„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

უკვე რამდენიმე დღეა, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცე არსენ ფოჩხუას ნამუშევრებით შეივსო.

„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ -ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც ხელოვანის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ექსპოზიცია არსენ ფოჩხუას მიერ შექმნილი საქართველოს მხარეების თემაზე შექმნილი რელიეფური კომპოზიციებით, გულსაკიდებით, გულსაბნევებით, მძივებით ( როგორც მამონტის ეშვზე, ასევე კოლხურ ბზაზე ამოწვის ტექნიკით შესრულებული), ქართული ორნამენტით ნაკვეთი ბროლისა და კოლხური ბზისგან გაკეთებული ჭვირული ლარნაკებით, ლანგრებით,  დეკორატიული დანებით, გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებით, დასურათებული „ვეფხისტყაოსანით“, ქართველი მეფეებისა და ისტორიული მოღვაწეების პორტრეტებითა და სხვა თემატური ნამუშევრებით შეივსო.

 

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, წიგნ-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. მხატვრის საიუბილეო ალბომში, საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს  გაეცნოს დიდი მოღვაწეების შეფასებასა და ლადო გუდიაშვილის წერილს, არსენ ფოჩხუას შესახებ.

კატალოგის წინასიტყვაობის ნაწილი  ხელოვანის  ქაშვეთის ფრესკებზე მუშაობას, მისი და ლადო გუდიაშვილის ურთიერთობასა და ბროლზე ქართული ორნამენტებისა და ფიგურული გამოსახულებების შექმნას მიეძღვნა.

განსაკუთრებით საყურადღებოა მხატვრის მიერ შექმნილი ქართული ორნამენტების ნიმუშების ესკიზები და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებშიც ახლებურად არის გადამუშავებული ტრადიციული ქართული ჩუქურთმა.

საგულისხმოა, რომ პროექტის ავტორებმა აუცილებლად მიიჩნიეს არსენ ფოჩხუას ორნამენტებითა და სხვადასხვა ესკიზით შექმნილი გასაფერადებელი რვეულების დაბეჭდვაც, რათა ბავშვებისა და ახალგაზრდების მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებასა და ქართული ორნამენტის თავისებურებების შესწავლას, ასევე, მხატვრის შემოქმედების პოპულარიზაციას მაქსიმალურად ხელი შეუწყონ.

არსენ ფოჩხუა, 1923 წელს, ქუთაისში დაიბადა. 1944-49 წლებში, თბილისის კონსერვატორიაში, ვიოლინოს კლასში სწავლობდა; პედაგოგად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფოს სიმფონიურ ორკესტრსა და I სამუსიკო სასწავლებელში; ამავე დროს, არაჩვეულებრივად ხატავდა; როგორც გრაფიკოსი, მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში;

1946 წლიდან, ლადო გუდიაშვილის ხელმძღვანელობით, გრაფიკის ხელოვნებას ეუფლებოდა; 1946-47 წლებში, ლადო გუდიაშვილის მიწვევით, არსენ ფოჩხუა ქაშვეთის ტაძრის მოხატვაში დამხმარე მხატვრად მონაწილეობდა. დიდი მხატვრის გვერდით მუშაობა მისთვის ერთგვარ აკადემიად იქცა.

1953 წლიდან, ხელოვანი  კოლხურ ბზასა და ბროლზე გადაერთო; 1956 წელს, მის მიერ შექმნილი ბზისა და სადაფის ნაკეთობები პირველად გამოფინა.

1982 წელს, არსენ ფოჩხუას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა.

ხელოვანი 2001 წლის აპრილში გარდაიცვალა.

ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში საიუბილეო გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 22 დეკემბრამდე შეეძლება.

ლიკა მაჩხანელი


ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

გურიისა და აჭარის რეგიონში, მუსიკალურ-საგანმანათლებლო კონცერტები წარმატებით განხორციელდა

სულით მეამბოხე ,,ლაჯანელი ბანოვანი”, რომელმაც თავისი ცხოვრება საქართველოს სიყვარულსა და სხვებზე ზრუნვას შესწირა

ზესტაფონი ფესტივალებს ,,ზესტაფონქალაქობასა” და „სულიკო 2023“-ს მასპინძლობს

პოდკასტი