ზესტაფონის თეატრში სპექტაკლ „სულიკოს“ პრემიერა გაიმართა

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიან – წერეთლის ბიოგრაფიის მიხედვით შექმნილი სპექტაკლის, „სულიკოს“ პრემიერა გაიმართა.

ბარბარე მაჭავარიანი – წერეთლის ბიოგრაფიის სცენაზე გაცოცხლების იდეა ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ჯუღელს ეკუთვნის. პიესა, რომლის ავტორი ნინია სადღობელაშვილია, „სულიკოს“ მელოდიის ავტორის ბიოგრაფიულ მასალაზეა აგებული და ამ არაჩვეულებრივი ქალის ცხოვრებიდან ბევრისთვის უცნობ ამბებს მოგვითხრობს. გარდა ამისა, პიესაში იმ ეპოქის იმერეთის ისტორიაა წარმოჩენილი.

პიესისთვის ისტორიულ-დოკუმენტური მასალა ისტორიკოსმა ნოდარ თურმანიძემ მოიპოვა, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი კი გიორგი სიხარულიძეა. ერთობლივ პროექტში ზესტაფონისა და დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.

ბარბარე მაჭავარიან-წერეთლის „სულიკო“, რომელიც  თითოეული ჩვენთაგანის სიმღერად იქცა, ქართველებისთვის ეროვნული იდენტობის ჰიმნია. სწორედ ამიტომ ეგონათ ის წლების მანძილზე ხალხური.

ბარბარე  მაჭავარიანი- წერეთელი, ზესტაფონის რაიონის სოფელ ცხრაწყაროში დაიბადა,  ქუთაისის ქალთა გიმნაზია დაამთავრა და მუსიკალური განათლება ფილიმონ ქორიძის მეუღლესთან, ზინაიდა ვორობეცთან მიიღო.

ბარბარე მაჭავარიანი-წერეთელი ავადმყოფი აკაკი წერეთლის სასთუმალთან მღერის

ბარბარე მაჭავარიანი- წერეთელი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ზესტაფონში ბიბლიოთეკის გახსნის ერთ-ერთი ორგანიზატორი და თეატრის აღდგენის ინიციატორიც იყო.  მიუხედავად ბევრი სხვა ღვაწლისა, მის სახელს, უპირველესად, ბაფთიანი გიტარა და ყველაზე პოპულარული ქართული სიმღერის – „სულიკოს“ მელოდია უკავშირდება, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა ამღერებული.


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

პოდკასტი