“ჯარში დეპეშა მომივიდა, გალაკტიონი გარდაიცვალაო” – ზაურ მჭედლიშვილის თბილისური მოგონებები

თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. საინტერესოა, როგორი იყო თბილისი ადრე და როგორია ახლა. სწორედ ამიტომ მედია სააგენტო “24” ერთ-ერთ ძირძველ თბილისელს,ზაურ მჭედლიშვილს ესაუბრა.

ზაურ მჭედლიშვილი

ზაურ მჭედლიშვილი პროფესიით აღმოსავლეთმცოდნეა. დაიბადა 1938 წლის 16 მარტს. თითქმის მთელი საუკუნეა თბილისში ცხოვრობს და კარგად ახსოვს, როგორი იყო თბილისი ადრე და ხედავს, როგორია ახლა.

 

– რა ასაკიდან გახსოვთ თბილისი და ძველ თბილისს როგორ გაიხსენებთ?

1941 წელს, 3 წლის ასაკში, საბავშვო ბაღში რომ შევედი, იქედან უკვე რაღაცები მახსოვს. როგორ შემიძლია დავახასიათო ის თბილისი, ჩემი ბავშვობის და პატარაობის. პირველი ის მახსენდება, რომ მთავარი ტრანსპორტი ტრამვაი იყო. ჩვენი ფანჯრები სადგურის მოედანს გადაჰყურებდა, ამიტომ ტრამვაის ხმა დღე-ღამის განმავლობაში არ წყდებოდა. თვალებს რომ ვხუჭავ ახლაც ყურში ჩამესმის ტრამვაის ზარები.

– თქვენი ბავშვობიდან, რომელი მოგონება გინდათ დარჩეს ისეთად, როგორიც ძველ თბილისში იყო?

1945 წელს ომი დამთარდა და სექტემბერში სკოლაში მივედი. დიდუბეში, ვახუშტის ქუჩაზე, რკინიგზის მესამე საშუალო სკოლა იყო. ახლა მე-100 სკოლაა და სულ სხვა შენობაა, მაგრამ მე ისევ ის ძველი, ჩემი ბავშვობის მახსოვს. რამდენიმე ხნის წინ, თანასკოლელები შემხვდნენ და მირჩიეს, ახალი შენობა მენახა. ძალიან ლამაზიაო, – მითხრეს. ვუთხარი, ჩემს წარმოსახვაში მირჩევნია ისევ ის ძველი სკოლა არსებობდეს. მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ თვალწინ ისევ ის სკოლა მედგას.

– ძველი თბილისის პირველი და განსაკუთრებული შთაბეჭდილებებიდან რა გახსენდებათ?

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დედაჩემმა რუსთაველზე, ომის დასრულების აღსანიშნავად გამართულ აღლუმზე წამიყვანა. მგონი, 24 მაისი უნდა ყოფილიყო. ეს ჩემთვის ხალხმრავლობის პირველი შთაბეჭდილება იყო. ასევე, ძალიან კარგად მახსენდება 1946 წელს ბელგრადის ფეხბურთელთა გუნდის – „პარტიზანის“ თბილისში ჩამოსვლა და თბილისის დინამოსთან შეხვედრა. მამაჩემმა პირველად წამიყვანა თამაშზე. დინამოს სტადიონი 40 000 მაყურებელს იტევდა და იმ თამაშზე კი 150 000 ბილეთი იყო შეკვეთილი არა მარტო თბილისიდან, არამედ საქართველოს ბევრი ქალაქიდან, ასევე ბაქოდან და ერევნიდან. მაშინ 8 წლის ბიჭი ვიყავი და ამ ფაქტმა ჩემზე მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმ დროში ფეხბურთს ეზოში ჭინჭის ბურთით ვთამაშობდით. რეზინის ბურთი სანატრელი გვქონდა. ბურთს დედა გვიკერავდა ხოლმე, ჭინჭებს ჩაყრიდა, უბრალოდ მრგვალი იყო და ჩვენც დავდევდით, არ ხტუნავდა. ასეთ დროს ხალხის აჟიოტაჟის, ბურთის და მსგავსი სიტუაციის დანახვა მართლაც დიდი შთაბეჭდილება იყო. ხალხის შეხვედრა სტუმრების გუნდთან, დიდი ჟივილ-ხივილით მოხდა და საოცრება იყო. როცა წამოვიზარდე ხშირად დავდიოდოთ დინამოს სტადიონზე, მაგრამ პირველი დიდი შთაბეჭდილება იმ თამაშმა მოახდინა.

– იმდროინდელ თბილისურ ურთიერთობებზე რას იტყვით?

იყო პერიოდი, როდესაც ვმღეროდი და კარგად მახსოვს, დიდუბეში რომ გავივლიდი, გოგოები ფანჯრიდან მეძახდნენ, “ცანგლიკოო”…  მეც მიხაროდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი სიმღერით პოპულარული ვიყავი. ასეთი ურთიერთობები იყო თბილისში ადრე. აქვე გავიხსენებ გალაკტიონის სიტყვებს – “არ ვემდური სიყმაწვილეს, ის ხომ კარგი მახსოვს”. მეც ასევ ვარ. არ ვემდური სიყმაწვილეს, კარგი, საინტერესო და მრავალფეროვანი იყო, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული. ყველა პერიოდი განსაკუთრებულად მახსენდება, მათ შორის ჯარში მსახურებაც.

– თვითონ თბილისზე რას იტყვით?

რაც შეეხება თვითონ თბილისს, დღევანდელთან შედარებით, რა თქმა უნდა, საბჭოთა სისტემას უამრავი სიმახინჯე და ნაკლი ჰქონდა. მაგრამ, საქმე რაშია იცით? მოწყენილ ადამიანს ვერ დაინახავდით. ერთადერთი ომის პერიოდში, როცა ცნობას მიიღებდნენ, ვიღაც ატირდებოდა და დანაღღვლიანდებოდა. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ასეთი რამეებიც. ისე, მე სულ მომცინარი ადამიანები მხვდებოდნენ, თავზე ხელის გადასმა, ზრდილობიანი სიტყვა-პასუხი. ერთმანეთისთვის ჩვენ ძმები და დები ვიყავით. ეს შინაგანი სამყარო მე გამომყვა და ეს თბილისს გამოყვა. აი, თბილისელობა არ იყო. ,,მე თბილისელი ვარ“, “მე თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი ვარ” – ეს არავის უთქვამს. ჩემს ახალგაზრდობაში არ გამიგია ასეთი გამოთქმა, რაც სამწუხაროდ, შემდეგ პერიოდში და ახლაც მესმის. რატომღაც ხშირად იყენებენ ამ გამოთქმას, რასაც ვერ მივესალმები. თბილისში დაბადება თბილისელობას სულაც არ ნიშნავს. ჩემთვის თბილისელობა, სულ სხვა რამეა. თვალწინ სულ სხვანაირი თბილისელები მიდგანან. რა დამავიწყებს ნიაზ დიასამიძეს, მის ერთ გავლას რუსთაველზე. ლაღიძის წყლებთან რომ გაჩერდებოდა… სხვანაირი იყო მისი ვიწრო შარვალი, გამოწკეპილი პერანგი, პიჯაკის ზემოთ საყელო რომ უჩანდა და სიტყვა-პასუხი ხომ საერთოდ.

 

– როგორ ერთობოდით და სად ატარებდა ახაგაზრდობა თავისუფალ დროს?

