“იკარგება ავლაბრის ძველი იერსახე, მაგრამ ჩვენი აზრი ვის აინტერესებს?!” – მოედნის რეკონსტრუქციით უკმაყოფილო მოქალაქეები

თბილისში, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, ხუთსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახური, ამ ტერიტორიაზე, სამშენებლო ნებართვის გაცემას ყოველთვის უარით პასუხობდა, მაგრამ მოვლენები შეიცვალა. სავაჭრო ცენტრის პროექტს თან ახლავს დასკვნა, რომ ადგილი თავიდან ბოლომდე შემოწმებულია. შედგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, ყველა ტექნიკური მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, რაც ზიანს არ მიაყენებს მიმდებარე შენობებს.

საბოლოო პროექტის მიხედვით, შენობის ორი სართული მიწისქვეშ განთავსდება, სადაც მანქანების გასაჩერებელი სივრცე და კომერციული ადგილები მოეწყობა, ხოლო ზედა სამ სართულს სავაჭრო, დასასვენებელი და გასართობი ფუნქცია ექნება.

დასახელებული ტერიტორია დედაქალაქის ისტორიული ნაწილია. მეტროს გვერდით ნებისმიერი სიმაღლის შენობის დადგმას ადგილობრივები აპროტესტებენ, რადგან, აქ უკვე არსებული, ძველი 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლი ავარიულია. ახალი მშენებლობით კი, საფრთხის მაჩვენებელი უფრო გაიზრდება. ეს არ არის პროტესტის პირველი შემთხვევა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ ისევ უცვლელია.

მედია სააგენტო “24” დაინტერესდა ადგილობრივების პოზიციით. შუადღის მიუხედავად, მეტროსადგურ “ავლაბრის” მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა უკვე გადატვირთული იყო. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ აქ არ გვხვდება მაღალი ნაგებობები. მოსახლეობის განმარტებით, ამას განაპირობებს: ძველი თბილისის უბნის სტატუსი; ქალაქის ლამაზი ხედები; “სამებასთან” დაკავშირებული ისტორია, რომ დედაქალაქის ყველა წერტილიდან უნდა ჩანდეს.

ადგილობრივი მცხოვრები, შუახნის მამაკაცი, რომელსაც სახელისა და გვარის გასაჯაროება არ სურს, ამბობს, რომ, დასახელებულ ტერიტორიაზე, გამორიცხულია სავაჭრო ცენტრის აშენება. აქ გადის მეტროს გვირაბი:

“ჩემი აზრით, მერიამ უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი: ჯერ ერთი ის, რომ მეტროს უკანა კორპუსი ავარიულია.  ავლაბარში არის მიწისქვეშა წყლები. მიწა სამ მეტრზეც რომ ამოთხარონ, უკვე წყალი ამოვა. გარდა ამისა, ისტორიული უბნები ძველებური იერსახით უნდა დარჩეს. აქ სახლების ნახევარზე მეტი ისედაც დანგრეულია და ხალხი ავარიულ შენობებში ცხოვრობს, რაც დამატებით საფრთხეს ქმნის. პროექტი ცუდი არ არის, მაგრამ ზუსტად ამ ადგილას ამხელა შენობის არსებობა დაუშვებელია. თორემ ქალაქი რომ გაალამაზონ, სკვერები გააკეთონ ამის წინააღმდეგი არავინ არაა. ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. ბევრი ხე და სიმწვანე, ჩვენზეც დადებითად იმოქმედებს“.

ავლაბრელების თქმით, მეტროსთან სავაჭრო ცენტრის აშენებით, მხოლოდ სამშენებლო კომპანია იხეირებს, ქალაქისთვის, დადებითი თვალსაზრისით, არაფერი შეიცვლება.

“ავტომობილის გასაჩერებელი ადგილი, ისედაც აღარ არის, ხოლო პროექტით გათვალისწინებული სივრცის გამოყენება ფასიანი იქნება. წელიწადში 800-900 ლარს ნამდვილად ვერ გადავიხდი, რომ მანქანა ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულების ტერიტორიაზე გავაჩერო. ჩნდება კითხვა, ავლაბარში ვინც ცხოვრობს ან მუშაობს, სად უნდა გააჩეროს მანქანა? ან როგორ მივიდეს შესაბამის ადგილამდე?“, – ამბობს შუახნის მამაკაცი.

