მექრთამეობიდან პრეზიდენტობამდე – ბრაზილიის პრეზიდენტი მემარცხენე ლულა გახდა
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა, 77 წლის ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა.
ლულა და სილვა პრეზიდენტის თანამდებობას ორი ვადით, 2003 და 2010 წლებში იკავებდა. მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ლულა ქრთამის აღების გამო ციხეში 580 დღე სასჯელს იხდიდა, თუმცა ქვეყნის უმაღლესმა სასამართლომ განაჩენი საპროცედურო გადაცდომების გამო გააუქმა.
2005 წლის ივნისში, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, გაირკვა, რომ მთავრობა დეპუტატებს ყოველთვიურ გადასახადს უხდიდა საჭირო საპარლამენტო უმრავლესობის უზრუნველსაყოფად. ამ სკანდალს “მენსალოს ბომბი” უწოდეს, რომლის შედეგად ბევრი ბრაზილიელი პოლიტიკოსი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.
ლულა გახვეული იყო სკანდალში “ოპერაცია ავტოსამრეცხაო” – მანქანის სამრეცხაოში ფულს ათეთრებდნენ, მას კი ბრალი კორუფციულ გარიგებაში ედებოდა. ამის მიუხედავად ლულამ მაინც მოახერხა ხმების 50.9%-ის მიღება და მოქმედი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.
ბოლსონარუმ ხმების 49.1 % მიიღო. მის დამარცხებას ბრაზილიაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მომიტინგეებმა მაგისტრალები და გზები გადაკეტეს, რამაც სულ მცირე 19 შტატში შეფერხებები გამოიწვია. ბრაზილიის პოლიციამ ისინი ცრემლსადენი გაზით დაშალა.
თავად მოქმედი პრეზიდენტი ბოლსონარუ კი დუმს და დამარცხებას საჯაროდ არ აღიარებს. ბოლსონარუმ ბრაზილიაში შეამცირა გადასახადები, გაზარდა სამხედროების მხარდაჭერა, შეარბილა იარაღის ფლობის შესახებ კანონები და გარემოსდაცვითი რეგულაციები. მისი რეიტინგი აგვისტოს ბოლოს მკვეთრად დასუსტდა და 38 %-ს შეადგენდა.
ბოლსონარუს მხარს უჭერდა ბრაზილიის ევანგელისტური საზოგადოება, ვინაიდან მოქმედმა პრეზიდენტმა რელიგიური თავისუფლების დაცვა თავისი პოლიტიკური პლატფორმის ცენტრად აქცია. იგი აბორტის, ე.წ. გენდერული იდეოლოგიისა და ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგი იყო.
მან ლულა “სოციალისტი დიქტატორების” მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომლებიც ქრისტიანებს დევნიან. მაგალითად, დანიელ ორტეგას მთავრობა ნიკარაგუაში.
დღესდღეობით ბრაზილიას პოსტკოვიდური ეკონომიკის მწვავე პრობლემები აქვს. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა, ფასები გაზრდილია საკვებსა და საწვავზე, შედეგად გასაკვირი არ არის, თუ რატომ დაუჭირეს ბრაზილიელებმა მხარი მემარცხენე ლულას.
საინტერესოა ინასიო ლულას პოლიტიკური ხედვები მსოფლიო პოლიტიკასთან მიმართებით. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ლულა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას როგორც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, ისე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აკისრებს.
ლულას აზრით, ჯო ბაიდენსა და ევროკავშირს შეეძლოთ განეცხადებინათ, რომ უკრაინა არ შეურთდებოდა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს, ამიტომ მისი თქმით, ომის დაწყებაში დამნაშავე ევროკავშირი და ბაიდენიცაა.
ცნობისთვის, ლულას გამარჯვებით ლათინო ამერიკას უკვე მემარცხენე პოლიტიკური სპექტრი მართავს. მემარცხენე ლიდერები არიან არგენტინაში, ბოლივიაში, პერუში, ჰონდურასსა და ჩილეში, რომელსაც მარქსისტი პრეზიდენტი ჰყავს.
ლულას არჩევნებში გამარჯვება მსოფლიოს ლიდერებმა მულოცეს.
“ვულოცავ ლუის ინასიო ლულა და სილვას ბრაზილიის მომავალ პრეზიდენტად არჩევას, თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ლულას მიულოცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც.
“კენჭისყრის შედეგები ადასტურებს თქვენს პოლიტიკურ ავტორიტეტს”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 31 ოქტომბერს ჩატარდა.
ინგა ფუტკარაძე