გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა
10 აგვისტოს, ლეგენდარულ ქართველ კომპოზიტორს, საქართველოს სახალხო არტისტს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატსა და ღირსების ორდენის კავალერს გია ყანჩელს 88 წელი შეუსრულდებოდა.
კომპოზიტორს თავდაპირველად გეოლოგია იზიდავდა, ჩააბარა კიდევაც, მაგრამ, იგორ სტრავინსკის „კურთხეული გაზაფხულის“ მოსმენით შთაგონებულმა, დიპლომის აღებისთანავე, თბილისის კონსერვატორიაში განაგრძო სწავლა.
გია ყანჩელის ყველაზე აღიარებული კომპოზიციები მისი სტუდენტობის პერიოდით თარიღდება, მათ შორისაა 1961 წელს შექმნილი „ქარის კვინტეტი”. ამ პერიოდში, ყანჩელის კომპოზიციები არაერთ კრიტიკას იწვევდა, მიზეზი კი კომპოზიტორის ჯაზისადმი დიდი ინტერესი იყო.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია გია ყანჩელის სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.
ნაყოფიერად თანამშრომლობდა რუსთაველის თეატრთან. მას ეკუთვნის რობერტ სტურუას სპექტაკლებისათვის: „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჰამლეტი“, „ქალი-გველი“, „მეთორმეტე ღამე“ შექმნილი მუსიკა.
კარიერის განმავლობაში, გია ყანჩელმა 50-მდე კინოფილმის მუსიკა შექმნა, მათ შორისაა: ,,არაჩვეულებრივი გამოფენა”, ,,შერეკილები”, ,,მიმინო“, ,,როცა აყვავდა ნუში”, ,,ქვევრი“, ,,არ დაიდარდო“ და სხვა.
გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობდა. თუმცა, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თბილისში დაბრუნდა. ლეგენდარული კომპოზიტორი 2009 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.