ჩვენ, ახალგაზრდა ბიჭები, დროს ძირითადად პლეხანოვზე ვატარებდით. სამი კინოთეატრი იყო. ორშაბათობით ახალი კინო გამოდიოდა ხოლმე და აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავით. კინოში ერთხელ ვიღაცამ წამოიყვირა და შუქი აინთო, კინოს დირექტორი შემოვიდა, მოძებნეს ის, ვინც დაიყვირა და შუა კინოს მსვლელობის დროს გაიყვანეს. ხმამაღალი წამოძახილი კი არა, კინოს მიმდინარეობის დროს, ლაპარაკიც კი წარმოუდგენელი იყო. სტადიონზე კი, დიდი ჟრიამული და ყვირილი, სტვენა იყო ხოლმე, მაგრამ ეს ხომ სტადიონი იყო. ასეთ დახურულ სიტუაციებში, კი მხოლოდ მშვიდი გარემო უნდა ყოფილიყო.

– რა გამოარჩევდა ძველ თბილისს?

1953 წლის მაისის ბოლოს გავიხსენებ. მუშთაიდის ბაღში, 80 წლის დიმიტრი არაყიშვილი მოვიდა. თვითონ იდირიჟორა – „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ოპერის შესავალი. აგვისტოში კი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. იმის შემდეგ, ვამაყობდი, რადგან ჩემი საყვარელი კომპოზიტორია. სიამაყით ვივსები, რადგან მისი სცენაზე ბოლო გამოსვლა ნანახი მაქვს. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ მოიყვანეს, როგორ უკანკალებდა ხელები და როგორ აიყვანეს სცენაზე. ყველა იცნობდა და როცა ხალხმა მუშთაიდის ბაღში შემოსული დაინახა, თხოვეს და იდირიჟორა. დინამოს სტადიონთან საათი იყო და იქ ერთხელ გალაკტიონი დავინახეთ, ვიღაცას ელოდებოდა. ჩვენ ჩავიარეთ, მუშთაიდისკენ მივდიოდით. მე ასეთი ხალხი და ასეთი თბილისი მახსოვს.

– სკოლის პერიოდის გამორჩეული დღეები თქვენთვის როგორი იყო?

მე-10 კლასში ვიყავით, სკოლაში გალაკტიონის საღამო ტარდებოდა და დიდი ჟრიამულით ველოდებოდით მის მოსვლას. სკოლაში კი გავდიოდით მის ლექსებს, პროგრამაში იყო, მაგრამ საღამომდე 1 კვირით ადრე მაინც ვემზადებოდით. “მთაწმინდის მთვარე” მოვამზადე. 1954 წლის 24 ნოემბერი იყო, გალაკტიონს მაშინ თითქოს არაფერი გამოუახატავს. ამავე წლის 11 დეკემბერს მე და ჩემი კლასელი კინოთეატრში მივდიოდით და მარჯანიშვილის მოედანზე, დღევანდელი “მაკდონალდსის” პირდაპირ, საკონდიტრო იყო. თოვლნარევი წვიმა მოდიოდა, პალტო მეცვა, კისრამდე აწეული. მოპირდაპირე მხრიდან გალაკტიონი მოდიოდა და მომმართა: ახალგაზრდავ, თქვენ ხომ რამდენიმე ხნის წინ სკოლაში “მთაწმინდის მთვარე” წაიკითხეთ? შევლაპარაკდით. მკითხა, კიდევ რა იციო, მე კი ჩამოვუთვალე რაც ვიცოდი. მეტროს პირდაპირ, გადასასვლელი რომ არის, დაწესებულება იყო, რომელსაც “საპერაშკეს” ვეძახდით და იქ წავედით. იმის შემდეგ, 1957 წლის 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯარში წავიდოდი, გალაკტიონს 11-ჯერ ვარ შეხვედრილი. 1959 წლის 17 მარტს კი ჯარში ჩემი დის დეპეშა მომივიდა, გალაკტიონი გარდაიცვალაო. ჩემთვის გალაკტიონი ბუმბერაზიც არა, რაღაც ციური ადამიანი იყო.

– მომავალში, გალაკტიონ ტაბიძე გახდა თუ არა თქვენი მოტივაციის წყარო?

ჯარში წასვლას ჩემი და გალაკტიონის ურთიერთობა რომ არ გაეწყვიტა, შეიძლება ჩემი მომავალი მასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ჯარიდან დაბრუნებაზე რომ ვფიქრობდი, პირველი ის მახსენდებოდა, რომ გალაკტიონს ვნახავდი.

– რას იტყვით, დღევანდელ თბილისზე?

რაც შეეხება დღევანდელ თბილისს, ჩემი ასაკის გადასახედიდან მუდამ ყველაფერს პოზიტივით ვუყურებ. საქმე ახალგაზრდებთან მაქვს. ჩემი ყოფილი და ახლანდელი სტუდენტები, ყველა ჩემი მეგობარია. მთავარია ადამიანს ყველაფერი გიხაროდეს. ნუ დაინაღვლიანებ, ნუ გაიქეციანებ თავს. ოთარაანთ ქვრივი იტყოდა – “ნუ გაიქეციანებ თავს და ფხანა არ დაგჭირდებაო”, ამიტომ გიხაროდეთ ყოველი დღე. 84 წლის ვარ, მაგრამ გული ახალგაზრდა მაქვს. ამიტომ დღევანდელ თბილისზე გული მწყდება. იმ თბილისში, მე რომ გავიზარდე ახალგაზრდა კაცი, ბიჭი, ქალის თანხლებით არ შეიგინებოდა, უხეშ და მოხულიგნო სიტყვასაც ვერ იტყოდა. ერთხელ ბიჭები ბათუმის ქუჩის კუთხეში ვიდექით. ერთი ყვება მაგარ მჭახე ანეგდოტს, ვხარხარებთ და უცებ, 10 მეტრში მოდიან ჩვენი უმცროსი სკოლელის მშობლები, ყველა გავჩუმდით, კედლებს ავეკარით, წამოვწითლდით და ვდარდობდით, ნეტავ, თუ გაიგეს, რაზე ვხარხარებთ-თქო. აი, ეს იყო ის თბილისი. დღეს კი, მაპატიეთ, ტელევიზიიდან რომ იღვრება ეს მრავალსართულიანი გინება, ჩემთვის ეს მიუღებელია. მე სხვა სამყაროში ვარ. თითქოს აქ ჩამოგდებული ვარ, მაგრამ არ ვიმჩნევ. რა თქმა უნდა, ისევ ის მომდევს, რომ უნდა გიხაროდეს. მერე რა, რომ ადამიანები ასეთები გახდნენ. მე ხომ მიხარია, რომ ასეთი ვიყავი და ასეთი ცხოვრება ვნახე.


 

– როგორი იყო თქვენი ცხოვრება?

ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე. მამაჩემი რკინიგზის სამმართველოში მატარებლის მოძრაობის დისპეჩერი იყო. დღე და ღამე მუშაობდა. დედაჩემი ჩემს უმცროს დას ელოდებოდა. 1943-ის ზამთარია, იანვარი თუ თებერვალი, უფროსი და ჩემზე 5 წლით დიდი იყო, მე სადღაც 4 წლის ვარ, მაჭამეს შავი პური, არვიცი, მგონი ძალიან პატარა ყველის ნაჭერთან ერთად და დასაძინებლად დამაწვინეს. მაგრამ რატომღაც არ მეძინება. დედაჩემი და ჩემი უფროსი და მაგიდასთან დასხდნენ. დედაჩემმა ერთი ხახვის თავი და პატარა პური აიღო, ხახვი გასრისა, ნახევარი ჩემს დას მისცა და შეჭამეს. მაშინ დედაჩემმა თქვა, ნეტავ ის დრო თუ დადგება, რომ ეს ჩვენ საკმარისად გვქონდესო. ხახვზე და შავ პურზეა საუბარი. მერე, ომის შემდეგ, პურიც ბარათებით იყო. პურს რომ აიღებდი, ბარათს გიხევდნენ. ერთხელ ეს ბარათები დავკარგე, ამის გამო, დედაჩემი დეზერტირების ბაზართან გადიოდა და პური რომ გვქონოდა, თონის პურს ყიდულობდა ხოლმე. ერთი ორჯერ მამაჩემმა, რამდენიმე ნაჭერი შავი პური, თავისი სამმართველოს სასადილოდანაც მოიტანა. ეს რომ გავლილი გვაქვს, მითუმეტეს უნდა დავაფასო ის მდგომარეობა, რაც გავიარე. იმან არ გააფუჭა ხალხი. აი, იმ მდგომარეობამ ხალხი არ გააბოროტა.

