210 ადამიანი გამოყვანილია, 7 ადამიანი კი გარდაცვლილი – სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

„გადავრჩით სასწაულებრივად. ჯოჯოხეთური 4 საათი გამოვიარეთ, რომლის აღსაწერად სიტყვები არ მეყოფა. 2 საათი გავატარეთ ნახევრად ჩაფლულებმა მეწყერში. ჩვენ თვალწინ სამი ადამიანი წაიღო ღვარცოფმა და იმედი მაქვს, ცოცხლებს იპოვიან“, – წერს სოციალურ ქსელში სტიქიის ზონაში მოყოლილი ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ ბერიანიძე.

უკვე მეორე დღეა, ონის მუნიციპალიტეტში,  სამაშველო ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სტიქიის ზონიდან მოქალაქეების გამოყვანა აქტიურად ხორციელდება . ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, 6 ადამიანი კი მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით, მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიწყება მეწყრის შედეგად წაღებული ორი ხიდის მონტაჟი.

„დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და მდინარეზე პროცესი გრძელდება. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოებია და დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამაშველო ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულნი. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფიც, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით სტიქიის ზონაში მუშაობენ.

გამთენიისას, სამაშველო ღონისძიებებში  სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება.

შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ჭანჭახმა წაიღო.  გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

 

ლიკა მაჩხანელი


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი