.

,, მსახიობისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ არის მისი პარტნიორი. პარტნიორები თუ ერთმანეთს დიდ პატივს არ სცემენ, არაფერი გამოვა, ერთ საქმეს ვერ გააკეთებენ. მე, ამ მხრივ, ბედმა გამიღიმა. ჩემი პარტნიორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ომიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, სოფიკო ჭიაურელი, ლია ელიავა… რომელი ერთი ჩამოვთვალო – ქართული თეატრისა და კინოს ნაღები. ეს პიროვნებები ჩვენი სცენისა და ეკრანის ისტორიას ქმნიდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც ქმნიან”,- ამბობს მსახიობი.

2010 წელს, თბილისს კიდევ ერთი, თენგიზ არჩვაძის ვარსკვლავი შეემატა. სწორედ ვარსკვლავის გახსნას უკავშირდება, 10 წლიანი პაუზის შემდეგ, მისი სცენაზე დაბრუნება. თენგიზ არჩვაძემ მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, სპექტაკლში „მგზავრის წერილები“, ილია ჭავჭავაძის როლი შეასრულა. მას პარტნიორობას გივი ბერიკაშვილი უწევდა.

2017 წელს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, თენგის არჩვაძეს კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო, „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი