დაცული ტერიტორია კახეთში, რომელიც სამი დამოუკიდებელი ნაკრძალისგან შედგება

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს. ნაკრძალი 2003  წელს შეიქმნა და ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალებსა და ილტოს აღკვეთილს მოიცავს.

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი – ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადის, მდინარე ბაწარის ხეობაში, ზღვის დონიდან 700-2000 მეტრზე მდებარეობს და 1935 წელსაა დაარსებული. მდინარე ბაწარის ხეობის შუა ნაწილში, მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰექტარიანი კორომებია შემორჩენილი. უთხოვრის ასეთი დიდი ზომის კორომებს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. გარდა წმინდა კორომებისა, ურთხელი შერეულია წიფლნარში, ნეკერჩხალში, იფანში, ცაცხვში და სხვა. ნაკრძალში ტყე კარგადაა დაცული, რაც იმის შედეგიცაა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ურთხელი წმინდა, ანგელოზის ხედ მიაჩნდა.

ბაწარის ნაკრძალი

ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალში ძუძუმწოვრებიდან გვხვდება შველი, კვერნა, დათვი, მაჩვი, არჩვი და სხვა არაერთი ცხოველი, ფრინველებიდან კი ორბი არწივი, შაშვი, როჭო და სხვა.

ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი – საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ძელქვის თითქმის 240 ჰექტრიანი კორომების( რცხილაფოთლიანი ძელქვა) დაცვის მიზნით, 1961 წელს დაარსდა და იგი ახმეტის მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთზე, სოფლების ქვემო ალვანის, ბაბანეურისა და ლალისყურის სიახლოვესაა განლაგებული.

რცხილაფოთლიანი ძელქვა იზრდება როგორც ცალკე კორომებად, ისე რცხილასა და ჯაგრცხილასთან ერთად. შერეულია აგრეთვე ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ქვეტყეს ქმნის კუნელი, კვიდო, შინდანწლა, ზღმარტლი და ასკილი.

ჯაგრცხილის გვირაბი- ბაბანეურის ნაკრძალი

გარდა მრავალი სახეობის ფრინველისა, ნაკრძალში ძუძუმწოვრები: შველი, კურდღელი, მელა, თეთრყელა კვერნა და სხვა ცხოველები ბინადრობენ.

ილტოს აღკვეთილი – მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს მოიცავს და ზღვის დონიდან 900-2000 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ის აღმოსავლეთით  ბაწარის ნაკრძალს ესაზღვრება, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მდინარე ილტოსა და მდინარე ივრის წყალგამყოფი კახეთის ქედი, სამხრეთიდან კი მდინარეების კიტარისხევის, ქაშანთხევისა და ჭირისხევის სამხრეთით მდებარე წყალგამყოფი.

ილტოს აღკვეთილის დაარსების მიზანი ილტოს ხეობაში არსებული ტყის ძვირფასი ჯიშების: ურთხელის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა  და ამ ტყეებისთვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენაა.

მტაცებელ ფრინველთაგან აქ კაკაჩა, ქორი, მიმინო, ორბი და, იშვიათად, ბატკანძერაც გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია ზღარბი, კვერნა, კურდღელი, მაჩვი, ტურა, მელა, მგელი, გარეული ღორი, დათვი, შველი, ფოცხვერი და არჩვი. ძალზე იშვიათია წავი.

აღკვეთილის საერთო ფართობი 7591 ჰექტარია. ილტოს აღკვეთილში შემორჩენილია მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აქ დომინირებს წიფელი  და შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, ბალამწარა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ტერიტორიაზე მცენარეთა მრავალფეროვნებაა.

საყურადღებოა ძუძუმწოვრთა სახეობები: შველი, არჩვი, დათვი, ღორი, მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა და სხვა.  ამასთან, ფოცხვერიწავი და არჩვის კავკასიური ქვესახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში, როგორც გლობალურ დონეზე საფრთხეში მყოფი სახეობები. სამივე მათგანი იშვიათ სახეობებს განეკუთვნება ქვეყნის მასშტაბით და შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში, ისევე როგორც მურა დათვი

ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი  და ლეშიჭამია ფრინველები: ორბი, სვავი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა.

ბაწარისა და ბაბანეურის ნაკრძალში შესვლა ნებადართულია მხოლოდ საგანმანათლებლო, არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით.

ილტოს აღკვეთილში  ბოტანიკური, შემეცნებითი და სათავგადასავლო ეკოტურების მოწყობაა შესაძლებელი.

იხილეთ ფოტოკოლაჟი:

უთხოვრები-ბაწარის ნაკრძალი

რცხილნარი ტყე- ბაბანეურის ნაკრძალი

ილტოს აღკვეთილი


სახელმწიფო ნაკრძალი კახეთში, რომლის ანალოგიც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არ მოიპოვება

,,ღვთისგან ნაბოძები” ადგილი, რომელიც კახეთის მთავარ სალოცავად აგებისთანავე იქცა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 6 სახელმწიფო ნაკრძალია

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

კახეთის რეგიონს ნარჩენების შესაგროვებელი და დასუფთავებისთვის საჭირო სპეციალური ტექნიკა გადაეცა

პოდკასტი