ხორბალი, როგორც “იარაღი” – რუსეთ-უკრაინის ომის გამო 47 მლნ ადამიანს შიმშილი ემუქრება
თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის შუამავლობით მიღწეული ხორბლის ექსპორტის შეთანხმება პუტინმა შეარჩენა. რუსეთის პრეზიდენტი უკან არ იხევს და უკრაინისგან გარანტიებს ითხოვს.
მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მსოფლიოში გლობალური სასურსათო კრიზისი შეიქმნა. რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. ომის შედეგად, უკრაინის სამი პორტი ოდესა, ჩერნომორსკი და იუჟნი ბლოკირებული იყო, ამიტომ 22 ივლისს სტამბოლში, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთთან და გაეროსთან მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება გააფორმეს.
რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება დატოვა, რის შედეგადაც მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზარდა. ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა 7.7%-ით 8.93 დოლარამდე მოიმატა, სიმინდი კი 3%-ით 7 $-მდე გაძვირდა. ამასთან მალაიზიაში გაიზარდა პალმის ზეთის ფასი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეთანხმების დატოვების მიზეზი, სევასტოპოლში რუს სამხედროებსა და სამოქალაქო გემებზე უკრაინის ტერორისტული თავდასხმაა. რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ერთ-ერთი თვითმფრინავმა შეტევა სწორედ იმ სამოქალაქო გემიდან განახორციელა, რომელიც ხორბლით იყო დატვირთული. უწყებაში ფიქრობენ, რომ უკრაინას დიდი ბრიტანეთიც ეხმარებოდა. საპასუხოდ დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ბრალდებები უარყვეს და მოსკოვი შანტაჟში დაადანაშაულეს.
ცნობისთვის, რუსეთი დიდი ხანია იმუქრება, რომ შეთანხმებას დატოვებს, ვინაიდან მან ხელშეკრულებიდან სარგებელი ვერ მიიღო. შეთანხმების მიხედვით, რუსეთის სასუქები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი დასავლური სანქციების უარყოფითი გავლენისგან დაცული უნდა ყოფილიყო.
გასულ კვირას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინას ევროპაში ექსპორტის შეზღუდვით დაემუქრა. პუტინი ფიქრობს, რომ განვითარებადი ქვეყნები მარცვლეულის სამართლიან წილს არ იღებენ. გაეროს განცხადებით კი, შავი ზღვის შეთანხმების ფარგლებში, მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტის დაახლოებით 30% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში განაწილდა.
მნიშვნელოვანია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინამ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი სამხედრო მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოს. ამასთან, ისინი ითხოვენ გარანტიებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის განკუთვნილ დერეფანსა და პორტებს რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებს. საინტერესოა, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ რუსეთი შეთანხმებას კვლავ დაუბრუნდება, თუ კი შესაბამის გარანტიებს მიიღებს?!
აღსანიშნავია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტება, რომლის თანახმად, ოფიციალური მოსკოვი შეთანხმებას სრულად არ ტოვებს.
რატომ არის ე.წ. სტამბულის შეთანხმება მნიშვნელოვანი მსოფლიოსთვის?
გაეროს მონაცემებით, უკრაინა მსოფლიოს ყოველწლიურად 45 მლნ ტონა მარცვლეულს აწვდის. უკრაინი ქერის, სიმინდის, ხორბლის, მზესუმზირის ზეთის გლობალურ ექსპორტიორთა ხუთეულში შედის. ევროკომისიის მიხედვით, ომამდე მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 90% უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან საზღვაო გზით იგზავნებოდა. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განცხადებით, ომის გამო შესაძლოა 47 მლნ ადამიანი სურსათის გარეშე დარჩეს.
მარცვლეულის შეთანხმებით კი, მსოფლიო ბაზრებს დაახლოებით 9.3 მლნ ტონა ხორბალი მიეწოდა.
საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის, აღმოსავლეთ აფრიკის საგანგებო სიტუაციების დირექტორ შაშვატ სარაფის განცხადებით, შეთანხმების დაშლა შიმშილის მზარდ გლობალურ კრიზისს გამოიწვევს.
“განახლებული ბლოკადა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აფრიკაში, სადაც 20 მლნ-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს ან ისეთ ადგილებში, როგორიცაა იემენი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ხორბალზეა დამოკიდებული”, – განაცხადა მან.