მედია სააგენტო “24”-ის კიდევ ერთ რესპონდენტს, 48 წლის ლალის, რომელიც უკვე 20 წელია ავლაბარში ცხოვრობს, მეტროს წინ შადრევანი და მოედნის ძველი იერსახე უფრო მოსწონდა, ვიდრე ის, რაც, თბილისის მერიის პროექტით, ახლა კეთდება.

მისი აზრით, მთელი ამ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ერთადერთი “დადებითი” შედეგი საცობები იქნება.

” ავლაბარი ძველთბილისური კოლორიტის მქონე უბანია და სწორედ ეს იერსახე ირღვევა. ამ რეკონსტრუქციის ერთადერთი “დადებითი” მხარე ის ექნება, რომ სერიოზულ საცობს გამოიწვევს, აქ ისედაც გადატვირთულია მოძრაობა.  მეტროს გვერდით მაღალი შენობის დადგმა, ვფიქრობ, საშიშია. არ ვიცით რამდენად მყარი შენობა გამოვა, მეტროს გვირაბებში წარმოქმნილ ბიძგებს გაუძლებს თუ არა… ჩემი გადმოსახედიდან, ეს პროექტი მცდარი გადაწყვეტილებაა“, – ამბობს ლალი.

მისი აზრით, მსგავსი პროექტები თბილისის მერიამ ჯერ დედაქალაქის მოსახლეობას უნდა გააცნოს, რადგან “დედაქალაქი არის ხალხის და არა კერძო მესაკუთრის”, – ამბობს იგი.

მედია სააგენტო “24”-ის კიდევ ერთი რესპონდენტი ნანი, 23 წელია ავლაბარში ცხოვრობს და  მეტროს გვერდით ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას “საშინელ გადაწყვეტილებად” აფასებს.

მისი აზრით, მერიას ეს საკითხი, აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა მოსახლეობასთან, რადგან, სავაჭრო ცენტრის გამო, მოედანი ავტომობილებით კიდევ უფრო გადაიტვირთება.

“მეტროსთან ახლოს რატომ უნდა იყოს ამხელა სავაჭრო ცენტრი? ადგილების მეტი რა არის, სხვაგან ააშენონ. თუნდაც ცოტა მოშორებით რომ იყოს, ხალხისთვის და ყველასთვის, უფრო მისაღები იქნებოდა. ძალიან ცუდი ამბავია, ძველი უბნის იერსახე იკარგება. საფრთხეს წარმოადგენს ირგვლივ არსებული ავარიული სახლების რაოდენობა, რაც, დიდი ალბათობით, გაიზრდება. ადგილობრივების უმეტესობა ნამდვილად უკმაყოფილოა, მაგრამ ჩვენი აზრი ვის აინტერესებს?”, – გვითხრა ქალბატონმა ნანიმ.

მას ასევე აწუხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ავლაბარში. როგორც ამბობს, რეკონსტრუქციამდე ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად დარეგულირებული იყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტროსთან იცდიდა, იქვე იყო ტაქსების სადგომი.

“ახლა არავინ უწყის, სად გადაიტანენ ამ გაჩერებებს”, – ამბობს იგი.

მეტროსადგურ “ავლაბრის” გვერდით სავაჭრო ცენტრის მშენებლობას მომხრეებიც ჰყავს. ქალბატონი ინგა 19 წელია, ავლაბარში ცხოვრობს და ეთანხმება სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. არც დედაქალაქის მერიის კეთილ ზრახვებში ეპარება ეჭვი.  მისი შეფასებით, თბილისში მოწესრიგდა ავტობუსის გაჩერებები.

“ყველაფერი ხალხისთვის კეთდება. არ მიმაჩნია, რომ ამით ქალაქს რაიმე საფრთხე ემუქრება. ალბათ, უკვე ყველაფერს გაითვალისწინებდნენ, სანამ მშენებლობის გადაწყვეტილებას მიიღებდნენ “, – გვითხრა მან.

ავტორი:  მეგი მიქაბერიძე.


საქართველოს ეროვნული პავილიონი არქიტექტურის ვენეციის ბიენალეზე

მან შეძლო არქიტექტურა მარტივი, ეკონომიური და კომფორტული ყოფილიყო – ლადო ალექსი-მესხიშვილი

ქუთაისში ბინას იძულებით გადაადგილებული 480 ოჯახი მიიღებს

სამშენებლო ნებართვის მისაღებად გამწვანების პროექტი სავალდებულო იქნება

2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

პოდკასტი