ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს თბილისსა და ახალციხეში გაიმართება
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ,,საქართველო“ პირველი იტალიელი მონაწილეები უკვე თბილისში იმყოფებიან. იტალია ერთ- ერთია იმ ხუთი ევროპული ქვეყნიდან (იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი), რომლის ფოლკლორულ ანსამბლებს საერთაშორისო ფესტივალი, 18 – 22 სექტემბერს, თბილისსა და ახალციხეში უმასპინძლებს. მოწვეული ანსამბლების უმრავლესობას სახელწოდებაც ქართული აქვთ და მრავალხმიან ქართულ ხალხურ სიმღერებსაც წლებია სწავლობენ და ასრულებენ.
ფესტივალის გახსნა 19 სექტემბერს, ახალციხის ციხეზე, ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი. სტუმრები სამცხე- ჯავახეთში სამ დღეს დარჩებიან და ადგილობრივ ფოლკლორს, არქიტექტურასა და კულინარიას გაეცნობიან, გალა -კონცერტი კი, თბილისში დაბრუნების შემდეგ, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მონაწილეები მესხეთში შესწავლილ ქართულ ხალხურ სიმღერას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სცენაზე ერთობლივად შეასრულებენ.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ იმართება.