დღე-ღამეში 80-მდე შეტევა – რუსეთმა ხარკოვის და ლუგანსკის დაბომბვა განაახლა
უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში, აძლიერებს სარაკეტო თავდასხმებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების (MLRS) გამოყენებით. რუსეთი ყოველდღე დაახლოებით 80-მდე შეტევით ახორციელებს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ხარკოვისა და ლუგანსკის რეგიონების ახლახან გათავისუფლებული ნაწილები, საარტილერიო თავდასხმისა და ნაღმმტყორცნების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. ფრონტის ხაზი გააქტიურდა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ირგვლივ. სამხრეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაიბომბა.
უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვალერი ზალუჟნიმ ნატოს გენერალს, ალიანსის მოკავშირეთა უმაღლეს მეთაურს ევროპაში, კრისტოფერ კავოლის მიაწოდა ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთმა საომარი მოქმედებების ინტენსივობა ფრონტის ხაზის გარკვეულ რაიონებზე 3-ჯერ გააძლიერა.
მისი თქმით, 80 ასეთი თავდასხმა დაფიქსირდა ოთხშაბათს, ხოლო ხუთშაბათს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან (MLRS) 45-ჯერ გაისროლეს. თუმცა, ზალუჟნის განცხადებით, უკრაინული ჯარები ფრონტის ხაზის დაცვას აძლიერებენ. მაგალითად, ხუთშაბათს უკრაინულმა ძალებმა მტერზე იერიში 21-ჯერ მიიტანეს. გაანადგურეს რუსული ჯარების და ტექნიკის კონცენტრაციის 20-მდე უბანი.
“ჩვენი პარტნიორები აცნობიერებენ უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდების აუცილებლობას და ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ“,- განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ.
უკრაინის გენშტაბი მაროდიორობის ფაქტებზეც ავრცელებს ინფორმაციას. მათი თქმით, ხერსონის ოლქის გზებზე გაიზარდა ნაძარცვით დატვირთული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების რაოდენობა. მასშტაბურად იძარცვება ქალაქი ბერისლავა და მის ახლო არსებული დასახლებული პუნქტები, მათ შორის, ელექტროგამანაწილებელი საწარმოები. არის ჯგუფური ძარცვის ფაქტებიც.
წყარო: CNN
ინგა ფუტკარაძე