– კიდევ რას გაიხსენებთ, რაც აწმყოს თბილისს არ აქვს?

მაშინ იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და იქ კარები არასდროს იკეტებოდა, არც ღამით. არავინ იქ არ შემოვიდოდა. ესეც თბილისის კანონზომიერება იყო. ასევე, თბილისის კანონზომიერება იყო ისიც, ეზოში რომ გავდიოდით, თუ რამე გვქონდა ჩვენც რომ მშივრები ვიყავით, სხვასაც ვუნაწილებდით. ეს იყო თბილისი. აი, ასეთი სიტუაცია იყო და მაშინ არ გაფუჭებულა ხალხი. დღეს სულ სხვა მდგომარეობაა. ამ გადასახედიდან ვერ წარმომიდგენია იმ დროს ჩამოყალიბებული ადამიანური ურთიერთობების დარღვევა. როგორ შეიძლება, იმ მძიმე წლებში ,,შედუღაბებული“ ადამიანური ურთიერთობების დარღვევა. ერთმანეთის წუხილის და სიხარულის გაზიარების დარღვევა. ყველას თავის თვისება და მეობა აქვს. უფლება არ გაქვს, ვინმეს გამოსწორება გინდოდეს და ძალა დაატანო, მაგრამ მე მკლავს სწორედ ის, თუ როგორ შეიძლებოდა ის თბილისი, ამ თბილისით ჩანაცვლებულიყო. ახლა თბილისს რომ გადახედავ, რა თქმა უნდა, თვალს უხარია. მაშინ სად იყო ასეთი. ქალაქი ჩაბნელებული იყო. საფეხმავლო ბილიკსა და ასფალტსაც იშვიათად შეხვდებოდი, ძირითადად, ქვაფენილი იყო.

– როგორია დღევანდელი თბილისი?

დღეს სულ სხვა თბილისია, მაგრამ მე ის “ჯურღმული” თბილისი კი არ მინდა, მე ის ხალხი მინდა. აი,ის ადამიანური ურთიერთობა მინდა. თორემ, თავისთავად, ყველა სახელმწიფო “ჯურღმულიდან” აღმოცენდა. კაცობრიობა, ყოველი წლის შემდეგ პროგრესირდება. ცივილიზაციისკენ მივდივართ, რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა. ახალგაზრდობას იმას ვერ მოვთხოვ, რაც მე ვარ. ახალგაზრდობა სულ სხვანაირია. ასეც უნდა იყოს. ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები: თქვენ, თქვენი ქვეყანა საკუთარი ცოდნითა და კულტურით უნდა წარადგინოთ, ამიტომ თქვენგან ანალიზს ვითხოვ. ყველა საკითხზე საკუთარი აზრი უნდა გქონდეთ. შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ რაკი თქვენია, მივიღებ. ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია ფეხი ავუწყოთ იმ ევროპასაც, იმ ცივილიზაციებსაც, რომლებიც ჩვენზე წინ წავიდნენ. რომლებსაც ის სოციალიზმი და ჩავარდნა არ ჰქონდათ, რაც ჩვენ გვქონდა. ბევრი რამ უკუღმართი ხდებოდა, რაც დღეს არ ხდება. დღეს ყველაფერი გამოაშკარავებულია, ვერაფერს დაფარავ. მაშინ იფარებოდა, ერთი-ორმა თუ იცოდა და ფულის სანაცვლოდ, იმათაც აჩუმებდნენ. აი, ასეთი ,,ჯურღმულის“ მომტანი კი არა ვარ, უბრალოდ იმ ჯურღმულში თუ იყო ადამიანობა, სიყვარული, ახლა რატომ არ არის, ხომ ყველაფერი გაქვს, ახლა ხომ არ გაქვს – გაჭყლეტილი ხახვი და შავი პურის ნატეხი.

