,,ღვთისგან ნაბოძები” ადგილი, რომელიც კახეთის მთავარ სალოცავად აგებისთანავე იქცა

 

,,ალაზნის დასავლით არს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმან მოიგო სახელი ალონის გამო, რომელ არს ალონგუერდი”, – წერდა ვახუშტი ბატონიშვილი. მისი გადმოცემით, სახელი ალონგუერდი დროთა განმავლობაში ალავერდად ქცეულა; კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს კი, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ძველად თურმე ალონი ერქვა. ,,ველი, ალონად წოდებული” ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარე ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.

,,ალავერდი” თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და ,,ღვთისგან ნაბოძებს” ნიშნავს. ეს ცნება ნაყოფიერებასა და მოსავალთან იყო დაკავშირებული, ამიტომ იმ ქვეყნებში, სადაც უმთავრესად მიწათმოქმედებას მისდევდნენ (მათ შორის საქართველოსა და სომხეთში), ეს სახელი დღესაც ჰქვია რამდენიმე დასახლებულ ადგილს. მათ შორისაა კახეთში, ალაზნის ველზე, მდებარე სოფელიც. სხვა მეცნიერთა ვერსიით, სწორედ მან მისცა სახელი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქართულ მართლმადიდებლურ ცენტრს – ალავერდის სამონასტრო კომპლექსს.

როგორც ცნობილია, VI საუკუნეში, წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა, რომელიც საბოლოოდ სოფელ ალავერდის ახლოს დამკვიდრებულა. ერთ დღეს, წმინდა მამა სანადიროდ გამოსულ კახელ თავადს შეხვედრია და ღვთის სიტყვა უქადაგებია. ქრისტეს რჯულს ნაზიარები დიდებულის დახმარებით, მამა იოსებს წმინდა გიორგის სახელზე პატარა ეკლესია აუშენებია, სადაც, წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით, ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა ამბა იოსებ ალავერდელი გარდაცვლილა, მოწაფეებს იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაუკრძალავთ, სადაც, დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა.

X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ პერიოდში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა თითქმის ერთდროულად დაიწყო. X-XI საუკუნეების მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი – ქუთაისში, სვეტიცხოველი – მცხეთაში, ოშკი – ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი – კახეთში.

ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის დასაწყისში, იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას, კვირიკე კახთა მეფეს აუგია.  ალავერდი, იმთავითვე, კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე პერიოდში, აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია შეიქმნა. მასში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი და ველისციხე. კახეთის შემოერთების შემდეგ, ალავერდის საეპისკოპოსო დავით აღმაშენებელმა სრულიად საქართველოს ერთიან ეკლესიას დაუქვემდებარა. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრად ითვლებოდნენ და ამბას წოდებას ატარებდნენ, XVI საუკუნიდან კი, მათ მიტროპოლიტის ტიტულიც მიიღეს.

ალავერდის ტაძარი მომხდურთაგან მრავალჯერ დაზიანდა. მისი პირველი დიდი რესტავრაცია, XV საუკუნეში, ალექსანდრე კახთა მეფის დროს მოხდა. სწორედ ამ პერიოდში, თავიდან ააშენეს ჩამოქცეული გუმბათის ყელი და კედლების ნაწილები. თავდაპირველად, ტაძარი უფრო დაბალი იყო, რის გამოც ხუროთმოძღვარმა მისი ეპოქისთვის დამახასიათებელი მაღალი გუმბათი დააშენა და ალავერდის ტაძარი საქართველოში ყველაზე მაღალი ნაგებობა გახდა  (მისი სიმაღლე 50 მეტრია). რესტავრაციის შემდეგ, მეფე ალექსანდრემ ტაძარს უხვად შესწირა ყმები და მამულები.

1616 წელს, ალავერდი  შაჰ-აბას I-მა დაარბია, შაჰ-აბას II-ის მიერ ჩამოსახლებულმა თურქმანთა მომთაბარე ტომებმა კი მისი მამულები საძოვრებად გადააქციეს. 1659 წლის აჯანყების შემდეგ, კახეთი თურქმანებისგან გათავისუფლდა, მაგრამ ზიანი იმდენად დიდი იყო, რომ საეპისკოპოსო მხოლოდ საუკუნის ბოლოს აღდგა. ამის შემდეგ ტაძარი ჯერ ლეკებმა დაარბიეს, 1735 წელს კი თამაზ-ხანმა ააოხრა.
1742 წელს, ,,მოხედა რისხუამან და შეიძრა ქუეყანა, და დაირღვა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია”. მიწისძვრით დაზიანებული ტაძრის აღდგენა თეიმურაზ II-ის მეუღლეს, დედოფალ თამარს დაუწყია და მათ შვილს, ერეკლე II-ს დაუმთავრებია. ამავე პერიოდში, მომხდურთაგან დასაცავად ალავერდის ტაძარს ქვის გალავანი შემოარტყეს.

ალავერდის კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან შედგება. აქ იყო ეპისკოპოსის სასახლე, სატრაპეზო, სამრეკლო, მარანი, აბანო და სხვა. აქვეა 1615 წელს აშენებული ფეიქარ-ხანის აგურის სასახლეც.

ხანძრებმა და მიწისძვრებმა  ალავერდის ძველთაძველი მოხატულობა დააზიანა. ამ მიზეზით, XIX საუკუნეში, ეგზარქოსმა ევგენიმ ტაძრის გადარჩენილი ფრესკების დიდი ნაწილი კირით შეათეთრებინა.


თავდაპირველად, ტაძარი სამიარუსიანი ყოფილა. სამი მხრიდან მას თაღებიანი ღია გალერეა ერტყა და სამი შესასვლელი ჰქონდა, მაგრამ XIX საუკუნის დასაწყისში გალერეა დაუნგრევიათ, ხოლო ჩრდილოეთის კარიბჭე ამოუშენებიათ.


XI საუკუნიდან, ალავერდის ტაძარი კახეთის მეფეთა საძვალეა. იმდენად მყარი გახდა ეს ტრადიცია, რომ როცა ალექსანდრე II-ის შვილმა, კონსტანტინემ, შაჰ-აბასის ბრძანებით, საკუთარი მამა და ძმა დახოცა, მათი თავმოკვეთილი ცხედრები ალავერდის ტაძარში დააკრძალვინა. აჯანყების დროს მოკლული კონსტანტინეც, ქეთევან დედოფლის ბრძანებით, ალავერდის ტაძარში დაკრძალეს, ავგუსტინელი ბერების მიერ ჩამოტანილი წამებით მოკლული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები კი, თეიმურაზ I-ის ბრძანებით, ალავერდის ტაძრის საკურთხევლის ქვეშ დაასვენეს.

ალავერდი მამათა მონასტერი იყო, XVIII საუკუნეში კი აქ დედათა მონასტერი დაარსდა, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი საგანმანათლებლო და სამწიგნობრო საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. სხვადასხვა დროს, აქ  ქართველი მწერლები და კალიგრაფები მოღვაწეობდნენ, მათ შორის ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ჩოლოყაშვილი), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი, კირიონ II და სხვა.

 

ტექსტი მომზადდა ერეკლე ბაბიჩაძის მასალის მიერ


სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

დაცული ტერიტორია კახეთში, რომელიც სამი დამოუკიდებელი ნაკრძალისგან შედგება

კახეთის რეგიონს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა

გურჯაანი სტიქიას ებრძვის

პოდკასტი