რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ცხედარი მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშორებით, აღმოჩენილია ადამიანის ქვედა კიდურიც.

„ამ დროისთვის, მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ მდინარეზე  მონიტორინგი პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე. ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის  განცხადებით, როგორც ზედა პერიმეტრში, ასევე კოტეჯების არეალში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს და ყველა ლოკაციაზე შესაბამისი მობილიზაციაა.

„კიდევ დაგვემატა ლოკაცია და ცოცხალ ძალასთან ერთად მძიმე ტექნიკა არის ჩართული. ეს არის ალტერნატიული გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მეორე ნაპირზე. მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებულ ლოკაციებს წინ უსწრებს უკვე დამატებული ტექნიკა. ყველა ლოკაციაზე შესაბამისი მობილიზაცია არის. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ მძიმე ტექნიკაა 103 ერთეული, რომელიც მაშველების ზედამხედველობით ახორციელებს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს.

დანარჩენ ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. მნიშვნელოვანი იყო გუშინ გზის მიყვანა და ავტომობილების გამოყვანა. გუშინ 10 ერთეული იქნა გამოყვანილი, დღეს კიდევ ათი ერთეული გამოვიყვანეთ, დარჩენილია 5 ერთეული. მათი მფლობელების გამოცხადების შემდეგ, გამოყვანილი იქნება ტრანსპორტი. დღეის მდგომარეობით, პერიმეტრი შეძლებისდაგვარად ათვისებულია და მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები”, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად  22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის  არიან ბავშვებიც. 11 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი