გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალის ფარგლებში, ერისთავის თეატრის წინ, საქართველოს სახალხო არტისტის, მუსიკოს შალვა მოსიძის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნა.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიას წინ  მაესტროს შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო უძღოდა, რომელშიც  შალვა მოსიძის მოსწავლეებმა და პოლონელმა და აზერბაიჯანელმა მუსიკოსებმა  მიიღეს მონაწილეობა.

 

მაყურებელს შესაძლებლობა ჰქონდა მაესტროს ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა დაეთვალიერებინა, რომელიც თეატრის სივრცეში იყო გამოფენილი.

ფესტივალი გორის მუნიციპალიტეტისა და გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით გაიმართა, შალვა მოსიძის ვარსკვლავი კი გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დახმარებით გაიხსნა.

ღონისძიების მიზანი იყო ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, ასევე, უცხოელ მუსიკოსებთან შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება და მსმენელისთვის მათი შემოქმედების გაცნობა.

საგუნდო დირიჟორს, ქორმაისტერს, პედაგოგს, საქართველოს სახალხო არტისტსა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორს, შალვა მოსიძეს  ქართული კულტურის განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის.

1967 წლიდან, მაესტრო გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა, 1970 წელს კი  გორის ქალთა გუნდი დააარსა. შალვა მოსიძეს მიღებული აქვს შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, ღირსების ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სხვა.

ლიკა მაჩხანელი

 

 


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

გორში, მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანებს ახალი დღის ცენტრი მოემსახურება

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

პოდკასტი