როგორც ეკონომისტი ლადო პაპავა აცხადებს, სანამ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყებოდა, რუსეთი და უკრაინა მსოფლიო ხორბლის 25%-ის ექსპორტიორები იყვნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც ომის შედეგად უკრაინის საზღვაო პუნქტები დაიბლოკა და ხორბლით დატვირთულმა გემებმა პორტებიდან გასვლა ვერ მოახერხეს, რუსეთმა ხორბალი, როგორც “იარაღი” ისე გამოიყენა.
“რა თქმა უნდა ხორბალი და პური ძირითადი საკვები პროდუქტია, განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის, რომელთა ხვედრითი წილი ძალიან მაღალია განვითარებად ქვეყნებში და ეს უარყოფითად აისახება მათ მდგომარეობაზე. მსოფლიოში შიმშილის პრობლემასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა ტერმინი “სურსათის ომი”, რომლის ინიციატორი რუსეთია. რუსეთის მიერ შეთანხმების დატოვების მიუხედავად, უკრაინა, თურქეთი და გაერო მარცვლეულის ექსპორტს მაინც განაგრძნობენ და 16 გემის გადაადგილებაზე შეთანხმდნენ. უკრაინული გემები თურქეთში იმყოფებიან“.
საინტერესოა თემაზე თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება. ერდოღანი, როგორც შეთანხმების გარანტორი აცხადებს, რომ თურქეთი რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, მარცვლეულის ექსპორტს გააგრძელებს.
“იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ყოყმანობს იმის გამო, რომ მან არ მიიღო სარგებელი, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ვემსახუროთ კაცობრიობას. ჩვენ სტამბულის შეთანხმებით, წვლილი შევიტანეთ გლობალური სასურსათო კრიზისის განმუხტვაში”, – აცხადებს ერდოღანი.
ამასთან, თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოსკოვსა და კიევში შეთანხმების აღდგენის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ერდოღანის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ თურქეთი და რუსეთი ერთი შეხედვით “მეგობრობენ”. თურქეთის პრეზიდენტი ხშირად სტუმრობს რუსეთის პრეზიდენტს. აღსანიშნავია, ამ მხრივ 5 აგვისტოს სოჭში გამართული შეხვედრა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდა. მათ ასევე იმსჯელეს სტამბულის შეთანხმებაზე და ხაზი გაუსვეს რუსული მარცვლეულის შეუფერხებელ ექსპორტს, რომელიც არ განხორციელდა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანს თურქეთის გავლით მეტი რუსული გაზის ექსპორტიც შესთავაზა, რასაც ერდოღანი დათანხმდა. მისი თქმით, თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი გახდება.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას თურქეთს, რომელიც ამავდროულად ნატოს წევრი სახელმწიფოა, საკმაოდ პრაგმატული პოლიტიკა აქვს. ერდოღანი ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს როგორც უკრაინასთან, ისე რუსეთთან. თურქეთი გმობს რუსეთის უკრაიანაში შეჭრას, თუმცა არ უერთდება და აკრიტიკებს დასავლურ სანქციებს. ამასთან, კიევს შეიარაღებული თვითმფრინავებით ამარაგებს. შედეგად, ერდოღანისთვის მთავარი თურქეთის ეროვნული ინტერესებია, ამიტომ მისი განცხადება მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების შესახებ, რუსეთის გასვლის მიუხედავად, გასაკვირი სულაც არ არის.
ეკონომისტი ლადო პაპავა ფიქრობს, რომ თურქეთის პრეზიდენტისა და გაეროს გენერალური მდივნის ერთობლივი ძალისხმევა უკრაინული ხორბლის ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გემმა უკრაინის პორტი დატოვა და ამან ხორბლის ფასის შემცირებაზე გავლენა იქონია რუსეთის შეთანხმებიდან მაინც გავიდა. ამის მიზეზი კი, ეკონომისტის აზრით, რუსულ ხომალდზე მომხდარი აფეთქებებია, რაშიც რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს.
“ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული რესურსი ისევ თურქეთის პრეზიდენტს აქვს, რომელიც რეგიონში სულ უფრო ძლიერი მოთამაშე ხდება და პუტინი თურქეთის პრეზიდენტს აშკარად ანგარიშს უწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ ერდოღანი რაღაც გამოსავალს მოძებნის“, – აცხადებს პაპავა.
როგორ გამოეხმაურნენ რუსეთის მიერ ხელოვნური შიმშილის შექმნის მცდელობას საერთაშორისო საზოგადოებაში?
უპირველესად, უნდა აღინიშნოს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც გაეროსა და დიდ ოცეულს რუსეთის დასანქცირებისთვის მიმართა.
“როდესაც რუსეთი რამდენიმე კონტინენტზე შიმშილის მიზეზია, როგორ შეიძლება ის დიდ ოცეულში იყოს?“, – ამბობს ზელენსკი.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, შეთანხმების აღდგენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“თუ კი საკვები და სასუქები ახლავე მიწოდებული არ იქნება გლობალურ ბაზრებზე, დარგვის სეზონის დაწყებისთანავე, მსოფლიოს ყველა რეგიონში 2023 და 2024 წელს სურსათის წარმოებასა და ფასებზე კრიზისი შეიქმნება”, – განაცხადა გუტიერეშმა.
ექსპერტი ლადო პაპავა სკეპტიკურად უყურებს გაეროს მოწოდებას, უარი თქვას ვლადიმერ პუტინმა ხელშეკრულებიდან გასვლაზე. მისი თქმით, გაერო დღეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ამიტომ მას რუსეთ-უკრაინის ომში ჩარევის ქმედითი ინსტრუმენტები არ გააჩნია.
ევროკავშირი ითხოვს რუსეთი დაუბრუნდეს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას, რადგან ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ძალიან საჭირო მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტს.
რუსეთს შეთანხმების დაუყონებლივი დაბრუნებისკენ მოუწოდა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმაც. „პუტინმა უნდა შეწყვიტოს საკვების იარაღად გამოყენება და დაასრულოს უკანონო ომი უკრაინაში“, – აცხადებენ ნატოში.
გერმანიის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ შიმშილის, როგორც იარაღის გამოყენება, ძალიან ამაზრზენია. მათი განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ტრანსპორტირება მარცვლეულის ექსპორტისთვის შენარჩუნდეს.
აშშ კი რუსეთს საკვების იარაღად ქცევაში ადანაშაულებს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების დატოვება ,,სრულიად აღმაშფოთებელია“. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება, ადამიანებს იძულებს ხდის იშიმშილონ.
“ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასზე”, – აცხადებს ბლინკენი.
საინტერესოა, რა გავლენა ექნება აღნიშნულ ფაქტს საქართველოზე, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოა?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი იცვლება, მთავრობის აქტიური მუშაობით პურის ფასი არ გაზრდილა და ეს ტენდენცია შენარჩუნდება. მისივე თქმით, თუ კი უკრაინიდან ხორბლის გატანა მსოფლიოში ვერ მოხერხდება, მთავრობა ჩაერევა და საქართველოში პურის ფასი არ გაიზრდება. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში 25000-ზე მეტი ტონა ხორბალია შემოსული.
ცნობისთვის, საქართველო რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო ბაჟის დაწესების გამო 1 წელია ფქვილის იმპორტზეა გადასული. საქართველოში ხორბლის იმპორტი ფქვილითაა ჩანაცვლებული. ამიტომ, მარცვლეულის შეთანხმების დაშლა, საქართველოზე პირდაპირ ზეგავლენას ვერ მოახდენს. თუმცა, ფქვილის დეფიციტის შემთხვევაში, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია. ამას ემატება, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემაც, ვინაიდან, მაგალითად, ნორმალურ პირობებში, ხორბლის შენახვა 2 წელიწადი შეიძლება, ფქვილის კი, მხოლოდ 2 თვე.
საბოლოოდ, რუსეთის გადაწყვეტილებამ გამოსულიყო შეთანხმებიდან, რომელიც უზრუნველყოფდა უკრაინიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მარცვლეულის ექსპორტს, საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. მსოფლიო მზარდი შიმშილის კრიზისის წინაშე დგას, ვინაიდან მარცვლეულის ექსპორტის შემცირება ადამიანებზე სურსათის ხელმისაწვდომობის შემცირებასა და მათ შიმშილს გულისხმობს.
ლადო პაპავას თქმით, შიმშილი გარდაუვალი გლობალური პრობლემაა, რომელიც უწინარეს ყოვლისა შეეხება განვითარებადი ქვეყნების დაბალშემოსავლიან ოჯახებს.
ინგა ფუტკარაძე