– მოგონება ძველი თბილისიდან, რაზეც უსასრულოდ ისაუბრებდით?

მე თბილისზე ვერ გავჩერდები, შეგიძლიათ თქვენ გამაჩეროთ.

– თუ გაქვთ საყვარელი ადგილი თბილისში?

პლეხანოვი. მართალია, სადგურის მოედანზე ვცხოვრობდი და დიდუბეში ვსწავლობდი, მაგრამ ყოველ საღამოს ყველა პლეხანოვზე გამოვდიოდით. საქმეც რომ არ გვქონოდა, დინამოს სტადიონიდან პლეხანოვამდე წრე უნდა გაგვეკეთებინა და მერე მივდიოდით სახლებში. ეს იყო ჩვენი საღამოს რუტინა, თუ კინოში არ შევიდოდით.

– თბილისს თქვენთვის სხვა ქალაქებისგან რა გამოარჩევს?

თბილისი ერთდერთია და სხვაგან თბილისს ვერსად შეხვდები. თუნდაც ეზოში, მაწონაკიდებული ვირით. ბაბაიანი რომ დადიოდა, ,,ოტელოს“ კითხულობდა და ხის ხანჯალს გულში ირტყამდა. შეიძლება სხვა ქალაქებშიც ხდებოდა, მაგრამ ეს თბილისის იყო. ამიტომ ის თბილისი მიყვარს, რომელიც არ განმეორდება. მაგალითად, სახლში დაღლილი მიდიოდი და გაღებული ფანჯრიდან შოპენის ხმას გაიგებდი, ესეც თბილისისთვის იყო დამახასიათებელი. სხვა ქალაქებშიც მიცხოვია, მაგრამ მსგავსი არსად ყოფილა. რაც არ უნდა წარმოსახვაში აღვიდგინო, არა, ის სხვა იყო. აი, იმას, რაც მაშინ ხდებოდა, ახლა ვეღარ განვიცდი, მაგრამ თვალწინ მიდგას. თბილისი იყო ურთიერთობა.

– როგორ დაახასიათებდით ორი სიტყვით ძველ და ახალ თბილისს?

ძველი თბილისი – ნაცრისფერი ბავშვობა და სიყვარული,
დღევანდელი – გაკაშკაშებული ქალაქი და მოგონება.

 

ესაუბრა სალომე ხომასურიძე


“ოპოზიციამ მიაგნო ოქროს ძაფს, რომლითაც ახალგაზრდების მობილიზება შეძლო“ – ზაალ ანჯაფარიძე

თბილისური ეზოდან დაწყებული ერთი მსახიობის ისტორია – “თითოეული სპექტაკლი იმ წუთში იბადება და იქვე კვდება”

გადათეთრებული ნაძვები, მოსეირნე ირმები, ჩრდილოეთის ნათება: გიამბობთ ლაპლანდიურ მოგზაურობაზე

მოქანავე ლოდი, ქვაყუნტია, მიწაძიგძიგას ტბა, მოდინახე – იმერეთის ძეგლები და ლეგენდები ერთ წიგნში

თბილისის სახიფათო ზონები და მაღალსართულიანი შენობებით გადაღლილი დედაქალაქი

პოდკასტი