ჰელოუინი – ბოროტისა და კეთილის განურჩევლობა და მანკიერი ტრადიცია

ჰელოუინი დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს, ეზოები და საჯარო სივრცეები მორთულია ჩონჩხებით, მოჩვენებებით და საშინელი გარეგნობის ჯადოქრებით.

ამერიკელები ყოველწლიურად 9 მლრ. აშშ დოლარს ხარჯავენ იმისათვის, რომ ჰელოუინი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე კომერციულ დღესასწაულად აქციონ. გარდა ამისა, აშშ-ში ყოველწლიურად გაყიდული ტკბილეულის მეოთხედი სწორედ ამ სეზონზე იყიდება. ეს დღე, განსაკუთრებით ბავშვებში არის პოპულარული.

ფსიქოლოგების აზრით, მსგავსი წარმართული ხასიათის დღესასწაულის აღნიშვნა ნეგატიურ გავლენას ახდენს მოზარდებზე, რაც შემდგომ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოშლას უწყობს ხელს, რა დროსაც ხდება ბოროტისა და კეთილის განურჩევლობა.

ჰელოუინს ბოლო დროს საქართველოშიც აქტიურად აღნიშნავენ. კოსტიუმირებულ ახალგაზრდებს თვის ამ პერიოდში ქუჩებში ხშირად შეხვდებით. თუმცა, ქრისტიანული სამყარო ამ ე.წ. დღესასწაულის აღნიშვნას ემიჯნება და დამახინჯებული ტრადიციის აღნიშვნისგან მოქალაქეებს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„რეალურად, ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ამ დღის აღნიშვნას, ბავშვებიც ჩართულები არიან ამ პროცესებში. ჩვენ შეგვიძლია სიყვარულით, სითბოთი, ადეკვატური და მართებული ინფორმაციით ავუხსნათ მოქალაქეებს, თუ რატომ არ უნდა აღნიშნოს ქრისტიანმა ეს დღე, დარწმუნებული ვარ, ამას ნათლად დაინახავენ და გაიგებენ’’, – აღნიშნა მედია სააგენტო „24’’ – თან საუბრისას ხარების სახელობის ტაძრის მხვდელმსახურმა, გიორგი ბერაძემ.

მღვდელმსახური ჰელოუინს კელტურ ტრადიციასთან აკავშირებს, თუმცა არა იმ ფორმით, რა ფორმითაც დასავლეთში დღეს აღნიშნავენ.

„ჰელოუინის ფესვები სათავეს ჯერ კიდევ ქრისტიანობამდელ ეპოქაში იღებს. კელტი ტომები, რომლებიც დღევანდელი ირლანდიის, ინგლისისა და ჩრდილო საფრანგეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, შემოდგომაზე სხვადასხვა ღვთაებებს ევედრებოდნენ, რომ ნაყოფი და მოსავალი ბარაქიანი მოსულიყო. ეს ერთგვარ წარმართულ ტრადიციას ემსახურებოდა. თუმცა, იმ დამახინჯებულ შემთხვევასთან, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, არანაირი კავშირი აქვს. მოგვიანებით, ქრისტიანობის გავრცელების პერიოდში ეს ყოველივე ქრისტიანულ წესებს შეერწყა და კულტურის ტრადიცია „ყოველთა წმინდანთა ხსენების წინა დღემ’’ ჩაანაცვლა. მეოცე საუკუნემ კი სრულიად დაამახინჯა ეს ტრადიცია’’.

მოძღვარი გიორგი ბერაძე ჰელოუინს სატანისტურ მოვლენად არ მოიხსენიებს, თუმცა, მის ელემენტებში და დღევანდელ ვიზუალში გაჩენილ სატანისტურ კვალს, საგანგებოდ აღნიშნავს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ამბის ცენტრალიზებას, რომელშიც არანაირი ქართული შინაარსი არ დევს ქრისტიანული სულიერების მქონე ადამიანისთვის გაუგებარს უწოდებს.

„მეოცე საუკუნეში დასავლეთში კარგად მოახერხეს ჰელოუინის ბიზნეს ინტერესებზე მორგება და შეფუთვა. ძალიან მახინჯი ტრადიცია შექმნეს, სადაც გამოდიან ზომბები, სხვადასხვა გაურკვეველი არსებები, რომელსაც არავითარი ღირებულება არ გააჩნია და უფრო მეტიც ძალიან საშიშია სულიერი კუთხით ქრისტიანული სულიერების მქონე ადამიანისთვის“, – ამბობს მოძღვარი.

საქართველოში ჰელოუინი წელსაც ჩვეულებისამებრ აღინიშნა. 31 ოქტომბერს თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ფორმაში ჩაცმულ ადამიანს მრავლად ნახავდით. საზოგადოებაში კი, როგორც მრავალი სხვა თემის მიმართ, ამ შემთხვევაშიც, აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგს არ მოსწონს ქართულ სინამდვილეში ამ გაურკვეველი დღესასწაულის დანერგვის მცდელობა. ზოგი, კი თავისული არჩევანით აპელირებს და ამბობს, რომ მისი საქმეა, თუ რას აღნიშნავს.

გაიდგამს თუ არა ფესვებს ეს დასავლური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ მსგავსი დღესასწაულები სახიფათოა ბავშვის მოწყვლადი ფსიქიკისათვის. სასურველია, ამ მიმართულებით სახელმწიფომ შეასრულოს ფილტრის ფუნქცია და მომავალი თაობები დაიცვას მსგავსი საფრთხეებისგან. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მსგავსი „დღესასწაულები“ არ უნდა აღინიშნებოდეს,  სკოლები და ბაღების სააგენტო საქმის კურსში უნდა იყვნენ, თუ მათი აღსაზრდელები რით არიან დაკავებულნი.

ელენე ვადაჭკორია