პრობლემები დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში

სოციალურ ქსელში თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ კადრები გავრცელდა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მგზავრების გადაადგილება, ადამიანების დიდი რაოდენობის გამო შეზღუდული იყო. მეტროსადგურებში გავლა კი, თითქმის შეუძლებელი.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ხალხის ნაკადის გადანაწილების პრობლემის მოგვარება დაავალა. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა – 28 სექტემბერს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

შედეგად, მეტროსადგურების გვირაბებში ხალხის ნაკადის სამართავად, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები გაამწესეს.

რთულია იმაზე საუბარი, პრობლემა რამდენად მოგვარებადია ამ ხერხით, თუმცა, ცხადია, რომ საკითხი ჯერ ისევ მწვავეა.

თბილისის მთავრობის სხდომაზე, შექმნილი ვითარების შესახებ, თბილისის მერმა კვლავ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი დღის წინ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მისი განმარტებით, დღის განმავლობაში მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობამ მეტროსა და ავტობუსში, მილიონ 35 ათასი კაცი შეადგინა.

როგორც მერი აცხადებს, მეტროსადგურ ,,სადგურის მოედანზე“, ნაკადების მართვის მცდელობა წარმატებით მიმდინარეობს და მთელი კვირის განმავლობაში, გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა.

გადაადგილების პრობლემებია მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელთან, რომლის მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორია, როგორც ირკვევა, კერძო საკუთრებაა. ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი ბევრი სხვა ტერიტორიის მსგავსად. არსებული შესასვლელი, ხალხის დიდ ნაკადს ვერ უმკლავდება და საცობებიც ამის გამო იქმნება.

თბილისის მერის განცხადებით, პრობლემის აღმოსაფხვრელად უკვე მუშაობენ, მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის ტერიტორიას კი, რადგან სტრატეგიული მნიშვნელობისაა და კერძო საკუთრებას არ უნდა წარმოადგენდეს, მუნიციპალიტეტი დაიბრუნებს.

აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ თბილისში და არამარტო თბილისში, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბევრი ტერიტორიაა გასხვისებულია, თუმცა, მხოლოდ მწვავე პრობლემების შექმნის შემდეგ, ხდება მათი გახსენება და ზრუნვა სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე.
სალომე ხომასურიძე


10-წლამდე ასაკის A კატეგორიის ტაქსებისთვის თბილისის მერია პრივილეგიას ქმნის

ქუთაისსა და აბუ დაბის შორის აგვისტოდან რეგულარული რეისების სიხშირე გაიზრდება

23 მაისს თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები 17 მაისიდან დაიწყება

პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა

პოდკასტი