ქართველი პატიმრები ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას
მესამე ინტერკონტინენტალურ ჩემპიონატზე, საქართველო მსჯავრდებულ არასრულწლოვანთა, ქალთა და კაცთა გუნდებით წარდგება. ჩემპიონატი, საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია „ფიდეს“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს, ონლაინ პლატფორმა „chess.com“-ზე გაიმართება.
ჩემპიონატამდე შიდა შესარჩევი ტურნირი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერითა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ, 2021 წელს, საქართველოს ქალთა გუნდმა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, გასულ წელს კი, 46 ქვეყანას შორის, პატიმართა კაცთა გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა.